"6 მინისტრი დატოვებს პოსტს და პარალელურად, ამას ექნება სამთავრობო კარუსელის სახე და აი, როგორ...
გაზეთი "კვირის ქრონიკა", ნინო სამხარაძე
ვალერი გელბახიანი პოლიტიკაში ბრუნდება. რატომ გადაწყვიტა პოლიტიკაში დაბრუნება, რა ინფორმაციებს ფლობს ხელისუფლების კულუარებზე, რატომ მიაჩნია, რომ პოლიტიკური კრიზისი შეიქმნება და ქვეყანაში დაინიშნება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები? ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე "ქრონიკას" ვალერი გელბახიანი უპასუხებს:
- ადგილობრივ არჩევნებში გლდანის რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი ხართ, რატომ გადაწყვიტეთ პოლიტიკაში დაბრუნება?
- ეს არ არის დიდი პოლიტიკა, მე შემოვედი პოლიტიკის პატარა ველზე, ჯერჯერობით თავს ვიკავებ დიდ პოლიტიკაში შესვლაზე, თავის დროზე ვთქვი, სანამ პოლიტიკაში იქნება ბიძინა ივანიშვილი, ვერავინ მიხილავს პოლიტიკაში. ბატონი ბიძინა პოლიტიკას კარგა ხანია გაერიდა, ჩემი სიტყვა შევასრულე და სრული უფლება მაქვს, პოლიტიკის პატარა ველზე ჩემი სიტყვა ვთქვა...
- წავიდა რომ ბიძინა ივანიშვილი ქართული პოლიტიკიდან?
- ჯერჯერობით წასულია, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ მობრუნდეს!
- არის ინფორმაცია, რომ ივანიშვილი უკმაყოფილოა თავისი უმრავლესობით და შესაძლოა, ის კვლავ ჩაერთოს დიდ პოლიტიკაში...
- ეს აზრი ქართულ პოლიტიკურ წრეებში საკმაოდ ფეხმოკიდებულია, ბატონი ბიძინა კერძო საუბრებში არ მალავს, რომ ის უკმაყოფილოა პარლამენტითა და მთავრობით. როგორ შეიძლება იყოს კმაყოფილი, როცა ქვეყანა სიღატაკის პირასაა მისული. ასეთ დღეში არიან პენსიონერები, უმუშევრობა მძვინვარებს. ასეთ დროს ჩვენ ვისმენთ ისეთ ციფრებს, რომელიც წარმოუდგენელია. რა დამსახურებისთვის გასცეს ასეთი პრემიები? თან სად, ისეთ ორგანოებში დაარიგეს ამხელა პრემიები, სადაც პროდუქტი არ იქმნება. ამიხსენით, საპატიმროში რა პროდუქტი უნდა შეიქმნას ისეთი, სადაც ხელმძღვანელი პირები უნდა დააჯილდოვო ამხელა პრემიით? მათი ფუნქციაა, პატიმრები არ დაეღუპოთ, არ გაექცეთ, იმდენი პატიმარი დაეღუპათ, იმდენი რამ მოხდა საპატიმროებში, აბსოლუტურად აუხსნელია, ამხელა პრემიები რისთვის ჩამოირიგეს. ამდენათასლარიან პრემიას რომ გასცემ, ეს გამაღიზიანებელია სიღატაკის პირას მისული მოსახლეობისთვის. რატომ უნდა იყოს ამით კმაყოფილი ბიძინა ივანიშვილი, გაუგებარია. ყველა მოვლენას აკვირდება და ხედავს, რომ არაერთი სკანდალი უკავშირდება მის მიერ მოყვანილ ხელისუფლებას. ხელისუფლების მხრიდან აქტიური მოქმედებები არ ჩანს, გასაგებია, რომ 9-წლიანი რეჟიმის შემდეგ ხელისუფლებას პრობლემები შეექმნებოდა, მაგრამ ეს უნდა გაგრძელებულიყო მაქსიმუმ 6 თვე, მათი მოსვლის შემდეგ გავიდა ორი წელი, ისევ "ბუქსაობენ". დასკვნა ასეთია, ან მათ ხელისუფლების მართვა არ იციან, ან თავისთვის "ბუქსაობენ", საკუთარ თავზე არიან ორიენტირებულნი, გადახედეთ, სულ ახალი ძვირადღირებული ჯიპებითა და დაცვით დადიან, როგორ შეიძლება ამ პატარა ქვეყანაში მინისტრები ამხელა ჯიპებითა და დაცვის თანხლებით დადიოდნენ. გაიგეთ, ხალხო, რომ ეს არის სოციალურად გაჭირვებული ქვეყანა, ჩვენ არ ვართ ფუფუნების ქვეყანა. ჩვენთან მოსახლეობის 60% დაუცველია, უმუშევრობა 28%-ს შეადგენს, დანარჩენები, ვინც მუშაობენ, იმათ აქვთ მათხოვრული ხელფასი, კომუნალურ გადასახადებსაც კი ვერ იხდიან. აი, ამ არსებობისთვის მებრძოლი ხალხის თვალწინ, დადიან 100-ათასიანი ჯიპებით და თვალებს უბრმავებენ ამდენ ხალხს. ჩვენ მივიღეთ აი, რა - ფუფუნებაში მყოფი მთავრობა და მშიერი მოსახლეობა. ასეთ შემთხვევაში, რატომ უნდა იყოს ბიძინა ივანიშვილი კმაყოფილი?!. ის ჰპირდებოდა ხალხს, რომ საქართველო იქნებოდა დემოკრატიის ოაზისი და ევროპას გააოცებდა. საქართველოში დაიწყებოდა ინვესტიციების ბუმი, შექმნიდა 100 საწარმოს, დაასაქმებდა ადამიანებს, აშენდებოდა ყველა გაჩერებული სახლი, ქვეყანაში მშენებლობა ორმაგად გაიზრდებოდა. შეხედეთ, ყველაფერი უკუღმა დატრიალდა, რასაც კაცი ვარაუდობდა, არც ერთი არ გამართლდა. რატომ? იმიტომ, რომ მას ეგონა, მოიყვანა ნორმალური ხელისუფლება, რომელიც მის იდეებს აიტაცებდა. შე დალოცვილო, ბიუჯეტში რომ ამდენი ფულია, გაანაწილე სწორად, არ არის საჭირო ამდენი ვოიაჟი, ცოტა ქამარი შემოიჭირეთ, ნუ გავიწყდებათ, რომ ის ბიუჯეტი სააკაშვილმა დაგიტოვათ, ის ციფრებიც სააკაშვილის დანატოვარია ბიუჯეტში, ის საგადასახადო მანქანაც, რომელიც მოსახლეობიდან თანხას იღებს, სააკაშვილის შექმნილია. ამ კუთხით ამათ რეფორმა არ გაატარეს და თითიც არ დააკარეს. იცით, რატომ? მოსწონთ ეს რეპრესიული საგადასახადო სისტემა, ყველაფერზეა დაკისრებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, ამიტომ მოსახლეობას ბიზნესის წამოწყების ეშინია. ერთი მხრივ, ძალიან კარგია, როცა ადამიანებს კანონმორჩილს ხდი, ბიზნესმენები არ მალავენ გადასახადს, მაგრამ მეორე მხრივ, სად მიდის ეს აკრეფილი ფული, ხომ ვხედავთ?.. რომ ვაკრიტიკებ ხელისუფლებას, ავადმყოფობა კი არ მჭირს, რომ მუდმივ ოპოზიციაში ყოფნა მხიბლავს, მაგრამ რაღაცით კმაყოფილი ხომ უნდა ვიყო? არც იმით ვარ კმაყოფილი, რაც სასამართლოში ხდება.
- ხელისუფლება თავს იწონებს, რომ შექმნეს დამოუკიდებელი სასამართლო, მაგრამ მეორე მხრივ, გამაოგნებელი განაჩენები გამოაქვთ, კეზერაშვილი გაამართლეს, სამაგიეროდ, სჯიან უდანაშაულო ადამიანებს. თქვენი აზრით, რა ხდება?
- ეს არის შერჩევითი სამართალი, თუ პოლიტიკური ინტერესის საგანი ხდება რაიმე პროცესი, დამერწმუნეთ, იქ სამართალი არ არის. ცამდე მართალი რომ იყოს სამოქალაქო მხარე, ისეთ გადაწყვეტილებებს გამოიტანს სასამართლო, თმა ყალყზე დაგიდგება. ეს იცით, რატომ ხდება? აპატიეს ამ მოსამართლეებს, ყველას ყველაფერი შერჩა, დასჭირდათ და იმიტომ. ახლა, ვიღაცამ ამათ დაკრულზე უნდა იცეკვოს. სასამართლო უკვე შრეებად არის დაყოფილი, რაღაცა ნაწილი, "ნაციონალების" კონტროლქვეშ არის, რაღაც ნაწილი "ოცნების" კონტროლქვეშ, სასამართლოს დამოუკიდებლობას საშველი არ დაადგა.
- საქართველოს უახლეს ისტორიაში უპრეცედენტო გადაწყვეტილება გამოიტანა უზენაესმა სასამართლომ და გაზეთები "ალია" და "ქრონიკა" 50 ათასი ლარით დააჯარიმა ოთარ კობერიძის სასარგებლოდ. თქვენი აზრით, ვის ინტერესებს ემსახურებოდა სასამართლო?
- კობერიძის საქმეზე იმიტომ დაგაჯარიმეს, რომ ოთარ კობერიძე "ნაცმოძრაობის" აქტიური მხარდამჭერი იყო. სწორედ "ნაცმოძრაობამ" მისცა ოთარ კობერიძეს გარანტია, რომ გამართლდებოდა. კაცი დავბერდი, ამხელა იურიდიული პრაქტიკა მაქვს, ქართულ და ევროპულ სამართალს ზედმიწევნით ვიცნობ, ჯერ არ გამიგია პრესის მიმართ ასეთი აგრესია, რაც სასამართლომ თქვენ მიმართ გამოხატა. სასამართლომ უნდა დაიცვას სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლების კანონი, კონსტიტუციის ყველა ის ნორმები, რომელიც აზრის გამოხატვის თავისუფლებასთან არის დაკავშირებული. სასამართლომ უნდა დაიცვას საერთაშორისო და ევროკონვენციები. ერთ ძალიან საინტერესო ფაქტს მოგიყვებით, "ნიუ-იორკ თაიმსს" უჩივლა თეთრი სახლის ადმინისტრაციამ, მოკლედ, ამერიკაში დიდი სკანდალი აგორდა, საქმე უზენაესმა სასამართლომ განიხილა. თეთრმა სახლმა "ნიუ-იორკ თაიმსს" იცით, რაზე უჩივლა? გაზეთმა გამოაქვეყნა მასალები ანონიმურად, რომელიც ეხებოდა სახელმწიფო სადაზვერვო ნაწილის ნამოქმედარს. "ნიუ-იორკ თაიმსმა" ისეთი დოკუმენტები გამოაქვეყნა, რომელიც "გრიფით საიდუმლო" იყო, გაზეთს მოსთხოვეს 2 მილიონამდე ჯარიმის გადახდა, მთელი ამერიკელი საზოგადოება დაინტერესებული იყო, რას იზამდა უმაღლესი სასამართლო, სიტყვის თავისუფლების ტრიბუნას დაიცავდა თუ სახელმწიფოს ინტერესებს. სასამართლომ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება და თქვა, რომ სახელმწიფო ინტერესი სწორედ ის არის, რაც ხალხს უნდა, ხალხს კი უნდა ის, რომ სიმართლე იცოდეს და ის, რაც გამოქვეყნდა "ნიუ-იორკ თაიმსში", იყო სიმართლე!.. აი, რა არის სახელმწიფო ინტერესი. ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე. ამ გადაწყვეტილებაზე ხმა ვეღარავინ ამოიღო. იცით, მერე რა მოხდა? "ნიუ-იორკ თაიმსმა" ხელისუფლებას კომპენსაციის გადახდა მოსთხოვა რეპუტაციის შელახვისთვის. ასე დგას სიტყვის თავისუფლების დაცვის ინსტიტუტის ფუნქცია ამერიკაში.
- მოსამართლეთა მხრიდან ჩვენს წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანამ კამპანიის სახე მიიღო, საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ურთმელიძემ ჩვენ დაგვაკისრა 6500-ლარიანი ჯარიმის გადახდა ნაცვლად იმისა, რომ "ფრესკოს" ბოდიში მოეხადა ვადაგასული და აყროლებული ქათმის გაყიდვის გამო, როგორ გაბედეთ ამ ფაქტის გაზეთში გამოქვეყნება და სიმართლის თქმაო, თქვენი აზრით, ამ დროს რით იხელმძღვანელა მოსამართლემ?
- ეს არის გამაოგნებელი გადაწყვეტილება, ადამიანმა ნაყიდი პროდუქტი მიიტანა სურსათის უვნებლობის სააგენტოში, სააგენტომ დაადასტურა, რომ პროდუქტი იყო გაფუჭებული და მოსამართლე ითხოვს ლაბორატორიულ კვლევას. სასამართლო წავიდა უკუღმართი გზით. თქვენ დაგაწყებინათ იმის მტკიცება, რომ იყავით მართალი. არა, გენაცვალე, მეორე მხარე იყო ვალდებული, ემტკიცებინა, რომ ის იყო მართალი და მის ქსელში აყროლებული და ვადაგასული პროდუქცია არ გაყიდულა. პრესაში გამოქვეყნებულ მასალებზე პრესა პასუხს არ აგებს, იმან უნდა ამტკიცოს სიმართლე, ვისზეც მასალა გამოქვეყნდა, რა უნდა ველაპარაკო ამ სასამართლოს?!. ამას იცით, რატომ აკეთებს? ჩაიდო ვიღაცის ინტერესი, ამას არაერთ საქმეზე ვხედავ. ამ დროს იუსტიციის საბჭო არაფერს აკეთებს, ხელფასს იღებენ, კარგს ჭამენ, კარგს სვამენ... ბიუჯეტში ჩვენი გადახდილი ფულით ცხოვრობენ, შენ რა უფლება გაქვს, ჩემი ნაწვალები ფულით ამხელა ხელფასი მიიღო და არ მიკონტროლო სასამართლო, დომხალია! ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით.
- ხელისუფლება, რატომ თანხმდება ასეთ თამაშზე?
- ამ თამაშზე იმიტომ თანხმდება, რომ ხელისუფლებამ არ იცის ის, რომ ხელისუფლებაა. მთელი უბედურება, აი, ეს არის! დაუკვირდით უმრავლესობიდან ზოგიერთ დეპუტატს, რა ლექსიკით ლაპარაკობენ, ამათ თავი ოპოზიციაში ჰგონიათ. უმრავლესობის დეპუტატებმა ხომ უნდა შეიგნონ, რომ იმ ტრიბუნაზე დგას ხელისუფალი და არა ოპოზიციონერი. დგას და იქით სხვას ლანძღავს. რა წესია ეს, გამაგებინეთ? სად ჰგონიათ თავი, ხომ არ ფიქრობენ, რომ ყურები და თვალები მიხატული გვაქვს, ვერ ვარჩევთ, ვინ არის ოპოზიცია და ვინ ხელისუფლება?!. ამიტომ, ვამბობ, ამათ არ იციან, რომ ხელისუფლებაში არიან...
- უცნაური მოვლენების მომსწრენი ვართ, საპატრიარქოს მიმართ კვლავ აგრესიული ტალღა აგორდა, რაც გაძლიერდა ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების შემდეგ. აქტიურად ავრცელებენ ინფორმაციას, რომ კათოლიკოს-პატრიარქი ძალიან მალე გადადგება, რასაც საპატრიარქო უარყოფს. რის მიღწევას ცდილობენ?
- დღეს, საპატრიარქო ყველაზე გავლენიანი ინსტიტუტია, პატრიარქი ხალხის აზრზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს. რა თქმა უნდა, საპატრიარქოს გაძლიერება ხელისუფლების ინტერესში არც არასოდეს შედიოდა და არც ახლა შედის. ასეთ შემთხვევაში, ხელისუფლება იჩრდილება, ამიტომ ხელისუფლება ცდილობს, მეტად დააკნინოს საპატრიარქო. ანტიდისკრიმინაციული კანონი იცით რატომ გამოაგდეს? თქვენ ხომ არ გგონიათ, რომ ამ კანონის მიღებისთვის ევროპელები თავს იკლავდნენ, თვითშემოქმედებაზე გადავიდნენ და ამ კანონის მიღების მიზანი იყო ის, რომ საპატრიარქო ბოლომდე გაეღიზიანებინათ, ცდილობდნენ, პროვოკაციაზე წამოეგოთ, ამ თემით პოლიტიკური სპეკულაცია დაიწყო. რეალურად, ის კანონი არსებითად არაფერი არ იყო, რომელსაც ასე უნდა გაეღიზიანებინა მოსახლეობა, მაგრამ ის კუთხეები წამოწიეს, რაც ამხელა რეაქციას გამოიწვევდა. დღეს ეს კანონი უკვე საჯილდაო ქვა გახდა. შე დალოცვილო, დღეს რომ გაკვირვებული სახით კითხულობ, ჩემმა მეგობარმა ამ კანონს ხელი რატომ მოაწერაო, სანამ კანონს ხელს მოაწერდა, მანამდე არ იყო შენი მეგობარი? გამოდი და საჯაროდ უთხარი, ამ კანონს ხელს ნუ მოაწერ-თქო.
- თქვენ გულისხმობთ ლევან ვასაძეს, რა ინფორმაცია გაქვთ მასზე, რას უკავშირებთ მის გააქტიურებას?
- მე მას ახლოს არ ვიცნობ, ამბობენ, რელიგიური კაციაო. როგორც ვიცი, წარმოშობით საჩხერიდანაა...
- ის არის შიო ვასაძის შვილი, რომელიც ხალხს შარდით მკურნალობდა, 90-იან წლებში მოსკოვში გადასახლდა, ამბობენ, რომ გავლენიან ფიგურებზე გავიდა და ლევანი სწორედ მამამისმა დააკავშირა მოსკოვში გავლენიან ადამიანებთან.
- დიახ, ეს იმ შიო ვასაძის შვილია... როგორც ვიცი, ის საჩხერის რაიონის სოფელ ჭალაშია გაზრდილი, ხომ ხედავთ, პოლიტიკური ცენტრია საჩხერე. ის არის ზნეობრივად წესიერი და განათლებული კაცი.
- არის ინფორმაცია, რომ მას საპატრიარქო ზურგს უმაგრებს, რომ პოლიტიკაში შემოვიდეს. მართალია, ის წლებია ამტკიცებს, რომ პოლიტიკიდან შორს დგას, მაგრამ უნდა ველოდოთ თუ არა ვასაძის პოლიტიკაში შემოსვლას?
- ყველასგან ყველაფერს ველოდები, ჯერ კიდევ 2002 წელს ვამბობდი, რომ ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად შემოვიდოდა პოლიტიკაში, სხვათა შორის, 2011 წელს პირადად თქვენთან ინტერვიუში ვთქვი, რომ ბიძინა ივანიშვილს მოჰყვებოდა ლევან ვასაძის გააქტიურება და იქნებოდა ივანიშვილის საპირწონე ფიგურა, რადგან არ შეიძლება, ერთი კაცი იყოს მონოპოლისტი და მოთამაშე არც ფულში, არც ბიზნესში და არც პოლიტიკაში. ლევან ვასაძე მსოფლმხედველობით არის მონარქისტი, ბიზნესის წიაღიდან წამოსული მართლმადიდებლური ფასადით, ამას ემატება რწმენა, რომელიც მას რეალურად აქვს, რითიც ბიძინა ივანიშვილი დღეს უნდა დააბალანსო, არის სწორედ ის ორი ფაქტორი, რაც აქვს ვასაძეს, მართლმადიდებლობა და კონსტიტუციური მონარქია, რაც არის საპატრიარქოს იდეა. მეორე მხრიდან კი მოდის მესიჯები, რომ საპატრიარქო არ უნდა იყოს ქვეყანაში მაღალი ავტორიტეტის მქონე და უნდა განეიტრალდეს.
- ფიქრობთ თუ არა, რომ პოლიტიკურ გზაგასაყარზე დაიწყება ორი ძალის შიდა ბრძოლა - პროდასავლური და პრორუსული დაჯგუფების, თქვენი აზრით, არის თუ არა ლევან ვასაძე "რუსული კარტი"?
- რუსული პოლიტტექნოლოგიები შეიცვალა, ისინი ყოველთვის ძალის დემონსტრაციაზე იყვნენ ორიენტირებულები. რუსეთი ძალის გამოყენების პარალელურად, პოლიტტექნოლოგიებით იწყებს თამაშს. ჩვენ ვნახეთ, რა გააკეთა 2008 წელს, რას აკეთებს უკრაინასთან მიმართებაში, თუმცა ამის პარალელურად, მათ წამოიწყეს ახალი თამაში გავლენების მოსახდენად კონკრეტული პერსონების გამოყენებით. ახლა იმის მტკიცებას ნამდვილად ვერ დავიწყებ, რომ ლევან ვასაძე, ან ივანიშვილი რუსეთის პროექტია, უბრალოდ, მათ აქვთ ერთი და იგივე წიაღი, ერთი და იმავე არენაზე აქვთ ფული ნაშოვნი. სხვა საკითხია, მათი შინაგანი მოწოდება რა არის? მე ვხედავ, რომ ბატონი ბიძინას შინაგანი მოწოდება არ ყოფილა პოლიტიკა, ბატონ ვასაძეს პოლიტიკასთან შეხებაც არ ჰქონია, თუმცა შეიძლება მან ააგოროს ახალი პოლიტიკური პროცესი, დარწმუნებული ვარ, ვასაძე პოლიტიკაში მოვა. ამ განცხადებებს აკეთებს იმათ გასაგონად, ვინც მას პოლიტიკურად "კრიშავს". თუ რუსეთი დაინახავს, რომ მას პოლიტიკაში მოსვლის რეალური შანსები აქვს, ასეთ შემთხვევაში ჩაერთვება "ფსბ". როგორც ჩანს, ვასაძეს არ უნდა, "ფსბ"-ს კონტროლქვეშ აღმოჩნდეს, ამიტომაც კრემლის გასაგონად აცხადებს, რომ მას პოლიტიკაში მოსვლა არ უნდა და მისი განცხადებები არ ემსახურება დიდ პოლიტიკურ მიზნებს, თუმცა დარწმუნებული ვარ, მისი გააქტიურება დაკავშირებულია მომავალში მის პოლიტიკურ საქმიანობასთან.
- ივნისის ბოლოს საქართველო ხელს მოაწერს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას, ამასობაში დაიწყო გააქტიურება პრორუსულმა ძალებმა, რას უნდა ველოდოთ?
- მე ჯერ კიდევ არ ვიცი, ევროპასთან ასოცირების რომელ ნაწილს ეწერება ხელი, პოლიტიკურს, ეკონომიკურს თუ ორივეს ერთად, ამაზე ხელისუფლება არ საუბრობს. თუ ეკონომიკურ ნაწილს ეწერება ხელი, უნდა ვივარაუდოთ, რომ საქართველოსთვის რუსეთის ბაზარი დაიხურება, ეს არის გარდაუვალი. ამიტომ მოსალოდნელია, რომ 27 ივნისის შემდეგ, რუსეთ-საქართველოს შორის კვლავ დაიწყოს იზოლაციის პოლიტიკა. დღევანდელი მონაცემებით, 23 მილიონი ბოთლი ქართული ღვინო იყიდება რუსეთის ბაზარზე. 6 მილიონ ბოთლზე მეტს ქართველი მეღვინეები წელიწადში ვერ ყიდდნენ, ღვინის ექსპორტი 400%-მდეა გაზრდილი. მთავრობისთვის ეს ხომ უნდა იყოს ნიშანდობლივი სიგნალი, რომ საექსპორტო არხები არ უნდა დაიკეტოს. ხომ ხვდებით, რამდენი რამ დგას 23 მილიონი ბოთლის უკან, ამიტომ ხელისუფლება ასე ბრმად ხელს არ უნდა აწერდეს ასოცირების ხელშეკრულებას, ჯერ ის მაინც იკითხეთ, შედიხართ კი ევროპულ ბაზარში?.. ქართული ღვინო ევროპის ბაზარზე ვერ შევა, იმიტომ, რომ იქ არის კვოტირება და რეგულაცია. წელიწადში 3 მილიონ ბოთლზე მეტს არ შეგატანინებენ ევროპაში, 3 მილიონი ბოთლის გულისთვის ვიკლავთ თავს?!.
- გასულ კვირას, ერთდროულად დაიძაბა სიტუაცია პრორუსული ძალების მხრიდან, ჩვენ ვნახეთ ევრაზიული კავშირის მომხრეების გამოცოცხლება, პარალელურად, აფხაზეთში ოპოზიციამ აიღო დე ფაქტო ხელისუფლება, ხაჯიმბა პირდაპირ უპირისპირდება ეთნიკურ ქართველებს, მოითხოვს მათ გასახლებას, არასახარბიელო მდგომარეობაა სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის და შესაძლოა, ყარაბახის დაკონსერვებული კონფლიქტიც განახლდეს. რუსეთი ამით რის მიღწევას ცდილობს?
- ეს არის რუსული ტექნოლოგიები, რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში ღია აგრესიაზე არ წავა, უკრაინის შემდეგ ამხელა პრობლემას არ აიკიდებს და ამხელა სამიზნე არ გახდება მსოფლიოსთვის, ამიტომ მას სჭირდება სხვა პოლიტიკური მანევრები, რომელიც კავკასიის სტაბილურობას დააყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. შექმნის ახალ საცეცხლე კერებს, საომარი დაპირისპირების პიკამდე მიიყვანს, შეეცდება, გამოიწვიოს სამოქალაქო დაპირისპირებაც, მთელ კავკასიას მოედება ქაოსი, დაძაბავს აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთს, ყარაბახს და სხვა კონფლიქტურ კერებს გააცოცხლებს, რაც შედის პირდაპირ რუსეთის ინტერესში. რუსეთი გამოჩნდება როგორც მშვიდობის დამმყარებელი, სამეზობლო არეალში ის არ დაუშვებს დესტაბილიზაციას, რუსეთი წავიდა ახალ ტექნოლოგიაზე, პირდაპირ, ღია ფორმით საქართველოსთან არ იწყებს კონფლიქტს, მაგრამ პრევენციულ ღონისძიებას ატარებს და აფრთხილებს ხელისუფლებას, - ნუ დგამთ დასავლეთისკენ ნაბიჯს!.. უკვე გაცხადდა, რომ უელსის სამიტზე საქართველომ შეიძლება მიიღოს მაპ-ი. ეს რუსეთისთვის მეხის გავარდნის ტოლფასია, საქართველომ რომ მაპ-ი მიიღოს და ნატოს ასპირანტი ქვეყანა გახდეს, ჩათვალე, რომ აქ უკვე ნატოა. ამიტომ ის საფრთხე, რომელიც რუსეთს ნატოსგან აქვს, ამ შემთხვევაში ხდება რეალური და რუსეთი არ დაუშვებს თავის სამეზობლო მხარეში ნატოს შემოსვლას. რა თქმა უნდა, რუსეთი შეეცდება, რაც შეიძლება სწრაფად არიოს ქვეყანა, გაამწვავოს კონფლიქტები კავკასიაში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ველოდოთ ქვეყნის შიგნით დესტაბილიზაციას და ტერიტორიული მთლიანობის პრობლემის უფრო გაღრმავებას. რუსეთი არ დაუშვებს თავის საზღვრებზე ნატოს შეიარაღება და საჰაერო დანადგარები განთავსდეს, ან დადგეს სამხედრო ნაწილები, ამიტომ იწყებს ახალ კონფლიქტებს. ყველგან მე-5 კოლონა გამოვა წინა პლანზე, შეხედეთ, რა ხდება დონეცკში. რუსეთი არ ჩანს, წინა ხაზზე გამოყვანილია ე.წ. "აპალჩენცები", რომლებიც წახალისებულნი არიან რუსების მხრიდან. უკრაინელი "აპალჩენცები" ებრძვიან უკრაინელებს. ანალოგიურ სცენარს უნდა ველოდოთ აქაც. ასე რომ, ხელისუფლებას მშვიდად ძილის უფლება არ აქვს.
- გახდება თუ არა აქტუალური ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა, რაც შედის რუსეთის ინტერესებში, რომ ხელისუფლებაში პრორუსული ძალა მოიყვანოს. ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ დაიწყო ეროვნული, რელიგიური და სენსიტიური თემებით მანიპულირება, რაც საზოგადოებაში ანტისახელისუფლებო მუხტს ზრდის...
- მე ვფიქრობ, რომ რუსეთს პოლიტიკურ თამაშში უკვე შემოყვანილი ჰყავს პრორუსული ძალა, რა ფორმით გაცოცხლდება და ეს ძალა როგორ გამოხატავს თავის პოზიციებს, ამას მალე ვნახავთ.
- ვის გულისხმობთ?
- არის რამდენიმე ძალა, მათ შორის ლევან ვასაძე, მის მიმართ ნამდვილად არა ვართ არასიმპათიურად განწყობილი, მე მომწონს მისი გზავნილები, მომწონს მონარქისტული რესპუბლიკის მოდელი, მეორე, რაც მხიბლავს, ეს არის ტრადიციული კულტურის დაცვა, ძალიან ბევრი ფაქტორია, რომელიც ვასაძისადმი ინტერესს იწვევს, ამ პიროვნების ფაქტორმა ამოიწია იმ ფონზე, როცა ტრადიციული ღირებულებების დევალვირება მიდის. ამ ფონზე, ლევან ვასაძის გამოჩენა, როგორც მედროშის, საპატრიარქოს ბევრ რამეს გაუადვილებს, რადგან ახლა საპატრიარქოსაც უჭირს. ყველა პოლიტიკური პარტია სპეკულანტობს დასავლეთთან, მანიპულირებენ, მიდიან, პატრიარქს ხელზე ემთხვევიან, მერე წავლენ და ევროპელებს ისეთ რამეზე მოუწერენ ხელს... პირდაპირი ფორმით რომ ვთქვათ, ქვეყანაში საგიჟეთია. რაც შეეხება ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს, ეს იქნება გარდაუვალი. ამის მიზეზი კი იქნება პოლიტიკური კრიზისი, რომელიც აუცილებლად შეიქმნება. უკვე პიკზეა პრეზიდენტისა და პრემიერის დაპირისპირება, ეს უკვე არის არანორმალური სიტუაცია. ეს არის ზუსტად პიკი, საიდანაც იქმნება პოლიტიკური კრიზისი. გარდაუვალია საპარლამენტო კოალიციის დაშლა.
- ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე მიმდინარეობს ძალთა გადანაწილება. თქვენი აზრით, ვინ ვის ორბიტაზე აღმოჩნდება?
- არ გამოვრიცხავ, რომ "რესპუბლიკელები", "ალასანია - თავისუფალი დემოკრატები" და "ნაცმოძრაობა" ვიხილოთ ერთად, ოღონდ მედროშე არ იქნება "ნაცმოძრაობა". დიდი ალბათობით, ლიდერშიპი გახდება ირაკლი ალასანია, ბლოკში იქნებიან დანარჩენები. ეს იქნება დასავლური ორიენტაციის პოლიტიკური ბლოკი და დასავლეთიდან მათ ექნებათ მხარდაჭერა, შუაში ვინც იქნება, ის პოლიტიკიდან გაიკრიფება, მეორე ფლანგი აეწყობა ასე, აქ მოხვდებიან ტრადიციული ღირებულების მატარებელი ძალები, "ეროვნული ფორუმი". დარწმუნებული ვარ ვასაძე შემოვა პოლიტიკაში, ის შექმნის ძლიერ ძალას. მე გეტყვით ერთ რამეს, მარგველაშვილი და ვასაძე, რომელიც არის გიორგი მარგველაშვილის უახლოესი მეგობარი და მათ ნათელმირონობაც აკავშირებთ, უნისონში იმოქმედებენ. მართალია, დღეს გიორგი მარგველაშვილი თავს "მოტეხილში" გრძნობს და მას პარლამენტი და მთავრობის წევრები ისე უყურებენ, როგორც სათამაშო თოჯინას, მაგრამ ნურას უკაცრავად, ის თოჯინობას არ აპირებს. პრეზიდენტი მარგველაშვილი ელოდება ზუსტად იმ პროცესს, როცა უნდა შეიქმნას პოლიტიკური კრიზისი. პირდაპირ გეტყვით, როგორც კი პუტინი შესთავაზებს მარგველაშვილს, შევხვდეთო, აი, ეს იქნება მარგველაშვილის ოცნების ასრულება. მერე კი ნახავთ, სად იქნება გიორგი მარგველაშვილი.
- თქვენ არ გამორიცხავთ, რომ ლევან ვასაძე ფონს უქმნის გიორგი მარგველაშვილს, რომ პუტინმა მიიწვიოს?
- კი არ ვფიქრობ, ეს არის სქემა. პირდაპირ გეტყვით, რომ ეს ასე იქნება. მარგველაშვილის გააქტიურებას ამ ეტაპზე ნუ ელოდებით, ჯერ მოხდება სამთავრობო ცვლილებები, რასაც მოჰყვება პარლამენტში გარკვეული ძვრები...
- სამთავრობო კარუსელს არჩევნების შემდეგ უნდა ველოდოთ?
- დიახ, შემოდგომამდე სამთავრობო ცვლილებები განხორციელდება, სავარაუდოდ, 6 მინისტრი დატოვებს პოსტს და პარალელურად, ამას ექნება სამთავრობო კარუსელის სახე და აი, როგორ... სოზარ სუბარი დატოვებს სასჯელაღსრულების მინისტრის პორტფელს, მაგრამ ის არ მიდის ხელისუფლებიდან. ლაპარაკია, რომ ის შეიძლება დაინიშნოს განათლების ან კულტურის მინისტრად. ლაპარაკია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს გადაიყვანენ სოზარ სუბარის ადგილზე, ალასანიას, ალბათ, მოუწევს, დატოვოს მინისტრის პორტფელი, ის წავა პოლიტიკაში, დაუბრუნდება თავის პარტიას. მაია ფანჯიკიძე საგარეო საქმეთა მინისტრის პორტფელს დატოვებს, პოსტს დაემშვიდობება კულტურის მინისტრი გურამ ოდიშარია, ასევე მას მიჰყვება დევნილთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე, აუცილებლად წავა განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე, მეტიც, ის იქნება ერთ-ერთი პირველი, ვინც მინისტრის პორტფელს დაემშვიდობება. ჩემი ინფორმაციით, გადაწყვეტილია თეა წულუკიანი გაუშვან იუსტიციის მინისტრის პოსტიდან, ცოტა კარუსელი იქნება, მაგრამ ბევრი ახალი სახე გამოჩნდება. მოკლედ, მთელი მინისტრთა კაბინეტი გამოჩნდება.
- ეს ნიშნავს, რომ მინისტრთა ახალი კაბინეტი უნდა დაამტკიცოს პარლამენტმა...
- დიახ, ყველა შემთხვევაში მინისტრთა ახალი კაბინეტი დასამტკიცებლად უნდა გავიდეს პარლამენტში, ამას მოჰყვება შიდაკულუარული ბრძოლები, აღმასრულებელ გუნდში ყველაზე მეტი პორტფელი აქვს ალასანიას პარტიას, თუკი ალასანიას თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ჩამოაცილებენ, ეს ნიშნავს, რომ პარლამენტის ის ჯგუფი, რომელიც ალასანიას წარმოადგენს, ამ პროცესში არ იქნება მოკავშირე ახალი მთავრობის მიმართ. ასევე, შესაძლოა, "ფორუმი" არ გახდეს მოკავშირე ამ პროცესების, ეყოფათ თუ არა ხმები "რესპუბლიკელებსა" და "ოცნებას" "მრეწველებთან" ერთად, ეს სხვა საკითხია. ამ ეტაპზე ირაკლი ღარიბაშვილს საფრთხე არ ემუქრება, ის შეძლებს ამ რეფორმის გატარებას, უმრავლესობას მაინც მოაგროვებს მაჟორიტარების ხარჯზე, მაგრამ ის, რომ "ოცნების" რღვევა დაიწყება და პოლიტიკურ კრიზისში ამოჰყოფს თავს ქვეყანა, ამაში დარწმუნებული ვარ. აი, მაშინ გამოვა პოლიტიკურ არენაზე სწორედ პატივცემული მარგველაშვილი. კრიზისი კი თავს მაშინ იჩენს, როცა პრეზიდენტი მარგველაშვილი იტყვის, - მოგეცით ყველაფერი, პოლიტიკურ პროცესებში არ ვერევი, ევროპასთან ასოცირებაზე ხელმოწერაც კი გაჩუქეთ, რომ ხმა არ ამოგეღოთ, მაგრამ ქვეყანა კრიზისამდე მიიყვანეთ, ეხლა ყველას ყოფის დღეს გიტირებთ, ჩემს ხელშია ბერკეტი, როცა მინდა მაშინ დაგითხოვთ. ამ არჩევნებზე "ოცნებამ" თუ ვერ დადო მაღალი შედეგი, საარჩევნო შტაბის უფროსი კახი კალაძეა, ალბათ, მის მიმართაც გაჩნდება უნდობლობა, რომ მან თავი ვერ გაართვა დაკისრებულ მოვალეობას, მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი კალაძეს ძალიან დიდ პატივს სცემს, მის მიმართ კითხვები გაჩნდება, - ამდენი ფული იხარჯება და რეიტინგი მაინც დაბალია. მაშასადამე, "ოცნება" იძულებული გახდება, არჩევნები გააყალბოს, აბა, ვნახოთ, როგორ გააყალბებს, ჩვენ ბრმები არა ვართ, ვხედავთ, რომ "ოცნებას" რეიტინგი არა აქვს. 20-20 კაცს ვერ აგროვებს მერობის კანდიდატი, პატივცემული ნარმანია. 20 კაცით როგორ უნდა მოიგოს პირველი ტური ნარმანიამ, ეს ვინმემ ამიხსნას. ამიტომ, თუ პირველ ტურში ნარმანიას სასარგებლოდ დაიწერა 50-ს პლუს ერთი, ჩემთვის არჩევნები ჩაითვლება გაყალბებულად, რაც არ უნდა ამტკიცოს "ოცნებამ", რომ არჩევნები არ გაყალბებულა!..
- თქვენი აზრით, თუკი კოალიცია "ოცნება" დაიშალა, პროდასავლური და პრორუსული ძალები დაწყვილდებიან, "ოცნება" სად აღმოჩნდება?
- პარტია "ოცნება" დაიშლება, თუკი პოლიტიკური ძალები ისე დაწყვილდებიან, როგორც გითხარით, ამ შემთხვევაში პარტია "ოცნება" დაიშლება. მე მაინც მგონია, რომ ბიძინა ივანიშვილი პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა და პოლიტიკაში დაბრუნდება. თუ ივანიშვილი იმას ვერ ხვდება, როგორ უკეთებენ საპირწონეს და რატომ უკეთებენ, მაშინ მე ვეტყვი თქვენი გაზეთის საშუალებით, - ამ საპირწონეს სწორედ მას უკეთებენ და არა მე, ეს ბიძინამ ძალიან კარგად იცის, ან ახლა უნდა მობრუნდეს პოლიტიკაში, ისევ აიღოს პასუხისმგებლობა, დადგეს პროცესების სათავეში და მოიგოს ეს პროცესი, ან არადა, მას მოუწევს საქართველოდან სამუდამოდ წასვლა. პარტია "ოცნება" კი თებერვლის თოვლივით გაქრება ბიძინა ივანიშვილის გარეშე. ასე რომ, ვადამდელი არჩევნების მოტივით ან უნდა მობრუნდეს პოლიტიკაში და უპირველეს ყოვლისა, გადაარჩინოს თავისი თავი, ან არადა, ამ ქვეყანას უნდა გაშორდეს, ეს რუსებიც მერე დაანებებენ თავს. თქვენ კარგად იცოდეთ, ბიძინა ივანიშვილი რუსების სამიზნე ხდება, როგორც კი ასოცირების ხელშეკრულებას ხელისუფლება ხელს მოაწერს, იმ წუთიდან ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება გახდება რუსეთის სამიზნე. მე ვფიქრობ, რომ ივანიშვილი ყველაფერს ძალიან კარგად ხვდება, მას პოლიტიკური ყნოსვის არაჩვეულებრივი უნარი აქვს, ამიტომ ახდენს მისი ქონების რეალიზებას, ის ქონებას ყიდის, ესეც იმის ნიშანია, რომ ის სამზადისშია.
- დაბოლოს, ვინ აიღებს პოლიტიკურ კარტბლანშს?
- ის, ვინც მოდის. ვერ ხედავთ, ვინ მოდის? დაიჯერეთ, რომ ლევან ვასაძე პოლიტიკაში შემოვა.