"ღვთის სამსახურში ვარ, ტაძრის მშენებლობაში ვიღებ მონაწილეობას და მჯერა, ყველაფერი კარგად იქნებაო..."
"როდესაც სუფრაზე შევიკრიბებოდით, ეს მუდამ მხიარული და ლაღი ბიჭი, საქართველოსა და უფალზე საუბრისას ისე შეიცვლებოდა, სრულიად სხვანაირი ადამიანი ხდებოდა. თვალებში თითქოს სინათლე უდგებოდა..."
ხელვაჩაურში, კერძოდ, ახალსოფელში მშენებარე ეკლესიის გუმბათის ჩამონგრევას ორი ახალგაზრდის, 21 წლის თორნიკე მახარაძისა და 25 წლის მამუკა მიქელაძის სიცოცხლე შეეწირა. თორნიკე ბათუმის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში სტიქაროსანი იყო. მამუკა კი, როგორც მისი მეგობარი დემურ თიკანაძე ჩვენთან საუბარში ჰყვება, მართლმადიდებელ ქრისტიანად რამდენიმე დღის წინ, თავის დაბადების დღეზე მოინათლა...
დემურ თიკანაძე:
- მამუკა 25 წლის იყო. ხელვაჩაურში არა, ბათუმში ცხოვრობდა. აეროპორტის გზატკეცილთან ახლოს... ძალიან მიჭირს მასზე წარსულში ლაპარაკი. საოცრად თბილი და გულისხმიერი ადამიანი იყო. ოჯახში დედ-მამა ჰყავს და და-ძმა. მამა გულით ავადმყოფია, სამი ინფარქტი აქვს გადატანილი და შვილები ძალიან უფრთხილდებოდნენ. მამუკას და დაოჯახებულია, პატარა შვილი ჰყავს. ძმა - არა.
- არც მამუკას ჰყავდა ოჯახი?..
- არა, მაგრამ საცოლე ჰყავდა. შემდგომაზე აპირებდა დაოჯახებას. არ მუშაობდა და ამიტომაც, ოჯახის შექმნისგან ჯერჯერობით თავს იკავებდა. თუ სადმე სამუშაო გამოჩნდებოდა, თავს არ ზოგავდა. ამ შემთხვევაში ვიცი, რომ ტაძრის მშენებლობაში, ენთუზიაზმზე მუშაობდა, არაფერს იღებდა... სამი დღის წინ ვნახე. გამიხარდა მისი ნახვა და მოვიკითხე, - რას შვები, როგორ ხარ-მეუთქი, - რაღაცნაირად, მოწყენილი ხმით მითხრა, - დროებით უმუშევარი ვარო და იმედია, რამეს ვიპოვიო... ღვთის სამსახურში ვარ, ტაძრის მშენებლობაში ვიღებ მონაწილეობას და მჯერა, ყველაფერი კარგად იქნებაო...
- ვიცი, რომ ახლახან ჰქონდა დაბადების დღე...
- დიახ, ამ რამდენიმე დღის გახდა 25 წლის და იმ დღესვე მოინათლა ქრისტიანად... მანამდეც ქრისტიანული წესით ცხოვრობდა, მაგრამ მონათლული არ ყოფილა...ძალიან მორწმუნე ბიჭი იყო, როდესაც სუფრაზე შევიკრიბებოდით, ეს მუდამ მხიარული და ლაღი ბიჭი, საქართველოსა და უფალზე საუბრისას ისე შეიცვლებოდა, სრულიად სხვანაირი ადამიანი ხდებოდა. თვალებში თითქოს სინათლე უდგებოდა...
- იმ სტიქაროსანზე რა გსმენიათ, თორნიკე მახარაძეზე, რომელიც მაუკასთან ერთად დაიღუპა?..
- მას არ ვიცნობდი. ამ ბიჭის შესახებ მხოლოდ მაშინ გავიგე, როდესაც შემთხვევის ადგილზე მივედი, 21 წლის ბიჭია, ასევე ბათუმელიო... როდესაც მაშველებმა ამოიყვანეს, ჯერ საავადმყოფოში მიიყვანეს, მაგრამ აზრი არ ჰქონდა, უკვე გარდაცვლილები იყვნენ... მამუკა, ჩვენ, სამეგობრომ მივასვენეთ ოჯახში. ვერ გეტყვით, იქ რა საცოდაობა ტრიალებს. არ ვიცი, მამამისი როგორ გადაიტანს ამ ტრაგედიას. ეს ავადმყოფი კაცი მიწაზე ეგდო და ნადირივით ხაოდა... მამუკა თავს არ ზოგავდა, რომ მისი ოჯახის წევრებს არაფერი მოკლებოდათ. ის და მისი ძმა ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, ხან ის მუშაობდა და ხან ეს... არ ვიცი, რა ეშველებათ.
- ტრაგედიის მიზეზზე რამდენიმე ვერსია ვრცელდება...
- დიახ, მეც ვერსიის დონეზე ვიცი, რომ მშენებარე ეკლესიის გუმბათი, დაახლოებით, 50 ტონა მასა, ბოლომდე არ გამშრალა, ანუ ბეტონი ისე არ იყო გამაგრებული, როგორც საჭიროა. და ისე გამოაძრეს საყრდენი ბოძები, რასაც ვერ გაუძლო და ჩამოინგრა. ამას ისიც დაემატა, რომ მშენებლობისთვის უხარისხო მასალა იყო გამოყენებული...
kvirispalitra.ge