Express News

დავით ცინდელიანის ოჯახი დათა ახალაიას დასჯას ითხოვს



2008 წლის 16 აგვისტოს გაუჩინარებული მეტყევე-რეინჯერის, დავით ცინდელიანის დედა თამარ არღვლიანი ითხოვს, რომან შამათავასთან ერთად ბრალი წაეყენოს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ უფროს დათა ახალაიას. თამარ არღვლიანი ამბობს, რომ რომან შამათავა არის მისი შვილის მკვლელობის „შემსრულებელი“, დათა ახალაია კი „შემკვეთი“.
„ჩემი შვილი მოკლეს იმიტომ, რომ ის დაუპირისპირდა კუდის თანამშრომლებს. როცა მათ დატოვეს კოდორის ხეობა და სვანეთში დაბანაკდნენ დათო მათთან მივიდა და უსაყვედურა უიარაღოდ კოდორი რატომ დატოვეთ და რატომ ჩააბარეთ მტრებსო. ამის შემდეგ ჩემი შვილი მალევე დაიბარეს ქუთაისში რეინჯერთა კრებაზე, რომელიც წინასწარ იყო დაგეგმილი. შემდეგ კი მამას მანქანიდან გამოსტაცეს შვილი. რომან შამათავამ აღასრულა ახალაიას დაკვეთა. დათა ახალაია აუცილებლად უნდა დაისაჯოს“, - განაცხადა დავით ცინდელიანის დედამ, რომელიც მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მეზობლებთან ერთად გეგმავს ფეხით მსვლელობას თბილისში, სადაც საპროტესტო აქციას გამართავს. თამარ არღვლიანის განცხადებითვე, თუ დათა ახალაიას ბრალს არ წაუყენებენ მის გვარზე მოხდება სვანური წესით შურისძიება.

„მე დღემდე ცოტა იმედი მაინც მქონდა, რომ ჩემი შვილი ცოცხალია. მე დასაკარგი უკვე არაფერი მაქვს. ბოლომდე ვიბრძოლებ და მხოლოდ იმისთვის ვიცოცხლებ, რომ ჩემი შვილის მკვლელობაში დამნაშავე ყველა პირი დაისაჯოს“.

მეტყევე-რეინჯერი დავით ცინდელიანი 2008 წლის 16 აგვისტოს ქალაქ ქუთაისში მეტყევეთა კრების შემდეგ გაუჩინარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცინდელიანის გაუჩინარების საქმესთან დაკავშირებით დღეს განცხადება გაავრცელა. სამინისტროს ცნობით, „რომან შამათავამ და მისმა რამდენიმე თანამშრომელმა დათო ცინდელიანი მიიყვანეს ქალაქ ბათუმში, შავი ზღვის ნავმისადგომთან, სადაც რომან შამათავა დათო ცინდელიანს აფხაზ სეპარატისტებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა, რასაც იგი უარყოფდა. ცოტახანში ისინი შევიდნენ შავი ზღვის სიღრმეში, დაახლოებით 4 კილომეტრის მანძილზე. რომან შამათავამ ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ერთი გასროლით მოკლა დათო ცინდელიანი. შემდეგ დათო ცინდელიანის გვამს სხეულზე თოკით შეაბა ნავზე არსებული ბეტონნარევი რკინის ღუზა და ცხედარი შავ ზღვაში გადააგდო.

რომან შამათავა მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით და სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით. საქმეზე გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს საგამოძიებო მთავარი სამმართველო", - ნათქვამია განცხადებაში.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT