რატომ ვერ აჩერებს მთავრობა „არ ემ ჯი გოლდს“ და ვინ დგას კომპანიის უკან?
ბოლო პერიოდში „არ ემ ჯი“ საზოგადოების ინტერესის ცენტრში, საყდრისის საბადოს ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო მოექცა. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ საყდრისის მაღაროს არქეოლოგიური მემკვიდრეობა ფისკალურ და ბიზნესინტერესებს ეწირება და სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით აქციებს მართავს. იგივე შინაარსის დასკვნა გამოაქვეყნა ძეგლებისა და ღირსშესანიშნაობათა საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნული კავშირმა ICOMOS–მა.
საყდრისის ისტორიულ და არქეოლოგიურ მნიშვნელობაზე უცხოელი სპეციალიტებიც საუბრობენ. გერმანელმა პროფესორმა, პრუსიის კულტურული მემკვიდრეობის ფონდის პრეზიდენტმა, ჰერმან პარცინგერმა, მიმდინარე წლის თებერვალში, საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილიც კი მისწერა, სადაც ძეგლის ღირებულებასა და მისი გადარჩენის აუცილებლობაზე საუბრობს.
„2013 წლის 9 დეკემბერს, ბერლინში, გერმანულ-ქართულმა კომისიამ კულტურულ საკითხზე შეხვედრა გამართა. ორივე მხარე შეთანხმდა გაეღრმავებინა უკვე არსებული კულტურული ურთიერთობა ქვეყანებს შორის. ერთ-ერთი საკითხი, რომელიც დაისვა შეხვედრაზე, ეხებოდა საყდრისის უძველესი ოქროს მაღაროს შენარჩუნებას, რომელიც წარმოადგენს უკვე ცნობილ მონუმენტს და ამავდროულად, უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, როგორც საქართველოსთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის. ორივე ქვეყნის კულტურის და ძეგლთა დაცვისა და საგარეო ურთიერთობების სამინისტროები შეთანხმდნენ, რომ ეს ძეგლი უნდა იქნას შენარჩუნებული", - ვკითხულობთ ირაკლი ღარიბაშვილისთვის გაგზავნილ წერილში.
თუმცა განსხვავებული მოსაზრება აქვს მთავრობას: პრემიერ–მინისტრმა მთავრობის სხდომაზე საყდრისის საბადოსთან დაკავშირებით სპეკულაციების დასრულება მოითხოვა და კულტურის და ძეგლთა დაცვის მინისტრს, გურამ ოდიშარიას პრობლემის დაუყოვნებლივ მოგვარებისკენ მოუწოდა. ღარიბაშვილის განცხადებით, არავის დაუმტკიცებია, ამ ადგილას იყო თუ არა ოქროს მაღარო.
კომპანიის კომერციული დირექტორის, სოსო ცაბაძის განცხადებით, სამთო სამუშაოები კანონის სრულიდაცვით მიმდინარეობს. დაინტერესებული ჯგუფი კი, მიზანმიმართულად მოქმედებს კომპანიის ბიზნესსაქმიანობის დისკრედიტაციისა და შეფერხებისთვის და ის კარგად ფინანსდება.
საბადოების დღევანდელი მმართველი კომპანიის RMG ჩოპპერ-ს დამფუძნებლები, რუსი ბიზნესმენები დიმიტრი ტროიცკი და დიმიტრი კორჟევი არიან. მათ ქართველ პარტნიორებად კი, გასული წლის დეკემბრის მონაცემებით, "ჯეოპრომაინინგის" ყოფილი თანამშრომლები ზურაბ ქუთელია და ლაშა ახალაძე გვევლინებიან, კომპანიის დირექტორის პოსტს დიმიტრი კალანდაძე ინარჩუნებს.
ტროიცკიმა და კორჟევმა საწარმო "ჯეოპრომაინინგისგან" მიიღეს.
2004 წელს 33 000 000 დოლარად, საქართველოს ოქროსა და სპილენძის წარმოება, რუსი მილიარდერების, სერგეი გენერალოვისა და მისი პარტნიორის სიმან პოვარიონკის ხელში გადაავიდა. მაშინ ამ საწარმოებს „მადნეული“ და „კვარციტი“ ერქვა. 2005-2012 წლებში, წარმოებას კობა ნაყოფიას ან მასთან დაახლოებული პირების მეშვეობით, გენერალოვ-პოვარიონკინის „პრომიშლენნიე ინვესტორის“ შვილობილი - GეოPროMინინგ-ი მართავდა.
„ჯეოპრომაინინგის“ გასვლის შემდეგ ქართული ოქროს წარმოებაში ისევ რუსი ბიზნესმენები, ტროიცკი და კორჟევი შევიდნენ.
საინტერესოა, რომ 2012 წლის ზაფხულში, „მადნეული“ და „კვარციტი“, 9 წლის წინ, 33 000 000 დოლარად გაყიდული წარმოება, კორჟევმა და ტროიცკიმ უკვე 120 მილიონ დოლარად შეიძინეს. ახალი სახელები: "არ ემ ჯი კოპერი" - „მადნეულს“ და „არ ემ ჯი გოლდი“ – „კვარციტს“ სწორედ ახალმა მფლობელებმა უწოდეს. ესენი არიან სანკტ–პეტერბურგელი ბიზნესმენები, რომლებიც რუსეთში ცნობილ სავაჭრო ქსელ „OK“–ს ფლობენ.
ანალიტიკოსები „არ ემ ჯი“–სადმი ხელისუფლების მხარდაჭერას იმით ხსნიან, რომ მთავრობა მსხვილი ბიზნესის ტყვეობაში იმყოფება. „არ ემ ჯი“–ს ხელმძღვანელობამ საბოტაჟის ნიშნის შემცველი მესიჯი რამდენჯერმე გაუგზავნა ხელისუფლებას, როდესაც, მუშების გაფიცვის დროს განაცხადა, რომ აქტივებს სომხეთში გადაიტანდა და საქართველოში საწარმოს დახურავდა, და მეორე – როდესაც გავრცელდა ინფორმაცია მათი ბიზნესის ირანში გადასვლის შესახებ. აქედან გამომდინარე, ნათელი ხდება, რომ ხელისუფლება მსხვილი მონოპოლიების ტყვეობაში იმყოფება და მას უბრალოდ, შეეშინდა ქვეყანაში სამუშაო ადგილების დაკარგვის, ამიტომაც „საყდრისის დამცველებსა“ და კომპანიას შორის კონფლიქტში ამ უკანასკნელის მხარეს დადგა.
ასევე საინტერესოა, რომ „არ ემ ჯი“ ოქროს მოპოვებას მოძველებული, გროვული გამოტუტვის მეთოდით ახორციელებს, რაც წარმოების პროცესში კალიუმის ან ნატრიუმის ციანიდის გამოყენებას გულისხმობს და ეკოლოგიისთვის საზიანოა, ეს მეთოდი ცივილურ ქვეყნებში აღარ გამოიყენება, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა კი, როგორც ჩანს, კომპანიას არ უღირს, რადგან, როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, კომპანიას საქართველოში გრძელვადიანი გეგმები არ აქვს.
ამავე მიზეზით აიხსენება ის გარემოება, რომ „არ ემ ჯიმ“ საყდრისის საბადოს ათვისება დაიწყო, რომელიც ზედაპირთან ახლოსაა, მას არ სურს გააგრძელოს უკვე ათვისებულ მონაკვეთებზე მოპოვება, სადაც რესურსი ჯერაც ძალიან დიდია, თუმცა, იქ მუშაობა შედარებით ძვირადღირებულ ტექნოლოგიებთანაა დაკავშირებული.
სოსო ქუმსიაშვილი
http://bfm.ge