Express News

სულისშემძვრელი ისტორია-"ქათმის ქურდებს იმ დღესვე იჭერენ და ჩემს შვილს რომ ოთხი დღე აუპატიურებდნენ, ეგ უნდა შეარჩინონ?"


კახეთის რაიონის ერთერთ სოფელში 15 წლის გაუპატიურებული გოგონას მამა პროკურატურას უმოქმედობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ საქმეში არსებული ყველა მტკიცებულების მიუხედავად, დამნაშავეები დღემდე დაუსჯელები არიან. შეგახსენებთ რომ 15 წლის გოგონა, რომელიც სკოლიდან ბრუნდებოდა თანასოფლელმა 17 წლის ბიჭმა გაიტაცა და როგორც გატაცებული ყვება, მასზე სამი დღის განმავლობაში ძალადობდნენ

ხ.ჰ. , გატაცებული გოგონას მამა:

- ბავშვი 24 მარტს გაიტაცეს და 28-ში ვიპოვეთ. ოთხი დღე მთელი სოფელი ფეხზე იდგა და დღე და ღამე ვეძებდით. მერე, ისევ ამ ბიჭების მშობლებმა მიაკვლიეს მათ ადგილსამყოფელს და პოლიციაში მიიყვანეს. პოლიციას და პროკურატურას დანაშაულის დამადასტურებელი ფაქტები თვალწინ აქვთ და რატომ არ არიან დაკავებულები ეს ბიჭები, არ მესმის. ქათმის ქურდებს იმ დღესვე იჭერენ და ჩემს შვილს რომ ოთხი დღე აუპატიურებდნენ ეგ უნდა შეარჩინონ, ეგ უნდა აპატიონ ამ კრიმინალებს? 

- პოლიციაში რას გეუბნებიან?


- მეუბნებიან ჯერ დაკითხვა მიდისო, როდემდე უნდა გაგრძელდეს ეს დაკითხვა დაროდემდე უნდა იაროს ჩემი შვილის გამაუბედურებელმა დაუსჯელად?პროკურატურას მესამე ბიჭი ჯერაც არ დაუკითხავს. მეტიც, პოლიციაში რომ მოვიკითხე რა ხდება-მეთქი, ერთმა მითხრა. თქვენ ასეთი წესი გაქვთ გოგოს გათხოვებისო. 

- თქვენი შვილი როგორ იხსენებს მომხდარს?

- სკოლიდან ბრუნდებოდა, ჩვენ სახლამდე დაახლოებით ხუთას მეტრში იყო რომ ძალით მანქანაში ჩასვეს და წაყვანეს. სამი დღე სადღაც მინდორ-მინდორ ატარეს და საშინლად მოექცნენ. ძალადობის კვალიც ეტყობა და ბავშვი განადგურებულია.

- მანამდე თუ იცნობდნენ ერთმანეთს?

- ეს ბიჭი ჩვენი თანასოფლელია და რათქმაუნდა, ერთმანეთს იცნობდნენ. ჩემი შვილის კლასელები ამბობენ, რომ როცა ჩემს შვილს სკოლაში აკითხავდა, ეს ყოველთვის უარით ისტუმრებდა. ეუბნებოდა, არ მიყვარხარ და შენი ცოლი არასოდეს გავხდებიო და ამ ბიჭმა, როგორც ჩანს ჯიბრით გააკეთა ყველაფერი. პრინციპულად მოიტაცა და თავისას მიაღწია.

- თქვენმა შვილმა პირველ ჩვენებაში თქვა რომ ნებაყოფლობით გაჰყვა ცოლად...


- პირველ დაკითხვას ამ ბიჭის ნათესავი მასწავლებელი ესწრებოდა, ბავშვი შეუშინებიათ, თუ ჩვენს საწინააღმდეგოს იტყვი რამეს, ოჯახის წევრებს ვერასოდეს ნახავ, ძმას მოგიკლავთო. ამ მუქარის მერე დაწერა, რომ უყვარდა და ნებით გაჰყვა, მაგრამ როგორც კი დამინახა, თქვა, მითხრა არ მიყვარს და არც არასოდეს შემიყვარდებაო. მიუხედავად ყველაფრისა, წინააღმდეგია, მისი ცოლი გახდეს. 45 კილოა, ერთი ბეწო ბავშვია, რომელიც ვერავის ცოლობას ვერ გაუწევს, რა ბავშვი უნდა გააჩინოს ასეთმა პატარამ და რა ოჯახი უნდა შეინახოს? სწავლა და სკოლის დამთავრება უნდოდა და ასეთ პატარა ასაკში გამიმწარეს შვილი.

- რას აპირებთ თუ კი გამტაცებელი არ დაისჯება?

- ამ ამბის მერე სკოლაში მეექვსე კლასის ზევით გოგოებს არ უშვებენ, ეშინიათ, რომ მათ შვილებსაც მსგავსი რამ შეემთხვევათ. ჩვენი წესი არ არის ბავშვების გათხოვება, პოლიცია რომ ასეთ შემთხვევებზე თვალს ხუჭავს, სწორედ ამიტომ ხდება ასეთი ფაქტებიც. ბიჭებმა, რომლებიც ასეთ პატარა გოგოებს იტაცებენ, ზუსტად იციან, რომ ამისთვის არავინ დასჯის მათ. პასუხი არ მაქვს რატომ იქცევა ასე პროკურატურა, იმედია სამართალს ვიპოვი.


kvirispalitra.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT