Express News

რა სასჯელი ელის ლელა კილაძეს - სახელმწიფო აუდიტმა გამოძიებას სკანდალური დასკვნა გადაუგზავნა


"ვერსია" განაგრძობს იმ მასალების გამოქვეყნებას, რომლებიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მთავარ პროკურატურას გადასცა. ამჯერად გამოცემა თბილისის მერიის მიერ, საახალწლო დღესასწაულებთან დაკავშირებული ქალაქგაფორმების ღონისძიებებისთვის, 2006-2010 წლებში, თბილისის ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრების გამოყენების შესაბამისობის ანგარიშს სთავაზობს მკითხველს სტატიაში "რა პოსტი ეკავა თბილისის მერიაში და სასჯელი ელის ლელა კილაძეს". Ambebi.ge გთავაზობთ სტატიის არასრულ ვერსიას.
***
თბილისის კულტურული ღონისძიებების, განსაკუთრებით, საახალწლო კონცერტების მოწყობა, სადღესასწაულო დღეებში ქალაქის განათება და ყველა საახალწლო აქსესუარის უზრუნველყოფა გიგი უგულავას მეუღლის, ლელა კილაძის კომპეტენციაში შედიოდა - 2009 წლიდან ლელა კილაძე თბილისის მერიის ადმინისტრაციაში სწორედ კულტურულ ღონისძიებებს კურირებდა; მოგვიანებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაინაცვლა და კულტურული ღონისძიებების ორგანიზების საკითხებში, სააკაშვილის მრჩევლის პოსტი დაიკავა, 2006-2010 წლები კი ის პერიოდია, როცა თბილისში (ბათუმშიც) არც ისე მაღალი დონის საახალწლო კონცერტები იმართებოდა. ბევრს საუბრობდნენ და ახლა უკვე სახელმწიფო აუდიტის სკანდალური დასკვნითაც დასტურდება, რომ თბილისის მერიის მიერ, საახალწლო ღონისძიებებისთვის ტენდერები ფორმალურად ცხადდებოდა. აუდიტის დასკვნაში არაერთი შესყიდვის ფაქტია განხილული, როდესაც ტენდერში მხოლოდ ერთი კომპანია მონაწილეობს. ხშირია შემთხვევები, როცა ამა თუ იმ ტენდერში მონაწილე ორ კომპანიას ერთი და იგივე დამფუძნებელი ჰყავს. ამ ფონზე, საინტერესოა, დადგება თუ არა გიგი უგულავას მეუღლის პასუხისმგებლობის საკითხი და გამოძიების პროცესში, მოუწევს თუ არა ლელა კილაძეს დაკითხვებზე სიარული.

"ვერსია" დეტალურად განიხილავს დასკვნას, რომელიც ნათელს მოჰფენს, როგორ და რა პრინციპით იგეგმებოდა საახალწლო ღონისძიებები, რატომ ყიდულობდნენ კომპანიები უხარისხო გირლანდებს, რატომ იხდიდა თბილისის მერია სხვადასხვა ფასს დეკორატიულ ნაძვისხეებში და რა მიზეზით იმართებოდა თბილისში მდარე ხარისხის კონცერტები. 

დარღვევები საახალწლო ილუმინაციების შესყიდვაში

აუდიტით დადგინდა, რომ 2006-2010 წლების ქალაქგაფორმების წლიური ბიუჯეტის მიზნობრივ პროგრამებსა და ღონისძიებების დაგეგმვისას პრობლემებია. პარალელურად, დამტკიცებულ მაჩვენებლებში ხშირად შეჰქონდათ ცვლილებები და საბიუჯეტო ასიგნებების ხშირი შიდაკვარტალური გადანაწილება ხდებოდა. 2006-2010 წლებში, საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებული ილუმინაციებისა და სხვა აქსესუარების შესყიდვებში, ძირითადად, შუამავალი ფირმები (მომწოდებლები) მონაწილეობდნენ. ცალკეულ შემთხვევებში, გამოცხადებულ ტენდერებში, ერთმანეთთან დაკავშირებული იურიდიული და ფიზიკური პირები მონაწილეობდნენ. ამის გამო, არაკონკურენტული გარემოს ჩამოყალიბების, მიწოდებული საქონლისა და სამუშაოების ფასების მაღალ დონეზე ხელოვნურად შენარჩუნებისა და ფირმებს შორის წინასწარი გარიგებების შესაძლებლობებისთვის მომეტებული რისკი შეიქმნა.

2006-2010 წლებში, საახალწლო ილუმინაციების შესყიდვებზე გამოცხადებულ ტენდერებში სატენდერო დოკუმენტაცია, ჩვეულებრივ, 2-3 პრეტენდენტს შეჰქონდა, მაგრამ რეალურად, ტენდერში მხოლოდ ერთი პრეტენდენტი მონაწილეობდა. ამის გამო, ტენდერით შესაძენი საქონლისა და სამუშაოს სავარაუდო ღირებულება, რომელიც შემსყიდველის მიერ, წინასწარ იყო განსაზღვრული, პრაქტიკულად, არ მცირდებოდა. 2007 წლის შობა-ახალი წლისთვის, დედაქალაქის ქუჩებისა და მოედნების მოსართავად, ილუმინაციების შესყიდვაზე, 2006 წლის დეკემბერში ჩატარებულ ტენდერში მონაწილეობა "არტ ლაინ თრეველმა" მიიღო და გაიმარჯვა კიდეც. ამ კომპანიასთან 560 200 ლარის ხელშეკრულება გაფორმდა. პარალელურად, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ერთ პირთან მოლაპარაკების შედეგად, დამდეგ 2007 წელს, შპს "არტ ლაინ თრეველს" დამატებით 230 800 ლარის ღირებულების გასაბერი საახალწლო სათამაშოებისა და მოსართავი საშუალებების შესყიდვაც დაევალა. 2006 წლის 12 დეკემბრის ხელშეკრულებით, 227 900 ლარად, ამავე კომპანიისგან 25-მეტრიანი ნაძვისხე, 
თანმდევი მომსახურებით შეისყიდეს. ამ შესყიდვების მიხედვით, შპს "არტ ლაინ თრეველის" მიერ იმპორტირებული საქონლის მიწოდების შედეგად მიღებულმა მოგების მარჟამ 15%-ს გადააჭარბა.

2008 წლის შობა-ახალი წლისთვის, საახალწლო ილუმინაციების შესყიდვაზე, 2007 წლის 15 ოქტომბერს ჩატარებულ ტენდერში, ორი პრეტენდენტი – შპს "არტ ლაინ თრეველი" და შპს "ოქსინო" მონაწილეობდნენ. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, გამარჯვებულად შპს "ოქსინო" გამოცხადდა. 2007 წლის 1 ნოემბერს, ამ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა. შესყიდვის მიხედვით, იმპორტირებული საქონლის მიწოდების შედეგად, შპს "ოქსინოს" მოგების მარჟამ 18.3% შეადგინა. 2009 წლის შობა-ახალი წლისთვის, საახალწლო ილუმინაციების შესყიდვის მიზნით, 2008 წელს გამოცხადებულ ტენდერში, სატენდერო დოკუმენტაცია სამმა პრეტენდენტმა - შპს "ჩიბიმ", შპს "ოქსინომ" და შპს "არტ ლაინ თრეველმა" წარადგინეს, სატენდერო წინადადება კი მხოლოდ შპს "ჩიბიმ" შეიტანა. შესაბამისად, 2008 წლის 11 ნოემბერს, ტენდერში გამარჯვებულად შპს "ჩიბი" გამოცხადდა. "ჩიბიმ" ტენდერის სავარაუდო ფასთან შედარებით, 112 400 ლარით ნაკლები დააფიქსირა და იმავე წლის 27 ნოემბერს, ამ კომპანიასთან ხელშეკრულება გაფორმდა. შპს "ჩიბიმ" 1 214 100 ლარის ღირებულების საახალწლო ილუმინაციები საქართველოში, ამავე ტენდერში მონაწილე ერთ-ერთი პრეტენდენტისგან, შპს "არტ ლაინ თრეველისგან" შეიძინა. სინამდვილეში, შპს "ჩიბიმ" საახალწლო ილუმინაციები "არტ ლაინ თრეველისგან" 1 126 500 ლარად იყიდა, მაგრამ თბილისის მერიას 1 241 100 ლარად მიაწოდა. აუდიტით დადგინდა, რომ "ჩიბის" მიერ, მერიისთვის მიწოდებული 385 700 ლარის ღირებულების, 9 დასახელების, სხვადასხვა საახალწლო კონსტრუქციები თბილისში, ადგილობრივმა კომპანიებმა - შპს "პროცესორმა", შპს "მერწყული 7"-მა და "3 MG"-იმ დაამზადეს. ამ კომპანიებს "ჩიბიმ" 105 700 ლარი გადაუხადა! ამ შესყიდვების შედეგად "ჩიბის" მოგების მარჟა 16.6% იყო.

2010 წლის შობა-ახალი წლისთვის, საახალწლო ილუმინაციების შესყიდვის მიზნით, 2009 წლის 28 იავლისს გამოცხადებულ ტენდერში, სატენდერო დოკუმენტაცია ორმა კომპანიამ - შპს "რედომ" და შპს "ნებიმ" წარადგინა, სატენდერო წინადადება კი შპს "კრედომ". 2009 წლის 19 აგვისტოს, სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, ტენდერში გამარჯვებულად შპს "კრედო" გამოვლინდა, რომელმაც სავარაუდო ფასთან შედარებით, 800 ლარით ნაკლები ღირებულება დააფიქსირა. ამ შესყიდვის შედეგად, შპს "კრედოს" მოგების მარჟა 26% იყო.

2011 წლის შობა-ახალი წლისთვის, საახალწლო ილუმინაციების შესყიდვის მიზნით, 2010 წლის 13 ივლისს გამოცხადებულ ტენდერში, სატენდერო დოკუმენტაცია წარადგინეს შპს "საქართველოს საფინანსო კომპანიამ", შპს "თ.ფ."-მ, შპს "ბასიანმა" და შპს "სითი ლაითმა". ამ კომპანიებიდან სატენდერო წინადადება შპს "სითი ლაითმა" წარადგინა, რომელიც 2010 წლის 10 აგვისტოს, ტენდერში გამარჯვებულად გამოაცხადეს. აუდიტის შედეგად გაირკვა, რომ შპს "სითი ლაითი" 2010 წლის 23 ივლისს, ანუ ტენდერის გამოცხადებიდან, 10 დღის შემდეგ დაფუძნდა, რაც ნიშნავს, რომ 13 ივლისს, სატენდერო წინადადება წარადგინა კომპანიამ, რომელიც ჯერ კიდევ დაფუძნებული არ ყოფილა! შესყიდვის შედეგად, შპს "სითი ლაითის" მოგების მარჟა 21.4% იყო.

მაია მიშელაძე
გაზეთი "ვერსია" 

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT