Express News

მარიხუანას დეკრიმინალიზაცია-ცივილიზაცია თუ საფრთხე?



2 ივნისს, 18:00 საათზე, თბილისში, მთავრობის კანცელარიის წინ ტარდება აქცია მარიხუანას დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით.
ასეთი მოთხოვნით პირველი აქცია ერთი წლის წინ გაიმართა. აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ "მარიხუანას მოხმარების გამო ადამიანების ციხეში ჩასმა დაუშვებელია".
   "ივერიონი" აღნიშნულ თემაზე იმ ადამიანებს დაუკავშირდა, რომლებსაც დროის უმეტესი ნაწილის გატარება ახალგაზრდებთან, მომავალ თაობასთან უწევთ და ყველა მათგანს ერთი კითხვა დაუსვა.
   -საზოგადოების ნაწილი მარიხუანას დეკრიმინალიზაციას ითხოვს და მიმართავს მთავრობას უმოკლეს ვადებში შეწყვიტოს მარიხუანას მოხმარების გამო საკუთარი მოქალაქეების სისხლის სამართლებრივი დევნა.  რა შედეგს გამოიღებს ეს თქვენი აზრით და როგორია თქვენი პირადი შეხედულება ამ საკითხთან დაკავშირებით? რამდენად დიდია რისკი მარიხუანას მოხმარება გაიზარდოს და განსაკუთრებით ახალგაზრდებში, თუკი ეცოდინებათ რომ ისინი ამის გამო არ დაისჯებიან? 
   თამარ მამსიკაშვილი(თბილისის 64-ე საჯარო სკოლის დირექტორი)-რა თქმა უნდა, დაუსჯელობის სინდრომი თუ გაჩნდა, ეს მომავალი თაობისთვის საზიანო იქნება, აქედან გამომდინარე არ უნდა მოხდეს მარიხუანას დეკრიმინალიზაცია. მე, როგორც სკოლის დირექტორი ვფიქრობ, რომ მომავალი თაობისთვის საზიანო იქნება ლეგალიზაცია, მაგრამ უნდა მოიძებნოს დასჯის სხვადასხვა მიმართულებები. პირველ ჯერზე სხვა მეთოდი უნდა იყოს, განმეორებით მოხმარებაზე-სხვა და ასე შემდეგ. საჭიროა ხშირად ჩატარდეს მოზარდებში პრევენციული ღონისძიებები, რათა თითოეულმა მათგანმა კარგად გაითავისოს, თუ რა ზიანს მოუტანს მარიხუანას მოხმარება.
ჭაბუკი ქოიავა(ქალაქ ფოთის მე-7 საჯარო სკოლის დირექტორი)-დღეს მარიხუანას მოხმერების ლეგალიზაცია უარყოფით შედეგს მოგვიტანს და ეს უარყოფითობა განსაკუთრებით ახალგაზრდებში ჰპოვებს ასახვას. სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას სჯობს ოდნავ შემსუბუქდეს სასჯელის ნორმა პირველი შემთხვევის დროს. მე, ახალგაზრდებთან დიდი ურთიერთობა მაქვს და ვთვლი, რომ საზოგადოება ჯერ არ არის მზად მარიხუანას ლეგალიზებისთვის.
ბესო ლომსაძე(საყმაწვილი თეატრ-სტუდია "ჭინჭრაქას" ხელმძღვანელი)-ახლა მარიხუანას მოხმარება დასჯადია, მაგრამ შედეგი? ფარულად მაინც ხდება მოხმარება და უფრო ვერ კონტროლდება ვინ ეწევა და ვინ არა. შეიძლება დასჯა მოიხსნას, მაგრამ ფსიქოლოგიური ზემოქმედებაა მათზე საჭირო. არის ამისთვის ფილმები, სპექტაკლები, ლექციები და ასე შემდეგ, ეს ყველაფერი აკლია დღევანდელ ახალგაზრდობას. შეძახილით ხე გახმაო და ამათ ჩვენ უნდა შევუძახოთ ამ მავნებლობის შესახებ. ჩემს სტუდიაში მე სიგარეტზეც კი მაქვს ძალიან დიდი რეაქცია და ყოველდღე  საშინელ სურათებს და ფილმებს ან ვიდეო რგოლებს ვუდებ ხოლმე, ერთ -ერთი უფროსკლასელი ჩაფიქრდა და თავი დაანება მოწევას. ამ მეთოდმა შედეგი გამოიღო. ასეთი პიარ-კამპანიებია საჭირო, თორემ დასაჯე რა, ჩავა სარდაფში და მოწევს ჩუმად.
   მარიხუანას დეკრიმინალიზაცია ალბათ საზოგადოებაში სხვადასხვა აზრის წარმოშობის და დებატების კიდევ ერთი საკითხი გახდება. ამ საკითხისადმი სხვადასხვა დამოკიდებულება უკვე სახეზეა, სწორედ ამიტომ "ივერიონი" გააგრძელებს ამ თემაზე მკითხველისთვის დეკრიმინალიზაციის მომხრე და მოწინააღმდეგე მხარეების კომენტარების მიწოდებას. 



About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT