Express News

თამარ ჟვანიას თქმით, 2013 წელს 35 280 ლარი არა პრემიის, არამედ სახელფასო დანამატის სახით აიღო



ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამარ ჟვანიას განცხადებით, მან 2013 წელს 35 280 ლარი არა პრემიის, არამედ სახელფასო დანამატის სახით აიღო. დანამატები კი გაიცა ყველა თანამშრომელზე, განურჩევლად რანგისა.
ამის შესახებ მან გადაცემა „პანორამაში“ ჩართვისას განაცხადა. 
„ეს არ არის მხოლოდ ხელმძღვანელ პირებზე გაცემული ხელფასები ან სახელფასო დანამატი და ასევე აუცილებლად არის გასამიჯნი პრემია და დანამატი. ბევრი ადამიანი ამას ვერ ანსხვავებს. დანამატი ეს არის კანონით განსაზღვრული, როდესაც არსებობს საბიუჯეტო დანაზოგი და დანამატები შეიძლება გაიცეს საბიუჯეტო დანაზოგების ფარგლებში, რაც არანაირად არ წარმოადგენს პრემიას, რომელიც რაღაც განსაკუთრებული საქმის შესრულებისას გაიცემა. ეს ციფრები გასამიჯნია და ამის ჯამურად და ცალსახად მიწოდება, ძალიან რბილად რომ ვთქვა, ტყუილია. რაც შეეხება დანამატებს, შემიძლია გითხრათ, რომ ცსკ მუშაობს ძალიან გამჭვირვალედ, არც ერთ ინფორმაციას არ მალავს, მათ შორის ფინანსებს. მეორე ტურთან დაკავშირებით დანაზოგები საკმაოდ დიდი გვაქვს. 2 მილიონ ნახევარზე მეტი საბიუჯეტო დანაზოგი გააკეთა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, რაც წაადგება მეორე ტურის ჩატარებას და ბიუჯეტს დიდწილად არ დააწვება. ცალსახად მინდა ვთქვა, რომ ახლა არც ერთი პრემია არ არის გაცემული და საარჩევნო პერიოდში მხოლოდ დანამატებია გაცემული, ბიუჯეტის დაზოგვის ხარჯზე. რაც დასახელდა, ეს არ იყო პრემია, ეს იყო დანამატები და ამ თანხიდან პრემია შეადგენდა დაახლოებით 10 000 ლარს, (ზუსტად არ მახსოვს) და რომელიც ასევე შეიცავდა საშემოსავლო გადასახადებს, ალბათ, ესეც გასათვალისწინებელია. ეს დანამატები არ გაიცემა მხოლოდ ხელმძღვანელ პირებზე, თითოეული თანამშრომელი დაწყებული ხელმძღვანელიდან სპეციალისტის ჩათვლით, თუნდაც დაბალი რანგის სპეციალისტის ჩათვლით ერთნაირად იღებს დანამატს და აქ გამონაკლისები არ არსებობს“,- განაცხადა თამარ ჟვანიამ. 
შეგახსენებთ, რომ ინფორმაციას თავისუფლების განვითარების ინდტიტუტის (IDFI) ინფორმაციით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარე თამარ ჟვანიას 2013 წელს, პრემიის სახით 35 280 ლარი აქვს მიღებული. ჟვანიას სექტემბერში აღებული აქვს 10 080 ლარის ოდენობის პრემია, ოქტომბერში 15 120 ლარი, ხოლო ნოემბერში -10 080 ლარი. რაც შეეხება ცესკო-ს ყოფილ თავჯდომარე ზურაბ ხარატიშვილს, პრემიის სახით 2013 წელს მიღებული აქვს 25 800 ლარი. IDFI-ის 2013 წელს ცესკოს თავმჯდომარეს (ზურაბ ხარატიშვილი 8 თვე, თამარ ჟვანია 4 თვე), მის მოადგილეს და ცესკოს მდივანს პრემიისა და სახელფასო დანამატის სახით მიღებული აქვთ 265 272 ლარი. ცსკ-ის თავმჯდომარის მოადგილემ დავით კირთაძემ გასული წლის განმავლობაში პრემია რვაჯერ აიღო, მთლიანობაში 55 168 ლარის ოდენობით.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT