Express News

შსს-მ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 10 პირი დააკავა

შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფოთში, წალენჯიხაში, ზუგდიდში, სენაკში, თბილისსა და გორში ერთდროულად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 10 პირი: 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულის ბრალდებით მრავალჯერ ნასამართლევი გიორგი კ, 1969 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულის და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის ნასამართლევი გელა ქ, 1985 წელს დაბადებული ლაშა ჩ, 1971 წელს დაბადებული გელა გ, 1986 წელს დაბადებული, წარსულში დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობისთვის, ქურდობისთვის, პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ნასამართლევი დავით ქ, 1986 წელს დაბადებული ვიტალი ბ, 1989 წელს დაბადებული, წარსულში ნარკოდანაშაულის და ქურდობისთვის ნასამართლევი გიორგი რ, 1972 წელს დაბადებული, წარსულში ყაჩაღობის, ქურდობის და ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი გელა ქ, 1995 წელს დაბადებული ავაზი უ. და 1979 წელს დაბადებული, წარსულში იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვისთვის და ნარკოდანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი თენგიზ კ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები ქურდულ სამყაროს აღიარებენ, სხვადასხვა სარგებლის მიღების მიზნით, ქურდული კანონების შესაბამისად, სპეციალური წესების დაცვით მოქმედებდნენ და მიზანმიმართულად ცდილობდნენ ქურდული სამყაროს ინტერესების საზოგადოებაში დანერგვასა და განმტკიცებას.
გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ დაკავებულები ქვეყნის გარეთ მყოფი კანონიერი ქურდების გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ. ისინი ქურდული სამყაროს მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფი პირებისგან კონკრეტულ დავალებებს იღებდნენ და ასრულებდნენ.
სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღები, ხელყუმბარა და ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.
გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით).
საქმეზე გამოძიება გრძელდება და სხვა დამნაშავე პირების დადგენა-დაკავების მიზნით მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT