გარდაბანში გვიან ღამით ქართველი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
დაპირისპირება ჩაის სახლში სიტყვიერი შეურაცხყოფით დაიწყო, შემდეგ ფიზიკურში გადაიზარდა და ახალგაზრდები ერთმანეთს ქვებითა და ხელკეტებით გაუსწორდნენ.
თვითმხილველების თქმით, დაპირისპირებაში 200-მდე ახალგაზრდა იყო ჩართული.
ადგილობრივთა ნაწილის განცხადებით, კონფლიქტი „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შორის მოხდა, ნაწილის შეფასებით კი, ინციდენტი ეთნიკურ ნიადაგზე დაიწყო.
„ჯგუფურ დაპირისპირებამდე რამდენიმე ადამიანმა დაიწყო ჩხუბი. შემდეგ 4 მათგანი მანქანაში ჩაჯდა და ჩაიხანისკენ გაემართა. იქ კი 15-მდე ადამიანი შევიდა მათ საცემად. ისინი მათ „ნაციონალებს“ ეძახდნენ და უხეშად მოიხსენიებდნენ. ამის შემდეგ მოვიდა პოლიციაც და ერთ-ერთი ეთნიკურად აზერბაიჯანელი პოლიციელიც ცემეს. შემდეგ 200-მდე ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც ხელკეტებითა და ქვებით იყო შეიარაღებულები. გაისმა გამაფრთხილებელი სროლის ხმაც, თუმცა ამას რეაგირება არ მოჰყოლია“,- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ გარდაბნის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ რამინ ბაირამოვმა.
კოალიცია „ქართული ოცნების“ გარდაბნის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელ მავიზ ზეინაბოვის განცხადებით კი, ეთნიკური კონფლიქტის წამოწევა წინასაარჩევნოდ ხელოვნურად ხდება.
„არჩევნების წინ სურთ ეთნიკური საკითხის წამოწევა. 25 წელია, ერთად ვცხოვრობთ და ასეთი პრობლემა არასდროს ყოფილა. ჩვენ და სვანები ყოველთვის ვმეგობრობდით. არ შეიძლება ამაში პოლიტიკური მოტივის ძებნა. ჩვენ ერთ ქვეყანაში ვცხოვრობთ. თუ რამდენიმე ადამიანმა იჩხუბა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ 500-მდე აზერბაიჯანელი ქართველების წინააღმდეგ წავიდა“,- განაცხადა მავიზ ზეინაბოვმა.
ვითარების განმუხტვა პოლიციისა და სპეცრაზმის ჩარევის შედეგად მოხერხდა.
რამდენიმე ახალგაზრდა მსუბუქად არის დაშავებული. გამოძიება ხულიგნობის მუხლით მიმდინარეობს.