“ქართული ოცნების” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მერაბ შათირიშვილმა კოალიცია დატოვა.
“ვტოვებ იმიტომ, რომ ვეწინააღმდეგებოდი და ვეწინააღმდეგები ანტიდისკრიმინაციულ კანონს. მთავრობა ან პარლამენტი, რომელიც ასეთ კანონს მიიღებს, არ მიმაჩნია მე ხალხის რჩეულად. ამ არჩევნებმა მე დამანახა სურათი, რომ ჩვენ მივიღეთ სიამის ტყუპები ნაციონალებისა და “ქართული ოცნების” სახით”, - განაცხადა მან.
მისივე თქმით, კოალიციას კიდევ უამრავი ადამიანის დატოვებს:
“საზოგადოებრივ პოლიტიკურ მოღვაწეობას ვაგრძელებ, ვაყალიბებ საზოგადოებრივ მოძრაობას: “ქართული სინამდვილე -ერისკაცთა სათათბირო”. მე ვიმედოვნებ, რომ ეს საზოგადოებრივი მოძრაობა შეიქმნება “ქართული ოცნების” ბაზაზე იმ ადამიანების მონაწილეობით, ვინც “ქართულმა ოცნებამ” გაანაწყენა, ვისაც მოექცა უმადურად, ათასობით აქტივისტია, ვინ პირველი არჩევნების შემდეგ არაფრად ჩააგდეს და გვერდზე გაწიეს, ხოლო მეორე არჩევნების შემდეგაც იგივე გაუკეთეს, უამრავი ადამიანია, კონკრეტულად დასახელებისაგან თავს შევიკავებ”.
შათირიშვილი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ფოთში ეკა ბესელიას საარჩევნო შტაბის წევრი იყო, ხოლო 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისას ხარაგაულში გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა. შათირიშვილის თქმით, ბოლოს ის კოალიციის ცენტრალურ შტაბში ანალიტიკურ სამსახურში მუშაობდა.
მერაბ შათირიშვილი ლუკა კურტანიძესთან და სოსო ჯაჭვლიანთან ერთად 2011 წლის ბოლოს ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას აპროტესტებდა და ამ მიზნით ზემოხსენებულ პირებთან ერთად გელათიდან სამებამდე ფეხით მსვლელობაშიც მონაწილეობდა. ქუთაისიდან თბილისამდე მანძილი 220 კილომეტრია. იმ დროისთვის საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში თოვდა.
ნეტგაზეთის კითხვას, ჰქონდა თუ არა საუბარი მას ანტიდისკრიმინაციულ კანონთან დაკავშირებით ამჟამად უკვე დეპუტატ სოსო ჯაჭვლიანთან, შათირიშვილმა უპასუხა, რომ კაჭვლიანი ამ კანონს შინაგანად მხარს არ უჭერს:
“მე არავის ადვოკატობას არ დავიწყებ, მაგრამ თუ ჩემგან სიმართლე გაინტერესებთ, მე გეტყვით სინმადვილეს: სოსო ჯაჭვლიანმა იქ მონიტორთან დააფიქსირა, რომ ხმა არ მისცა. ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა. სოსო ჯაჭვლიანს ანტიდისკრიმინაციული კანონისთვის ხმა არ მიუცია. როდესაც პარლამენტში პულტზე თითს აჭერ ღილაკს, 15 წამი გაქვს, რათა გადაწყვეტილება შეცვალო. 15 წამი გავიდა და დაფიქსირდა, რომ ჯაჭვლიანმა ხმა არ მისცა. სინამდვილეში მან ხმა არ მისცა, მაგრამ მერე თქვა რომ პულტმა გაჭედა და ხმას ვაძლევო. ეს უკვე მისი ასახსნელია. მას აქვს ახსნა. პრივიტაული საუბარი თუ გაინტერესებთ ჩვენი, მე შემიძლია გითხრათ, რომ მან ეს ახსნა ისე, რომ ეს გუნდის გამო გავაკეთეო, რათა წინასაარჩევნო პერიოდში ნაციონალების წისქვილზე არ დამესხა წყალიო. სოსო ჯაჭვლიანზე მე თავს ვერ დავდებ, ყველას თავისი მიდგომა აქვს ქვეყნის მიმართ, ყველას თავისი მიდგომა აქვს სიმართლესთან დაკავშირებით, მე ჩემი სიმართლით მოვდივარ და არასდროს გადამიხვევია ჩემი ხალხის ნებისგან”.
დამფუძნებლის მიერ კოალიციის დატოვებაში საგანგაშოს ვერ ხედავს “ქართული ოცნების” წარმომადგენელი გუგული მაღრაძე:
“კოალიციიდან დამფუძნებლის წასვლა არაფერს არ ნიშნავს. დამფუძნებელი არის 1100 კაცი. ბევრი უკმაყოფილოა, რადგან ბევრი რაღაცას ელოდებოდა და ყოველთვის არ გამოდის ასე”, - აცხადებს მაღრაძე.
netgazeti.ge