Express News

სკანდალი გრძელდება-„დემოკრატიული ინსტიტუტი“ მედეა ვასაძის კომისიის გაუქმებას ითხოვს



„დემოკრატიული ინსტიტუტი“ აჭარის უმაღლესი საბჭოს „ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის“ გაუქმებას ითხოვს, რომლის თავმჯდომარეც მედეა ვასაძეა. შესაბამისი ინიციატივით ორგანიზაციამ უმაღლეს საბჭოს 17 ივნისს მას შემდეგ მიმართა, მედეა ვასაძისა და „ტელეარხი 25“-ს ჟურნალისტის, ჯაბა ანანაიძის სატელეფონო საუბარი გავრცელდა. დეპუტატმა ჟურნალისტს უთხრა, რომ „მის წინააღმდეგ იწყებდა მუშაობას“ და მის სექსუალურ ორიენტაციაზე მიანიშნებდა.
„დემოკრატიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელის, გენო გელაძის აზრით, კომისია ვერ ასრულებს თავის ფუნქციებს - არ მუშაობს საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესებაზე, არ აკონტროლებს კანონის აღსრულებასა და არ ეხმარება მოქალაქეებს სამართლებრივად. 
„არც ჩვენ და არც სხვა არასამათავრობო ორგანიზაციები ამ დრომდე არ დავინტერესბულვართ ამ კომისის მუშაობით. უმაღლეს საბჭოში არასდროს ყოფილა ეს კომისია აქტიური, ვიღაცას რომ შეემჩნია მათი მუშაობა დადებითი, ან უარყოფითი კუთხით. როგორც კი მისი საქმიანობა გამოვლინდა საჯაროდ, დავინტერესდით და დავიწყეთ რეაგირება“, - განუცხადა გენო გელაძემ Media.Ge-ს.
კომისიის თავმჯდომარე, მედეა ვასაძე, რომელიც უმაღლეს საბჭოში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატია, მიიჩნევს, რომ გენო გელაძე „მხარეა“, რადგან მან საზოგადოებრივი მაუწყებლის მეურვის პოსტზე გენო გელაძის კანდიდატად დასახელებას მხარი არ დაუჭირა. ვასაძე ფიქრობს, რომ "დემოკრატიულმა ინსტიტუტმა" კომისიის გაუქმების შესახებ განცხადება ამიტომ გაავრცელა.  
როგორც ვასაძე ამბობს, ის 2013 წლის ივნისსში კომისიის შექმნის წინააღმდეგი იყო, რადგან მიიჩნევდა, რომ ახალი სტრუქტურის შექმნა უმაღლესი საბჭოსთვის დამატებითი ხარჯი იქნებოდა, რადგან უკვე არსებობდა საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო კომისია, რომელიც იგივე ფუნქციას ასრულებს, რასაც ადამიანის უფლებათა დაცვის კომისია. თუმცა, მედია ვასაძე Media.Ge-სთან საუბრისას ამბობს, რომ კომისია მისი არსებობის განმავლობაში უფუნქციო არ ყოფილა. ამის დასტურად მას კომისიაში შესული მოქალაქეთა განცხადებები მოჰყავს. დეპუტატი ამბობს, რომ კომისიის მუშაობის დაწყებიდან, 2013 წლის დეკემბრიდან - დღემდე 86 განცხადება შევიდა, საიდანაც დაახლოებით 50 განმცხადებელს დახმარება აღმოუჩინეს.
როგორც ჩანს, კომისიის გაუქმებას არც უმცირესობა და არც უმრავლესობა აპირებს. აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, ფრაქცია „ქართული ოცნება - აჭარიდან“, გია მასალკინი ამბობს, რომ კომისია თავის საქმიანობას ასრულებს და მოქალაქეებს საკუთარი უფლებების დაცვაში ეხმარება.
„ჩვენ, უმრავლესობა ამ კომისიის გაუქმების საკითხს არ დავაყენებთ, თუ უმცირესობა დააყენებს, ბუნებრივია ამ საკითხზე იქნება მსჯელობა. სანამ ამ კომისიის ანგარიშს არ განვიხილავთ, მე თავს შევიკავებ მისი გაუქმებაზე საუბრისგან“, - განუცხადა მასალკინმა Media.Ge-ს.
კომისიის გაუქმების წინააღმდეგია აჭარის უმაღლესი საბჭოში, უმცირესობის დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციიდან პეტრე ზამბახიძეც. მისი თქმით, კომისიის შექმნას უმცირესობამ ერთხმად დაუჭირა მხარი, რადგან მიაჩნდა, რომა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ადამაინის უფლებების დარღვევის კუთხით პრობლემები შეიქმნა. 
„აუცილებელია ერთი დამატებითი ბერკეტის შექმნა რეგიონში მოქალაქისთვის ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, რადგან პარლამენტის შესაბამის კომიტეტამდე ხშირად ვერ აღწევს ადამიანი“, - განუცხადა Media.Ge-ს პეტრე ზამბახიძემ, რომელიც „ადამაინის უფლებების დაცვის კომისიის“ წევრიცაა.
ვასაძე, რომელიც კომისიის თავმჯდომარეა არასამთავრობო ორგანიზაცებისა და ჟურნალისტების ნაწილმა ჯაბა ანანიძესთან განხორიცელებული სატელეფონო საუბრის შემდეგ ზეწოლასა და ადამიანის უფლებების დარღვევაში დაადანაშაულეს. მათ ვასაძის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვეს. 

media.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT