პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კოალიცია "ევრაზიული არჩევანის" მომხრეები და მათი მოწინააღმდეგეები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
შეკრებილმა ახალგაზრდებმა, რომლებიც "ევრაზიული არჩევანის" აქციას აპროტესტებენ, რუსეთის მომხრეებს კვერცხები დაუშინეს. აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია. პატრულის თანამშრომლები აქციების მონაწილეებს ერთმანეთთან მიახლოების საშუალებას არ აძლევდნენ.
შეგახსნებთ, რომ "ევრაზიული არჩევანი - საქართველოს" აქცია რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის მოთხოვნით გაიმართა. ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერის, არჩილ ჭყოიძის განცხადებით, ორ ქვეყანას შორის არსებული ყველა პრობლემა მხოლოდ მოლაპარაკებების გზით გადაიჭრება.. "რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის პროცესი გახდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობის მიღწევისა და საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობის ხელშემწყობი ფაქტორი" - აღნიშნავს ჭყოიძე.