Express News

ვისი წილი ვის კომპანიაშია? PSP-სა და ,,ავერსის'' კარტელური გარიგებისა და მონოპოლიური შეთანხმების სქემა



საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის დაახლოებით, 24%-ს შპს ,,ავერსი'', ხოლო 23%-ს შპს PSP ფლობს. ქვეყნის ტერიტორიის მასშტაბით ,,ავერსის'' საკუთრებაში 240-მდე, ხოლო PSP-ს საკუთრებაში 170 აფთიაქია. ,,ავერსი'' და PSP ბაზარზე კონკურენტები არიან, მაგრამ დადასტურებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ორივე კომპანია პარტნიორია. შპს ,,მედკაპიტალის'' 50%-იან წილს ,,ავერსი ფარმა'', ხოლო მეორე 50%-იან წილს _ ,,პსპ ფარმა'' ფლობს. ,,პსპ ფარმას'' დამფუძნებელია პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი, ,,ავერსი ფარმა'' კი ძმების _ პაატა და ნიკოლოზ კურტანიძეების საკუთრებაა. ფარმაცევტულ ბაზარზე შპს ,,მედკაპიტალის'' არსებობა ორი კონკურენტი კომპანიის კარტელური შეთანხმების კლასიკური ვარიანტია, რაც ,,თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის'' კანონის დარღვევად უნდა ჩაითვალოს. მონოპოლიური შეთანხმების კლასიკურ სქემას ,,ვერსიას'' საქართველოს ეკონომიკურ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, პროფესორი სოლომონ პავლიაშვილი უშიფრავს.      
შპს ,,მედკაპიტალის'' 50% ,,პსპ ფარმას'', ხოლო 50% ,,ავერსი ფარმას'' საკუთრებაა. ,,პსპ ფარმას'' 100%-იანი წილის მფლობელია კახა ოქრიაშვილი, ხოლო ,,ავერსი ფარმას'' 67%-ს პაატა კურტანიძე, 33%-ს ნიკოლოზ კურტანიძე ფლობენ. საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე PSP და ,,ავერსი'' კონკურენტი კომპანიებია, არადა აშკარაა, რომ კონკურენტებმა ერთობლივი კომპანია დააფუძნეს. სოლომონ პავლიაშვილი ,,ვერსიასთან'' საუბრისას აცხადებს, რომ ბაზარზე შპს ,,მედკაპიტალის'' არსებობა, ანტიმონოპოლიურ კანონმდებლობას, ერთდროულად, რამდენიმე პუნქტით არღვევს: ,,კარტელური შეთანხმების გარდა, შპს ,,მედკაპიტალი'' ეკონომიკური აგენტების კონცენტრაციაა. ,,თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ'' კანონის თანახმად, ეკონომიკური აგენტების კონცენტრაცია ბაზარზე მონოპოლიური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას ნიშნავს. ამავე კანონში პირდაპირ განსაზღვრულია, რომ ეკონომიკური აგენტების კონცენტრაციად ითვლება ერთი და იმავე პირის მონაწილეობა სხვადასხვა ეკონომიკურ სუბიექტში. ეს ნიშნავს, რომ ფიზიკური პირი ორი სხვადასხვა კომპანიის მართვაში არ უნდა მონაწილეობდეს. ,,ავერსი'' და PSP ისედაც ბაზრის მსხვილ სეგმენტს ფლობენ, მსხვილი იმპორტიორები არიან, დისტრიბუციასაც თავადვე ახორციელებენ, ფლობენ სადაზღვევო კომპანიებს, საავადმყოფოებსა და ფარმაცევტულ ქარხნებს, რაც ვერტიკალური მონოპოლიაა. იმის გამო, რომ ორმა კონკურენტმა კომპანიამ ერთობლივი შპს დააფუძნა, ეს უკვე ჰორიზონტალური მონოპოლიაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვერტიკალური იქნება, თუ ჰორიზონტალური, ორივე შემთხვევაში კანონი ირღვევა კანონში განსაზღვრულია, რომ კომპანია ბაზრის 40%-ზე მეტს არ უნდა ფლობდეს, არადა, ,,მედკაპიტალის'' საშუალებით, PSP და ,,ავერსი'', ჯამში, ბაზრის 47%-ს აკონტროლებენ და ესეც კანონდარღვევაა''. სოლომონ პავლიაშვილმა ,,ვერსიას'' განუცხადა, რომ ბაზრის მსხვილი მოთამაშეები _ PSP და ,,ავერსი'', არა მარტო მონოპოლიურად მაღალ ფასს აწესებენ, ფასებით თამაშობენ კიდეც, მაგალითად, სხვა კომპანიის გაკოტრების მიზნით, მედიკამენტების ფასს დასწევენ და რაც მთავარია, გარკვეული დასახელების მედიკამენტებზე ექსკლუზივსაც კი ფლობენ. სოლომონ პავლიაშვილის თქმით, PSP-სა და ,,ავერსს'' შორის, ჯენტლმენური შეთანხმება არსებობს, რომლითაც კონკრეტული დასახელების მედიკამენტი მხოლოდ PSP-ს ან ,,ავერსს'' შემოაქვს. გარდა ამისა, ეს კომპანიები ბაზარს ადგილობრივი პროდუქციითაც ავსებენ, სადაც დაახლოებით 70-მდე მწარმოებელია და ამ შევსების დროს, მსხვილი მოთამაშეები დემპინგურ ფასებსაც აწესებენ. ოფიციალური ინფორმაციით, PSP-ს მფლობელ კახა ოქრიაშვილს შპს ,,ალფაში'' 100%-იანი წილიც გააჩნია, რომელიც ,,ავერსის'' სადაზღვევო კომპანია იყო. წინა ხელისუფლების პირობებში, ჯერ კიდევ ,,ავერსის'' საკუთრებაში არსებული ,,ალფა'' დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, სადაზღვევო ბაზარზე საკმაოდ სერიოზული პრობლემები შექმნა. მართალია, წარმატებულმა სადაზღვევო კომპანიამ დაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დიდი დაფინანსება მიიღო, მაგრამ ვალდებულება თითქმის არ შეუსრულებია და საბოლოოდ, გაკოტრების პირას მივიდა, ახლა კი ირკვევა, რომ გაკოტრებული ,,ალფა'' კონკურენტი PSP-ს მფლობელმა შეიძინა: ,,ალფას'' მფლობელი 100-იანი წილით ახლა კახა ოქრიაშვილია და დასამალი აღარ არის, რომ წინა ხელისუფლების პირობებში, ,,ავერსს'' სწორედ მმართველი პარტია ლობირებდა, რადგან კახა ოქრიაშვილი ნაციონალური მოძრაობის წევრი იყო. სადაზღვევო კომპანიები საკმაოდ დიდ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობდნენ, თუ არ ვცდები, დაახლოებით, 800 000 ლარზე მეტი მიიღო ,,ავერსმა'' და სწორედ მაშინდელი ხელისუფლების ლობირებით იყო გამოწვეული ამ კომპანიის მონოპოლიური მდგომარეობა ბაზარზე. ეს შემთხვევაც ეკონომიკური აგენტების კონცენტრაციის ნათელი მაგალითია, რადგან ერთი კომპანია, ამ შემთხვევაში PSP, თავისივე კონკურენტი კომპანიის მართვაში მონაწილეობს ან მისი თანადამფუძნებელია. ეს ნიშნავს, რომ PSP და ,,ავერსი'' კონკურენტები კი არა, პარტნიორები არიან, ორივე კომპანიის აფთიაქებში მედიკამენტების ფასი ამიტომაცაა იდენტური''. სხვადასხვა ექსპერტის შეფასებით, გამორიცხული არ არის, ,,ალფამ'', რომელიც დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობდა, სახელმწიფო ვალდებულება შეგნებულად არ შეასრულა, რათა სადაზღვევო ბაზრისთვისაც მიეყენებინა ზიანი, კონკურენტი კომპანიებისთვისაც, თვითონაც გაკოტრებულიყო და ბოლოს, გაკოტრებული კომპანია კონკურენტ PSP-ს შეეძინა. შესაძლოა, ეს ერთგვარი გარიგება და მიზანმიმართულად გადადგმული ნაბიჯი იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში, რაში სჭირდებოდა კახა ოქრიაშვილს, პაატა კურტანიძის გაკოტრებული კომპანია ,,ალფა''? სოლომონ პავლიაშვილმა ,,ვერსიას'' განუცხადა, რომ სადაზღვევო კომპანიების მოგება 65%-დან 70%-მდე იყო, ამიტომ მისთვის გაუგებარია, რატომ ვერ შეასრულა ,,ალფამ'' სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულება: ,,მეტსაც გეტყვით, სადაზღვევო კომპანიებს სახელმწიფო შესყიდვები გარანტირებული ჰქონდათ, ისინი კონკურსში არც კი მონაწილეობდნენ, აუქციონი მხოლოდ პირობითად ჩატარდა. ამ კომპანიებმა რეგიონებიც გადაინაწილეს, ერთმა სადაზღვევო კომპანიამ იმერეთის რეგიონი მოიგო, მეორემ _ კახეთი და ა.შ. სხვათა შორის, ახალ ხელისუფლებას ძალიან კარგი პოზიცია აქვს, რადგან სახელმწიფო დაზღვევას თვითონვე ახორციელებს. საინტერესოა, წინა ხელისუფლების პირობებში ვის მოუვიდა თავში აზრად, წელიწადში 400 000 000 ლარი (ასეთი ბრუნვა ჰქონდა დაზღვევის სახელმწიფო პროგრამას), კერძო სექტორში გადაესროლა? არაფერს ვამბობ იმაზე, რომ სადაზღვევო კომპანიებს საკუთარი კლიენტურა არ უნდა ჰყავდეს, ცხადია, უნდა ჰყავდეთ, მაგრამ ამისთვის საკუთარი აგენტების საშუალებით უნდა იბრძოლონ და იშრომონ. თუ სადაზღვევო კომპანიებს სახელმწიფო ვალდებულების შესრულების ინტერესი ჰქონდათ, მაშინ აგრარული სექტორის დაზღვევა რატომ არ აიღეს საკუთარ თავზე? პრაქტიკულად, 400 000 000-ლარიანი გარანტირებული მიწოდება ჩაიგდეს ხელთ, რაც კომპანიის 70%-იანი მოგების პირობებში, ხომ წარმოგიდგენიათ, რა რაოდენობის თანხა იქნებოდა?!'' შეძლებს თუ არა ახლადშექმნილი ,,თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო'' ამ პრობლემების მოგვარებას? უკვე ცნობილია, რომ 15 აპრილს დაფუძნებულმა სააგენტომ, პირველ რიგში, ნავთობის ბაზარი უნდა შეისწავლოს, არადა, ფარმაცევტულ ბაზარზეც არანაკლებ სახიფათო მდგომარეობაა, რაც ,,თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ'' კანონსაც ეწინააღმდეგება და ევროკავშირთან ხელმოსაწერად გამზადებულ ასოცირების ხელშეკრულებასაც. შეძლებს თუ არა პრემიერ- მინისტრის დაქვემდებარებაში არსებული სააგენტო დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებას? მოახერხებს თუ არა ,,თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტო'' საქართველოს ბაზარზე არსებული მონოპოლიების დაშლასა და კარტელური გარიგებების აღმოფხვრას? სოლომონ პავლიაშვილმა ,,ვერსიას'' განუცხადა, რომ ამ სააგენტოს ეფექტური მუშაობა ქვეყნის ხელისუფლების პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული: ,,კონცენტრაცია და ხელოვნური მონოპოლიები, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, ,,თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ'' კანონშია გაწერილი. 2000 წლამდე, ეს სამსახური საკმაოდ ავტონომიური იყო, მაგრამ იმის გამო, რომ პოლიტიკური ნება არ არსებობდა, ეფექტურად ვერ მუშაობდა. აბა, ვინ გაბედავდა მაშინ ,,მაგთის'' ან თუნდაც ,,ჯეოსელის'' დაჯარიმებას? კონკურენციის სააგენტოს მუშაობას გარკვეული ხმაური აუცილებლად მოჰყვება, რადგან გამორიცხული არ არის, ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნას, თითქოს კომპანიებს პოლიტიკური ნიშნით აჯარიმებენ, მაგრამ აუცილებელია, ამ სააგენტოს ხელმძღვანელი ასეთი გავლენის ქვეშ არ მოექცეს. რა თქმა უნდა, ხელისუფლებამაც უნდა შეუწყოს ხელი, რომ სააგენტო მეტად დამოუკიდებელი იყოს, მაგრამ ნუ გვგონია, რომ ეს სააგენტო მხოლოდ და მხოლოდ, სადამსჯელო ორგანო იქნება. ამ სამსახურმა პრევენციული ღონისძიებებიც უნდა გაატაროს, ამერიკული და ევროპული მოდელის მიხედვით, თუ რომელიმე კომპანია კონკურენციის სააგენტოსთან ითანამშრომლებს, სააგენტო დაჯარიმების გზით აღარ წავა, პირიქით, პრევენციული ღონისძიებების შედეგად ეცდება, ეს კომპანია ჩვეულებრივ მდგომარეობაში გადაიყვანოს, რაც თავისუფალ კონკურენციასა და ფასწარმოქმნას გულისხმობს. ამიტომ საზოგადოებას ნუ ექნება იმის მოლოდინი, რომ როგორც კი კონკურენციის სააგენტო ამუშავდება, საწვავი, მედიკამენტები ან სხვა პროდუქტი მაშინვე გაიაფდება''.   
მაია მიშელაძე

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT