Express News

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა კახა მიქაიამ საკრებულოს დღევანდელი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა



ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა კახა მიქაიამ საკრებულოს დღევანდელი სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. თუმცა მანამდე ამ პროტესტის მიზეზები განმარტა.

„არ შემიძლია არ გამოვეხმაურო საკადრო ცვლილებებს და დანიშვნებს ქალაქის მერიასა და მუნიციპალიტეტის გამგეობაში. ადგილობრივი ხელისუფლება „ქართული ოცნების“ წევრების დისკრიმინაციას ეწევა და მიზანმიმართულად არ ნიშნავს საპასუხისმგებლო თანამდებობებზე. ძირითად მნიშვნელოვან თანამდებობებზე კვლავ რჩებიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები“, - განაცხადა კახა მიქაიამ.

მანვე აღნიშნა, რომ დაინტერესდა, თუ რატომ რჩებიან პოზიციებზე „ქართული ოცნების“ მიერ არაერთგზის გაკრიტიკებული პირები, პასუხად კი მიიღო, რომ ისინი „პროფესიონალები არიან“.

„მაშინ მე ვსვამ კითხვას, თუ ისინი იყვნენ ასეთი პროფესიონალები, მაშინ რატომ ვებრძოდით მათ და რატომ გავუშვით ხელისუფლებიდან? ეს უკვე არ არის კოაბიტაცია, ეს არის მახინჯი კოაბიტაციის ფორმა“, - განაცხადა საკრებულოს წევრმა.

კახა მიქაიასვე თქმით, არ შეუძლია ასევე არ გამოეხმაუროს ხათუნა დარასელიას დანიშვნას კულტურის სფეროში ერთ-ერთ წამყვან თანამდებობაზე. მანვე გაიხსენა მოხალისე მასწავლებლის ტომას ფლეტჩერის მუშაობის პერიოდი #4 საჯარო სკოლაში, რა დროსაც დარასელია ამ სკოლის დირექტორი იყო.

„ეს იყო ის მასწავლებელი, რომელიც პირში ფალოიმიტატორგაჩრილი ევლინებოდა საზოგადოებას. ისინი ერთად „ნაციონალური მოძრაობის“ სახეები გახდნენ. დღეს კი „ნაციონალური მოძრაობის“ სახე არის ასეთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე. ჩემთვის მნიშვნელოვანია რას ამბობს ხალხი გარეთ, ქუჩაში და არა ის, რასაც თქვენ ამბობთ მეგობრებო კაბინეტებში. ხელისუფლება, რომელიც არ უსმენს მოსახლეობას, ყოველთვის დამარცხდება, მე კი არ მინდა „ქართული ოცნება“ დამარცხდეს“, - განაცხადა კახა მიქაიამ.

მანვე მიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგიას, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ დროს კუდ-ში მუშაობდა.
livepress.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT