Express News

“ვეფხისტყაოსნის” მიხედვით მიუზიკლის გადაღება იგეგმება – ამბიციური პროექტის ავტორებმა საპილოტე კლიპი უკვე გადაიღეს (ვიდეო)

პირველად საქართველოში შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის “ვეფხისტყაოსნის” მიხედვით ფილმი-მიუზიკლის გადაღება იგეგმება. მიუზიკლში ქართული ქორეოგრაფიის ილეთები იქნება გამოყენებული. ეფექტური და შთამბეჭდავი იდეა მოცეკვავეებს თეიმურაზ ციხისელსა და კახაბერ ბუაძეს ეკუთვნით. რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძეა. პროექტის ორგანიზატორებმა უკვე დაამზადეს საპილოტე კლიპი: ქართველ მეომართა ცეკვა. ვიდეორგოლში როსტევან მეფის 12 მეომრის საბრძოლო ხერხების დემონსტრირებაა ასახული. რგოლს, რომელშიც სხვადასხვა ქორეოგრაფიული ანსამბლის მოცეკვავეები მონაწილეობენ, ინტერნეტსივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
468383_658253217533925_1257412437_oორგანიზატორებმა უკვე დადგეს სცენა, რომელიც როსტევან მეფის 12 მეომრისა და ტარიელის ბრძოლის სცენას ასახავს. უახლოეს მომავალში ბორჯომის ხეობაში კოსტიუმირებული გადაღება იგეგმება.  მიუზიკლში რეჟისორი მსოფლიო დონის მსახიობების ჩართვას აპირებს. სცენარის დეტალებზე რუსთველოლოგი ლევან რამიშვილი მუშაობს. შემოქმედებითი ჯგუფის წევრებმა “კვირას“ ექსკლუზიურად გაუმხილეს მიუზიკლის იდეის დაბადებისა და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებების დეტალები. თემო ციხისელი ბოლო წლების განმავლობაში თურქეთში ცხოვრობდა და ადგილობრივ, ნაციონალურ ანსამბლში 8 ქართველ მოცეკვავესთან ერთად მუშაობდა.  მსოფლიოში ცნობილ ამ ანსამბლს “ანატოლიის ცეცხლი ჰქვია”.  მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური შოუ-წარმოდგენების გამართვის კუთხით, ის გინესის რეკორდების წიგნში არაერთხელ არის შეტანილი. ანსამბლი ძირითადად ორი შოუთია ცნობილი – „ანატოლიის ცეცხლი“ და „ტროა“. თემო ციხისელი სწორედ  სასცენო შოუ – “ტროაში” მონაწილეობდა. წარმატებული კარიერის მიუხედავად, პროფესიონალმა მოცეკვავემ შარშან სამშობლოში დაბრუნება გადაწყვიტა და ანსამბლი საკუთარი სურვილით დატოვა. მიაჩნია, რომ უმჯობესია გამოცდილება  საქართველოს მოახმაროს. ციხისელს  “ვეფხისტყაოსნის“ გადაღების იდეა მეგობარ კახაბერ ბუაძესთან ერთად გაუჩნდა. ის პროფესიონალი მოცეკვავე და ქორეოგრაფია. ბუაძე  2002 წლიდან დღემდე „ერისიონის“ ბავშვთა სტუდიის სამხატვრო ხელმძღვანელია.
“კვირასთან” ინტერვიუში თეიმურაზ ციხისელი აცხადებს, რომ სასცენო შოუ “ტროა”ს თურქეთის გარდა სხვა ქვეყნებშიც ჩაჰქონდათ, რასაც მაყურებლის ზღვა ემოცია მოჰქონდა, შესაბამისად გაჩნდა “ვეფხისტყაოსნის” მიუზიკლის დადგმის იდეაც.  შემოქმედებითი ჯგუფის აზრით,  უკვდავი  ქართული პოემის გაცოცხლებას შესაძლოა გაცილებით დიდი წარმატება მოჰყვეს და ის მსოფლიოს გააცნონ.   

3“ტროაში“ მონაწილეობამ დამანახა, თუ რამხელა ემოციის გამოწვევა შეუძლია ნაწარმოების გაცოცხლებას. ამ შოუთი უამრავი ქვეყანა მოვიარე. აქედან მე და ჩემს მეგობარს, ასევე ქართული ცეკვების შემსრულებელს კახაბერ ბუაძეს გაგვიჩნდა იდეა გენიალური “ვეფხისტყაოსნი“ გაგვეცოცხლებინა. იდეას ბევრი ნიჭიერი ადამიანი შემოუერთდა. ერთ გუნდად შევიკარით, დავუკავშირდით რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძეს, რუსთველოლოგ ლევან რამიშვილს, ამ ეტაპზე უკვე შევქმენით საპილოტე ვერსია, რომელშიც პროფესიონალი მოცეკვავეები მხოლოდ და მხოლოდ ენთუზიაზმით მონაწილეობენ. გვინდა დავხვეწოთ დეტალები და საბოლოოდ, “ვეფხისტყაოსანი“ საერთაშორისო არენაზე მიუზიკლის სახით გავიტანოთ. საკმაოდ შრომატევადი და ამბიციური იდეაა, რომელიც დიდ სახსრებთან არის დაკავშირებული, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ გამოგვიჩნდება სპონსორი და პროექტს სისრულეში მოვიყვანთ. რეჟისორ ნიკოლოზ ხომასურიძის კინოხედვამ სცენარის შემდგომი განვითარება სულ სხვანაირად დაგვანახა. მან, როგორც გამოცდილმა რეჟისორმა და პროდიუსერმა უკეთ იცის, რა სურს მაყურებელს“, – განუცხადა “კვირას“ თეიმურაზ ციხისელმა.
Nikoloz_Khomasuridze_-_Producer__Directorთუ რა სურს მაყურებელს, ამაზე “კვირას“ თავად ნიკოლოზ ხომასურიძეც ესაუბრა, რომლის ცხოვრებისეული სლოგანია – “გაბედე ოცნება”. მისი თქმით, მიუზიკლი “ვეფხისტყაოსანში“ შემავალი საბრძოლო სცენებით შეიქმნა. მათ შორის იქნება 12 მებრძოლისა და უცხო მოყმის შერკინება. აღნიშნული სცენის გადაღება, სავარაუდოდ, აგვისტოში ბორჯომის ხეობაში იგეგმება, სცენა სამწუთიანი იქნება. დაგეგმილი სცენარის გადაღებას დაახლოებით 60 ათასი დოლარი სჭირდება. რეჟისორი იმედოვნებს, რომ აგვისტომდე სცენის გადასაღები სახსრების მოძიება შესაძლებელი იქნება.
„სცენა, რომელსაც ბორჯომის ხეობაში გადავიღებთ, საიმიჯო იქნება. შემდეგ ჩვენი იდეის პრეზენტაცია მოხდება, ამიტომ აუცილებელია, რომ კოსტიუმებითა და სპეცეფექტებით ის ძალიან ეფექტური გამოვიდეს. ამ ყველაფერს  თანხები სჭირდება. იმედს ვიტოვებთ, რომ იდეას სპონსორი გამოუჩნდება და დროში არ გაიწელება. ეს იქნება 12 მეომრის სისხლისმღვრელი ბრძოლა – შერკინება ტარიელთან, რომელიც ვიზუალურად მაღალ დონეზე მსოფლიო კინოს სტანდარტებით შესრულდება. უკვე დავამზადეთ საპილოტე ვერსია – ვიდეორგოლი, რასაც მოკლე დროში ძალიან დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს და იმას, თუ როგორ გვესახება მიუზიკლის შემდგომი სცენარები, ამაზე ვმუშაობთ, ვარიანტები მუშავდება. მიუზიკლის ის ეპიზოდები, სადაც საუბრის სცენები იქნება, ინგლისურ ენაზე წარიმართება. მიუზიკლში მსოფლიოში ცნობილი მსახიობების 72639_143173825843625_101585725_nმოწვევას ვგეგმავთ. ძალიან მაგარი იდეაა, ამის შესახებ ჩემი და თემოს საერთო მეგობრისგან შევიტყვე. აქამდეც მსურდა “ვეფხისტყაოსნის“ გაცოცხლება, მისი ეკრანიზაცია, თუმცა ეს უფრო შორეულ გეგმებში შედიოდა.  მათმა შემოთავაზებამ კი აღმაფრთოვანა და გვერდში დავუდექი. ამ მიუზიკლით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გენიალური “ვეფხისტყაოსნის“ პოპულარიზაციას შევძლებთ და  ვფიქრობ, ეს საქართველოს, ქართველი მეომრების მებრძოლს სულს საფუძვლიანად წარმოაჩენს“,- განუცხადა “კვირას“ ნიკოლოზ ხომასურიძემ.
იდეის კიდევ ერთი ავტორი კახაბერ ბუაძე, ნიკოლოზ ხომასურიძის მსგავსად, დარწმუნებულია, რომ პროექტი უპრეცედენტოდ მასშტაბური იქნება და მიუზიკლი ქართული და საერთაშორისო საზოგადოების დიდ მოწონებას დაიმსახურებს.
28011_10151244801104198_1153107473_nროგორც უკვე აღვნიშნეთ, რუსთველოლოგი, ნაშრომის – “დაფარული ვეფხისტყაოსნის“ ავტორი ლევან რამიშვილი ერთ-ერთია, ვინც მიუზიკლის განვითარების მიმართულებებზე მუშაობს.
“ვეფხისტყაოსანი“ ამოუწურავია, პოემის ყოველი წაკითხვისას სიახლეს პოულობ,  ნამდვილი შედევრია და ის აუცილებლად უნდა ნახოს მსოფლიომ! გასაკვირია, რომ ისეთმა პატარა ქვეყანამ, როგორიც საქართველოა, აქამდე ვერ მოახერხა ამ უკვდავი პოემის ეკრანიზაცია და საერთაშორისო მასშტაბით გატანა. მუშაობისას გზადაგზა უამრავ სიახლეს ვპოულობთ, რაღაცეები ექსპრომტადაც ხდება…დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ ძალიან რეზონანსული პროექტი გამოვა“, – აღნიშნა ლევან რამიშვილმა.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT