დათა ახალაიას ექსტრადირების საკითხზე საბერძნეთის სასამართლო დღეს იმსჯელებს
კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ) ყოფილი უფროსის დათა ახალაიას საქართველოში ექსტრადირების საქმეზე საბერძნეთის ქალაქ პატრას სასამართლო დღეს იმსჯელებს.
ახალაიას ბერძენი ადვოკატის ალექსანდროს პაპასტერიოპულუსის განცხადებით, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ბერძნული კანონმდებლობის შესაბამისად, კიდევ ერთი მოსმენა გაიმართება. მისივე თქმით, სავარაუდო ექსტრადირების შემთხვევაში, ასევე, ბერძნული კანონმდებლობით მთელი რიგი პროცედურებია საჭირო ექსტრადირების სისრულეში მოსაყვანად. ადვოკატის ინფორმაციით, საბერძნეთის კანონმდებლობის თანახმად, გადაწყვეტილებას საბერძნეთის იუსტიციის მინისტრმა უნდა მოაწეროს ხელი.
ყოფილი მაღალჩინოსნის პროცესს საბერძნეთში საქართველოს საპარლამენტო უმცირესობის წევრი აკაკი მინაშვილიც დაესწრება.
როგორც გუშინ მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ განაცხადა, ექსტრადირების საკითხი, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირის ბოლომდე გაირკვევა.
კუდ-ის ყოფილი უფროსი დათა ახალაია დაახლოებით ორი თვის წინ საბრძნეთში მაშინ დააკავეს, როცა ის ოთარ ურუშაძის სახელით, საბერძნეთიდან იტალიაში გადასვლას ცდილობდა. დათა ახალიას წინააღმდეგ საქართველოში სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე ეპიზოდზეა აღძრული, მათ შორისაა ე.წ ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე.