6 აპრილს, „რუსთავი 2“-ის გადაცემა „კურიერი P.S.“ -ში მომზადებულ სიუჟეტში, რომელიც 25-ე არხის მეპატრონეებისათვის ერთ დღეში სახელმწიფო ქონების გადაცემასა და პროკურატურის მხრიდან არხის მფლობელებზე ზეწოლის შესახებ განცხადებას ეხებოდა, 25-ე არხის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გია სურმანიძემ განაცხადა, რომ 2012 წელს ქონება სახელმწიფომ არხის დამფუძნებლებს აჭარაში დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობისთვის გადასცა.
სიუჟეტის ავტორის კითხვაზე, რატომ მიიღეს 25-ე არხის დამფუძნებლებმა სახელწიფოსგან 1-დან 4 მილიონ დოლარამდე ღირებულების ქონება, გია სურმანიძემ ასე უპასუხა:
„ჩვენ გვითხრეს, რომ რეგიონში, აჭარის რეგიონში დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობისთვის, სიტყვის თავისუფლების განვითარებისათვის, იმ მუშაობისთვის, რაც ჩვენ მოვახდინეთ აჭარაში.“
გია სურმანიძეს არ განუმარტავს, არხის დამფუძნებლებისათვის „დემოკრატიის ხელშეწყობისთვის“ სიმბოლურ ფასად გადაცემული მილიონობით დოლარის ღირებულების ქონება რატომ აღმოჩნდა არა უშუალოდ მათი, არამედ მათი ნათესავების საკუთრებაში და არხის დამფუძნებლები კატეგორიულად რატომ უარყოფდნენ ამ ქონებასთან კავშირს დღემდე.
გაზეთ „ბათუმელებმა“ სახელმწიფო ქონების 25-ე არხის დამფუძნებლების ნათესავებისათვის გადაცემაზე სტატია 2012 წლის მარტში მოამზადა. მაშინ კითხვაზე, არხის დამფუძნებლების ნათესავებისთვის ქონების გადაცემა გარიგების ფორმა ხომ არ არის არხსა და სახელმწიფოს შორის, გია სურმანიძემ ასე უპასუხა:
შეგახსენებთ, ბათუმის 25-ე ტელეარხის დამფუძნებელი და მფლობელი ზეწოლაში ადანაშაულებენ საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებს. ტელეკომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და დირექტორმა გიორგი სურმანიძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს წერილით მიმართა და საქმის პირადად გაკონტროლება სთხოვა. სურმანიძის განცხადებით, ის და 25-ე არხის მფლობელი ჯემალ ვერძაძე 17 დეკემბერს დაიბარეს მთავარ პროკურატურაში, სადაც მათზე ზეწოლას ახდენდა ათამდე გამომძიებელი და მაღალჩინოსანი და მოითხოვდნენ დაედასტურებინათ, თითქოს 2012 წლის 24 თებერვალს 25-ე არხის წილის გასხვისება მოხდა საქართველოს იმჟამინდელი ხელისუფლების პირველი პირების უშუალო მონაწილეობითა და ორგანიზებით.
batumelebi.ge