ჯემალ ჭკუასელი: "მოვკვდი კაცი, როცა ვნახე ”რაჭული” რომ ასე გაათახსირეს"
"ისე ვარ გულგახეთქილი, არ მგონია, გადავრჩე..."
"რითაც მსოფლიოს ვაკვირვებთ, რაც ყველაზე ძვირფასი გვაქვს, ის დავკარგეთ თვალსა და ხელს შუა"
"როცა ქართულს ცეკვავს ადამიანი და ჩეჩნურ და ამერიკული ფილმების მუსიკაზე ტლინკაობს, ასეთები ბევრს აიყოლიებენ..."
"მოვუწოდებ თქვენს კოლეგებს. გავერთიანდეთ, ერთად შევებძოლოთ ამ უმსგავსობას... მე მაგალითად, ბევრად მერჩივნა, მოვმკვდარიყავი და ამ დღეს არ მოვსწრებოდი. ეს რა მესმის და ამას რას ვხედავ, გადავდექი კაცი ჭკუიდან. გეფიცებით, ისე ვარ გულგახეთქილი, არ მგონია, გადავრჩე... - ამბობს ანსამბლ ”ერისიონის” სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი ანსამბლ ”ბანის” შესრულებულ ”რაჭულზე”, რომელმაც სოციალურ ქსელებში არნახული აჟიოტაჟი გამოიწვია...
- ძალიან აღელვებული ვარ და შეიძლება, ბევრი ისეთი რამე ვთქვა, რასაც არ უნდა ვამბობდე. ასეა, როცა მაიმუნობას მოუთმენ უფროსს, აუცილებლად მიბაძავს და ირყვნება უმცროსიც. როცა ქართულს ცეკვავს ადამიანი და ჩეჩნურ და ამერიკული ფილმების მუსიკაზე ტლინკაობს, რა თქმა უნდა, ასეთი ბევრს აიყოლიებენ...
- ვის გულისხმობთ?
- ძალიან კარგად ხვდებით, ვისაც ვგულისხმობ. მკითხველიც მაშინვე მიხვდება.რადგან ამ ანსამბლის კონცერტები მოსწონს ხალხს, ბილეთები იყიდება და დარბაზი ყოველთვის სავსეა, ესე იგი, მათი ყველაფერი მოგვწონს. დაღუპვაა ფოლკლორის, როდესაც ქართული ცეკვაა და სხვა ქვეყნის მელოდია. როცა ცნობილი ანსამბლები ასე იქცევიან, ისინი უნდა შევაჩეროთ ჯერ სასწრაფოდ. უკვე წახდა ბევრი რამ... რაც შეეხება ანსამბლ ”ბანს”, ეს უკვე წარმოუდგენელი უბედურებაა, იმდენად რომ კიდევ ვერ ვიჯერებ, თუ სიმართლეა. ეს რა მესმის და ამას რას ვხედავ, გადავდექი კაცი ჭკუიდან, გეფიცებით, ისე ვარ გულგახეთქილი, არ მგონია, გადავრჩე... კიდევ რა საშინელება უნდა ვნახოთ, ბოლოსდაბოლოს რომ გამოვფხიზლდეთ?! ახლა ჩემზე იტყვიან, თავისი კოლეგების შურსო, მე შემომიტრიალდებიან აქეთ, შენ რაღა გესმის თანამედროვეობისო. ვიმეორებ, მოვკვდი კაცი, როცა ვნახე ”რაჭული” რომ ასე გაათახსირეს. უბედნიერესი კაცი ვიქნებოდი, მკვდარი რომ ვიყო და ამას არ ვხედავდე. რითაც მსოფლიოს ვაკვირვებთ, რაც ყველაზე ძვირფასი გვაქვს, ის დავკარგეთ თვალსა და ხელს შუა. ვამბობდი 15 წელიწადში ქართული ცეკვა და სიმღერა აღარ გვექნება-მეთქი და მწარედ მოვტყუვდი. უკვე აღარ გვაქვს. ამოიღეთ ხალხო ხმა, გავგიჟდები საცაა!
- თვლით, რომ კულტურის სამინისტროს უნდა მოეხდინა რეაგირება?
- კულტურის სამინისტროს არათუ რეაგირება უნდა მოეხდინა, არამედ ფარ-ხმალით ხელში უნდა იდგეს! ვერავინ დამაჯერებს, მანანა ბერიკაშვილს ეს მოსწონებოდა. სასწრაფოდ უნდა აღკვეთონ გადაგვარება და დაიცვან ჩვენი კულტურული საუნჯე. შეიძლება, ჯერ არც უნახავთ, ან ფიქრობენ, ამის დრო არ არისო, მაგრამ რას ქვია, დრო არ არის?! სათავეში უნდა ჩაკლა ყველა ასეთი სისულელე, კიდევ რომ ვეღარავინ გაბედოს!
kvirispalitra.ge