41 შემწვარი წიწილა, 41 ღორის მწვადი, გოჭის ხორცი, ცხვრის ჩაქაფული, ხბოს ხორცის ჩაშუშული, ალაზნის ლოქო - რა დაჯდა პრემიერის სიმამრის დახვედრა ახმეტაში
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობამ პრემიერ – მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრის თამაზ თამაზაშვილის, კახეთის გუბერნატორის ირაკლი შიოლაშვილის და ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატის ზურაბ ზვიადაურის მასპინძლობისათვის, 2014 წლის 4 აპრილს, რესტორანში 2350 ლარი დახარჯა. თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. გენერალი თამაზაშვილი ახმეტაში გამართულ ქართულ ჭიდაობაში საქართველოს პირველობას, ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის საპატიო პრეზიდენტის სტატუსით დაესწრო. „გამგებლის ბრძანებით დაგვევალა თანხის გადარიცხვა ინდმეწარმე „ომარ ნონიაშვილისთვის“ 2350 ლარის ოდენობით და გადავრიცხეთ. „ომარ ნონიაშვილისგან“ მხოლოდ ზედნადები გვაქვს მიღებული, სადაც მითითებულია, რომ თანხა სარესტორნე მომსახურებისთვის უნდა ჩაგვერიცხა“, – აცხადებს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო – ეკონომიკური სამსახურის უფროსი არსენ ბუღრიძემ. ინდმეწარმე ომარ ნონიაშვილი კი განმარტავს რომ 4 აპრილს გამგეობიდან შემდეგი შეკვეთა მიიღო: 41 შემწვარი წიწილა; 41 ღორის მწვადი, გოჭის ხორცი, ცხვრის ჩაქაფული, ხბოს ხორცის ჩაშუშული, ალაზნის ლოქო, სალათები, პური, ღვინო და ა.შ.