პაატა ზაქარეიშვილი - არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ დაიწყო ომი
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, - „ირაკლი ალასანია ამბობს, რომ ომი დაიწყო რუსეთმა, მაგრამ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, იმას თუ როგორ წამოეგო ომს საქართველო“.
ასე გამოეხმაურა პაატა ზაქარეიშვილი თავდაცვის მინისტრის განცხადებას, რომ თავდაცვის უწყებაში შექმნილმა 2008 წლის აგვისტოს ომის საგამოძიებო ჯგუფმა მუშაობა დაასრულა და რომ "არავისთვის სადავოს არ წარმოადგენს, რომ ომი რუსეთმა დაიწყო".
„ეს ანგარიში მე არ მინახავს. თუ არ ვცდები საიდუმლო დოკუმენტია და სხვა რეჟიმში მოხდება ამ დოკუმენტის გაცნობა. ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს ვინ დაიწყო ომი. ომი მოხდა და დაზარალდა საქართველო. თუ ვინ დაიწყო ომი, ეს არის სააკაშვილის კითხვა. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ დაიწყო ომი. სამწუხაროდ, ეს ომი შედგა. რამდენად პასუხს უნდა აგებდეს ხელისუფლება, რომელმაც ვერ აიცილა თავიდან ომი, ეს კითხვა ჩემთვის ყოველთვის აქტუალურია. რუსეთმა დაიწყო ომი, - ამბობს ალასანია. გასაგებია, მშვენიერია, რომ ასეთი დასკვნა არის, მაგრამ როგორ წამოეგო ომს საქართველო, ამას ათასჯერ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს ჩემთვის. ეს არ უნდა მომხდარიყო. ჩვენ დავზარალდით ყველაზე მეტად", - განაცხადა ზაქარეიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.