ირაკლი ალასანია-"პასუხისმგებლობააფხაზეთში შექმნილ ვითარებაზე ეკისრება ოკუპანტ ქვეყანას"
აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ეხმაურება და აცხადებს რომ ოკუპანტი ქვეყანა აგრძელებს არა მხოლოდ სამხედრო ანექსიას, არამედ პოლიტიკურ ანექსიასაც. „ ეს არის კიდევ ერთი დემონსტრირება საოკუპაციო ძალების მხრიდან, იმ ქვეყნის მხრიდან, რომელსაც ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს, რომ ის აგრძელებს არა მხოლოდ სამხედრო ანექსიას, არამედ პოლიტიკურ ანექსიასაც, ჩვენი ქვეყნის, კონკრეტულად აფხაზეთის რეგიონის. ჩვენ ძალიან გვაღელვებს, როგორ განვითარდება მოვლენები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, როგორ აისახება ეს ჯერ კიდევ იქ დარჩენილ აფხაზეთის, გალის ტერიტორიაზე ქართულენოვან მოსახლეობაზე. ვაკვირდებით მოვლენებს და მხოლოდ მოლაპარაკებების გზით ვაპირებთ ამ პრობლემების დარეგულირებაზე ზრუნვას. არის ჟენევის ფორმატი, სადაც მომავალში ეს საკითხები იქნება განხილული. მინდა ხაზი გავუსვა, რომ აფხაზეთის ტერიტორიას საოკუპაციო ძალები აკონტროლებენ, საქართველოს ხელისუფლების იურისდიქცია არ ვრცელდება, აქედან გამომდინარე, მთელი პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე ეკისრება ოკუპანტ ქვეყანას", - განაცხადა ალასანიამ.