Express News

იმედდაკარგულმა ადამიანებმა უკვე თავად დაიწყეს სამართლის ძებნა


„დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარის, კოალიცია „ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, იმის გამო, რომ საქართველოში სამართლიანობის აღსადგენად არაფერი კეთდება, ადამიანებმა სამართლის ძებნა თვითონ დაიწყეს. ამის შესახებ მან ბიზნესმენ დავით კოდუას ცემის ფაქტთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

„ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის“ ლიდერი ხელისუფლებას მოუწოდებს, ყველაფერი გააკეთოს იმისთვის, რომ ხალხი იძულებული არ გახდეს, სამართალი თავად ეძებონ.

„როდესაც ადამიანებმა დაინახეს, რომ სამართალი არ აღდგა, როდესაც ნახეს, რომ სამართლიანობის აღდგენისთვის არაფერი კეთდება და ის ადამიანები, ვის მიმართაც მათ პრეტენზიები ჰქონდათ, დღეს ლამის აქეთ გვიკითხავენ მორალს, ბუნებრივია, იმედდაკარგულებმა სამართლის ძებნა უკვე თავად დაიწყეს. რა თქმა უნდა, ეს კარგისკენ არ წაგვიყვანს“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დავით კოდუას თბილისში თავს გუშინ დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. მძიმე მდგომარეობაში მყოფს კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე იმყოფება. პოლიციამ თავდამსხმელის სახით ნოშრევან ნამორაძე დააკავა, რომელიც სამართალდამცავებს თავად ჩაბარდა. როგორც აღმოჩნდა, ნოშრევან ნამორაძე კომპანია „ტიფლის დეველოპმენტის“ დამფუძნებელი და 50 პროცენტიანი წილის მფლობელი იყო. მისი თქმით, 2008 წელს ქონების წართმევის მოტივით ძმებმა დავით და ერეკლე კოდუებმა მისი დაჭერა განიზრახეს, რის შემდეგაც სახლში ნარკოტიკი ჩაუდეს და დააკავეს. მოგვიანებით კი, ქონება წაართვეს და ნახევარი მილიონი გადაახდევინეს. ნამორაძე აცხადებს, რომ კოდუა სწორედ ამის გამო ცემა. 

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT