Express News

გიორგი მარგველაშვილის პირადი სკანდალები



ეს ყველაფერი პოლიტიკის თანამდევი რეალობაა. ბუნებრივია, ყველა ქვეყნის ლიდერის პირადი ცხოვრება საინტერესოა. მით უფრო ტაბლოიდების საუკუნეში.


თუმცა ევროპაც და ამერიკაც ამ ყველაფერს ყოველგვარი ტრაგედიის გარეშე იღებს. ცდის ჩატარებაც კი არ ღირს, youtube-ზე ატვირთულ პირადი შინაარსის ნებისმიერ ვიდეოს გაცილებით მეტი მნახველი ჰყავს, ვიდრე თუნდაც ყველაზე სკანდალურ პოლიტიკურ "სფიჩებს". ეს ცხოვრებაა. თუმცა, დასავლეთისგან განსხვავებით, ბევრად მტკივნეულად აღიქვამენ ტაბლოიდურ სტატიებს ჩვენსკენ. არ აქვს მნიშვნელობა ეს საქართველო იქნება თუ რომელიმე მეზობელი სახელმწიფო. საქართველოში პრეზიდენტის შეცვლის შემდეგ გიორგი მარგველაშვილის მიმართ ბუნებრივად გაჩნდა ინტერესი. მარგველაშვილმა ქართული ტრადიცია ერთადერთხელ დაარღვია და "პრაიმტაიმს" ექსკლუზიურად პირადი ინტერვიუ მისცა. ბუნებრივია, წინასაარჩევნოდ მეგობარ გოგონაზე საუბარი მომგებიანი სვლა იყო. მით უფრო მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი, მათ შორის თვით ბიძინა ივანიშვილიც კი, კონკრეტულ თარიღს ელოდა, როდესაც მარგველაშვილი მის რჩეულ მაკა ჩიჩუაზე დაქორწინდებოდა. თუმცა თარიღის გამჟღავნების სანაცვლოდ, როგორც ირკვევა, მარგველაშვილს აბსოლუტურად განსხვავებული გეგმები ამოძრავებს. როგორც ამბობენ, გიორგი მარგელაშვილის ახალი გატაცება პრეზიდენტის ადმინისტრაციის პიარ-სამსახურის თანამშრომელი, ქრისტინე გარუჩავაა. ალბათ, ინტერნეტსაიტი არ არის დარჩენილი სადაც აღნიშნული ინფორმაცია არ მოიპოვება. ფორუმი, primerinfo, "ალია.გე", ამბები.გე, "რეპორტიორი" - თითოეული მათგანი პრეზიდენტის ახალ გატაცებაზე წერს. ყველგან ერთნაირი შინაარსის ინფორმაციაა. როგორც ირკვევა, მარგველაშვილი ქრისტინე გარუჩავას ჯერ კიდევ "ჯიპადან" მოყოლებული იცნობს. ქრისტინე "ჯიპაში" რიგით თანამშრომლად მუშაობდა, თუმცა, როგორც ამბობენ, თავს არ ზოგავდა საკუთარი კარიერის შესაქმნელად. ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ქრისტინე სწორედ გიორგი მარგველაშვილის რეკომენდაციით მოხვდა "მე-9 არხზე". ხოლო მას შემდეგ, რაც გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტად აირჩიეს, გოგონა პიარში გადაიყვანა. სხვადასხვა ქართული საიტები წერენ, რომ პრეზიდენტი შეყვარებულია და შესაძლოა, მაკა ჩიჩუას იმედი, რომ ოფიციალურად გახდეს პირველი ლედი, იმედად დარჩეს. თუმცა თავად ჩაჩუა უკვე თვლის, რომ პირველი ლედია. მან ეს განცხადება გაზეთ „ალიასთან“ საუბარში, ჟურნალისტ მარი გულორდავას კითხვაზე გააკეთა.
მაკა ჩიჩუა:

- მე ვიცნობ ქრისტინეს, ერთად ვმუშაობდით, ძალიან კარგი გოგოა და კარგი ურთიერთობა გვაქვს. არ ვიცი, თქვენ რაზე მელაპარაკებით, ამაზე როგორ შეიძლება კომენტარი გავაკეთო.

- პრეზიდენტის და ქრისტინეს ურთიერთობაზე დაიწერა, არ გინახავთ?

- კი, რაღაცას შევავლე თვალი, მაგრამ ეს ჭორია.

- როგორ ფიქრობთ, საიდან გაჩნდა ეს ჭორი?

- არ ვიცი, ვინ რას იტყვის, ამას მე ნამდვილად ვერ გავაკონტროლებ.

- ამ საკითხზე პრეზიდენტთან არ გისაუბრიათ?

- არა, რაზე უნდა მესაუბრა. ასეთ საკითხებზე არ ვსაუბრობთ.

- ქალბატონო მაკა, მაინც არ გქონიათ რაღაცნაირი შეგრძნება, თუნდაც ეჭვიანობის?

- არა, რას ამბობთ! როგორ შეიძლება ჭორზე ვიეჭვიანო.

- თქვენი და ბატონი გიორგის ურთიერთობის დაკანონებას არ აპირებთ?

- ეს მხოლოდ ჩვენი გადასაწყვეტია, ყოველ შემთხვევაში ჯერ არ ვჩქარობთ.

- მესმის, მაგრამ ბატონი გიორგი ქვეყნის პრეზიდენტია და საზოგადოებას აინტერესებს, გვეყოლება თუ არა პირველი ლედი.

- ჩათვალეთ, რომ პირველი ლედი უკვე გყავთ.

- და ვინ არის ეს?

- მე!

გიორგი მარგველაშვილი მაკა ჩიჩუამდე

მაკა ჩიჩუამდე მარგველაშვილი ორ ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდა. მისი ერთადერთი ქალიშვილი ანი მარგველაშვილი ტასო ვირსალაძისგან ჰყავს. არსებული ინფორმაციით მარგველაშვილი მამა 23 წლის ასაკში გახდა, ხოლო არასრულწლოვანი ტასო ვირსალაძე - 15 წლის ასაკში უკვე დედა იყო. ბუნებრივია, ეს ურთიერთობა თავიდანვე განწირული იყო, რადგან ამ აკასში, როგორც წესი, ბავშვებმა არ იციან რა უნდათ ცხოვრებაში. როგორც ჩანს, მარგველაშვილს ზრდასრულ ასაკში არასრულწლოვნები იზიდავდა, რადგან ადვილი წარმოსადგენია თუ ტასო ვირსალაძემ 15 წლის ასაკში შვილი გააჩინა, რა ასაკიდან დაიწყო მათი სასიყვარულო ურთიერთობა. ტასომ, როგორც ამბობენ, ცხოვრების მეგზურად მალევე იპოვა გიორგის შემცვლელი. ეს გიორგის უახლოესი მეგობარი იყო... დამოუკიდებელი ცხოვრება განაგრძო 23 წლის გიორგიმაც. მცირე პაუზის შემდეგ მარგველაშვილმა მეორე ცოლი შეირთო - ხათუნა აბაშიძე. ეს ისტორიაც საკმაოდ სკანდალურია. აბაშიძის მეუღლე ცნობილი ფეხბურთელი, დათო ყიფიანი იყო. სწორედ ყიფიანის გარდაცვალების შემდეგ დაქორწინდა წყვილი, თანაც ძალიან მოკლე დროში.

მაკა ჩიჩუა გიორგი მარგველაშვილამდე

ჩიჩუას წარსული არანაკლებ სკანდალურია. სხვათა შორის, წინასაარჩევნოდ დაქირავებული პიარშიკების რჩევა იყო, რომ რაც შეიძლება იშვიათად გამოჩენილიყო მარგველაშვილი რჩეულთან ერთად. მით უფრო არ ურჩევდნენ მარგველაშვილს ურთიერთობების გაოფიციალურებას, რადგან ეს კიდევ დამატებით კითხვებს გააჩენდა და მომავალი პრეზიდენტი ვალდებული გახდებოდა პასუხებზე შეეწუხებინა თავი.
მაკა ჩიჩუას პირად ცხოვრებაში ერთადერთი ოფიციალური ქორწინება ფიქსირდება. მისი პირველი მეუღლე დიმიტრი დადიანი იყო. სწორედ მისი შვილია მარი, თუმცა ის რატომღაც დედის გვარს ატარებს. მიზეზი უცნობია.
სხვათა შორის, ცალკე ისტორიაა მაკა ჩიჩუას სიძის, მინდია გოგოჭურის პიროვნება. ის მარგველაშვილის გაპრეზიდენტებისთანავე დაადანაშაულეს მკვლელობაში. ინფორმაცია presa.ge-მ გამოაქვეყნა სახელწოდებით - „მარგველაშვილის კრიმინალური კლანი და სკანდალური ინფორმაცია, რომელსაც მალავენ“. 23 წლის ზურაბ ტარყაშვილის მშობლები სწორედ პრეზიდენტის სიძეს ადანაშაულებენ შვილის მკვლელობაში.
ასევე სკანდალში გაეხვა მაკა ჩაჩუას ნახევარძმა, მიშა მგალობლიშვილი. presa.ge-მ არაერთი ისტორია გამოაქვეყნა ჩიჩუას ნახევარძმაზე. გავრცელებული ინფორმაციით, მაკა ჩიჩუას ძმა, საკმაოდ მძიმე დანაშაულისთვის იყო გასამართლებული. იგივე presa.ge მგალობლიშვილის დანაშაულის შესახებ დეტალურად ყვება სტატიაში სათაურით - "მაკა ჩიჩუას ძმამ და მისმა მეგობარმა, ახალგაზრდა დანებით დაჩეხეს" - presa.ge-მ პრეზიდენტ მარგველაშვილის მეგობარი ქალის, მაკა ჩიჩუას ნახევარძმის, მიხეილ გრიგოლის ძე მგალობლიშვილის კრიმინალური წარსულის დამადასტურებელი უტყუარი დოკუმენტები - სასამართლოს განაჩენები მოიპოვა.

მაკა ჩიჩუას ძმა სამჯერაა გასამართლებული. მათ შორის დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის. ბოლო განაჩენის მიხედვით, მან და მისმა მეგობარმა, 2010 წლის 31 აგვისტოს, ახალგაზრდა მამაკაცი, მკვლელობის მიზნით, დანებით დაჩეხეს.

მანამდე კი, თბილისიის საქალაქო სასამართლოდან ოფიციალურად გამოთხოვილი 2010 წლის 27 თებერვლით გამოტანილი განაჩენის მიხედვით ირკვევა, რომ მიხეილ მგალობლიშვილი, დაბადებული 1979 წელს, ქალაქ თბილისში, ნარკოტიკების მოხმარებისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით გასამართლებული იყო ჯერ კიდევ 2008 წლის 25 მარტს (სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე და სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით).

სასამართლოს ოფიციალური განაჩენიდან ვიგებთ, რომ აღნიშნულ დანაშაულზე 2008 წელს მგალობლიშვილს სასჯელის სახედ და ზომად 4 წლით თავისუფალების აღკვეთა ჰქონდა განსაზღვრული.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ვკითხულობთ, რომ სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე დაკისრებული სასჯელიდან, მიხეილ მგალობლიშვილს 2 წლით პატიმრობა და 2 წლით პირობითი მსჯავრი მიუსაჯეს.

გარდა ამისა, ბრალდებულს დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმაც - 3 ათასი ლარის ოდენობით.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2008 წლის 21 ნოემბერს, მიხეილ მგალობლიშვილს ამნისტია შეეხო და ბრალდებულს საბოლოოდ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ცხრა თვით.

აღსანიშნავია, რომ მგალობლიშვილი სასჯელს ქსნის N 7-ე საერთო, მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში იხდიდა. მსჯავრდებულმა დაწესებულება 2009 წლის 29 ოქტომბერს დატოვა.

განაჩენის მიხედვით, ციხიდან გამოსულმა მგალობლიშვილმა, რომელიც იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის ქვეშ, მალევე ჩაიდინა ანალოგიური დანაშაული.

კერძოდ: 2009 წლის 12 დეკემბერს, პრეზიდენტ მარგველაშვილის მეგობარი ქალის ძმა დიღმის მასივში დააკავეს. ნარკოლოგიური შემოწმებისას მიხეილ მგალობლიშვილს დაუდგინდა ნარკოტიკული საშუალებების (ოპიუმის ჯგუფის, მეტანფეტამინის და ამფეტამინის) მოხმარების ფაქტი“. - წერს presa.ge.

სხვათა შორის, მაკა ჩიჩუას ირგვლივ ნარკოტიკების თემა არაერთხელ გაჟღერებულა. მათ შორის, როცა საუბარია ჩიჩუას ძმაზე, იქვე იძებნება ასეთი კომენტარებიც - დაწერეთ რამე მაკა ჩიჩუას ძმაზე, არ იცით. მე ვიცი, რო მორფინისტობდა. ახლა წარმოდგენა არ მაქვს რას აკეთებს. ხო, ციხეშიც მოხვდა. (presa.ge). თბილისის ფორუმზე არც თავად მაკა ჩიჩუა დაინდეს და დაწერეს: რა ყვითელკბილება პირველი ლედი გვეყოლება... მარიხუანამ გაუყვითლა ეტყობა.

როგორ იმუშავებს პრეზიდენტის პოლიტიკურ იმიჯზე მაკა ჩიჩუას და მისი ოჯახის წევრების კრიმინალურ-სკანდალური ბიოგრაფიები, ამის შესახებ "პრაიმტაიმი" არჩილ გამზარდიას დაუკავშირდა.

არჩილ გამზარდია:
- კამპანია, რომელიც ვიღაცის მიმართ არის დაგეგმილი, მაშინ არის შედეგიანი, თუ ის კარგად დაგეგმილი და მართულია. ზოგადად, როდესაც ისტორიებში მონაწილეობენ, ვთქვათ პრეზიდენტის ბიძაშვილი, ან დეიდაშვილი, ან რომელიმე ნათესავი და ისინი მხილებულნი არიან რაიმე უარყოფითში, ფოკუსი მაინც იმ ერთადერთ, კონკრეტულ ადამიანზე კეთდება. თუმცა ბუნებრივია, რომ ამ ყველა ნათესავზე ერთი ადამიანი ვერ იქნება პასუხისმგებელი და არც უნდა იყოს. ეს, სამწუხაროდ, მთელს მსოფლიოში ახერხებს ნეგატიური შედეგების უზრუნველყოფას. სწორედ ამიტომაც არის, რომ "მართვადი", დისკრედიტაციული კამპანიები "ეფექტურად" მოქმედებენ. ჩვენ აქ არ განვიხილავთ პირადად პრეზიდენტის, ან რომელიმე პოლიტიკოსის შეცდომა რა არის, აქ საუბარია იმაზე, რომ ნეგატივის ფოკუსირება მასზე ხდება მაშინაც კი, თუნდაც ეს მის მეზობელს ეხებოდეს. სხვათა შორის, მე ადრევე ვთქვი, რომ რადგან მარგველაშვილის პირადი სივრცე არ იყო მასობრივი მახასიათებელი, ანუ მას არ ჰყავდა მეუღლე, ორი შვილი, როგორც ხდება ხოლმე, მისი დისკრედიტაციის საშუალება ადრე თუ გვიან აუცილებლად გახდებოდა მისი პირადი ურთიერთობები. თუ გიორგი მარგველაშვილი რაიმენაირად შეცვლის საკუთარ პირად ცხოვრებას, არა მგონია, რომ ეს მის იმიჯზე დადებითად იმოქმედებს. მეფეებს, თავის დროზე, არ ჰქონდათ პირადი ცხოვრების უფლება. იმიტომ რომ, ისინი მეფეები იყვნენ და მათი ოჯახი, ზოგადად, პოლიტიკურ პროდუქტად ითვლებოდა. სახელმიწფო აღიარებს სახელმიწფოს მიერ დაკანონებულ ურთიერთობებს, ამიტომ მარგველაშვილის ინაუგურაციის დროს მისი მეუღლე სახელმწიფოს, კანონის მიერ ცნობილი არ იყო და ამიტომაც პროტოკოლიც კი დაირღვა, ეს რთული თემაა. მარგველაშვილმა ახლა რომ ოჯახი შექმნას, ეს არა მგონია, რომ გონივრული იყოს, თუ, რა თქმა უნდა, ეს არ იქნება პოლიტიკური აქტი. როდესაც ფაქტი მომხდარია და ფოკუსი კონკრეტულ სუბიექტზეა. ანუ ორივე მათგანი არის მართალი ამბავი, ბუნებრივია, გამოდის როგორც რეალისტური ინფორმაციის ფარგლებში და შესაბამისად, ასეთ პირებზე ძალიან ნეგატიურად მოქმედებს.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT