Express News

დავით უსუფაშვილი - მოსახლეობა ხელისუფლებას მიანიშნებს, რომ მუდმივი არაფერია


საქართველოს მოსახლეობა უპირობოდ ენდობა "ქართულ ოცნებას", მაგრამ ამავდროულად მიანიშნებს მას, რომ საჭიროა მეტი და უკეთესი მუშაობა, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა "ტელეიმედის" ეთერში, არჩევნების შედეგების შეფასებისას განაცხადა. 
მისი თქმით, მოსახლეობა უკეთეს ალტერნატივას ვერ ხედავს, ვისაც გადააბარებდა ხელისუფლებას, მაგრამ მიანიშნებს იმაზე, რომ არავინ და არაფერი არ არის მუდმივი ამ ქვეყანაში და საჭიროა მეტი მუშაობა. 
"ამ არჩევნებმა არავითარ შემთხვევაში არ მოგვცა რაიმე სახის ეიფორიის საშუალება. ყველგან რომ გაგვემარჯვა და მიგვეღო 70-80 პროცენტი, ეს უარყოფითად იმოქმედებდა ჩვენს საქმიანობაზე. დღეს ჩვენ დავინახეთ, რომ მოსახლეობა ფხიზლად გვადევნებს თვალს", - აღნიშნა უსუფაშვილმა. 
ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე მეტ აქტივობას ელოდა. "მეტ აქტივობას ველოდი. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მთელს მსოფლიოში, ყველა ეპოქაში გამოირჩევა იმით, რომ აქტივობა დაბალია. ასეთია საქართველოს საარჩევნო ისტორიაც, ამიტომ ერთის მხრივ, შედარებით დაბალი აქტივობა ამით არის განპირობებული. ვთვლიდი, რომ აქტივობა იქნებოდა ბოლო საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს შორის. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩევლების 66% მოვიდა, გასულ საპრეზიდენტო არჩევნებზე 46% ახლა კი, სადღაც 44%-მდეა. მე კი, ველოდი 47-48% აქტივობას. ერთ რამეს მინდა ხაზი გავუსვა, ამომრჩეველს უნდა ჰქონდეს არჩევნებზე მოსვლის თავისუფალი ნება და მოსვლის შემთხვევაში თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლება", - განაცხადა უსუფაშვილმა. მისი თქმით, მეორე ტურში საკმაოდ სერიოზულ აქტიურობა იქნება, რადგან უკვე კონკრეტული საკითხებია გადასაწყვეტი.
უსუფაშვილი ოპონენტების განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, "ქართული ოცნება" ამომრჩეველს კარგავს. "ხალხისგან, რომელიც ამომრჩეველს მართლაც კარგავს და დაკარგა, მათი მხრიდან ამ თემაზე საუბარი საზოგადოებამ თავად განსაჯოს, როგორია", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ საერთო ჯამში არჩევნებით და საარჩევნო პროცესით კმაყოფილია. 

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT