Express News

მამათა მონასტრიდან ყაზბეგში 70-მდე მოქალაქეა გადაყვანილი

დარიალის ხეობაში მდებარე მამათა მონასტრიდან ყაზბეგამდე, ამ დროისთვის, 70-მდე მოქალაქეა ჩამოყვანილი, - ამის შესახებ დარიალის ხეობაში მყოფ "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ზვიად ქაწაშვილმა განუცხადა. 
მისივე განმარტებით, აღნიშნულ ტერიტორიაზე დარჩენილი ქალებისა და ბავშვების ევაკუაციისთვის საჭიროების შემთხვევაში პროცესში ვერტმფრენიც ჩაერთვება. 
"ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს, როგორც გვირაბთან, ისე სხვა მიმართულებით, მათ შორის იქეთა მხარეს დარჩენილი ხალხის ყაზბეგში გადმოყვანის კუთხით. დაახლოებით 60-70-მდე ადამიანის გადმოყვანა მოხდა მონასტრის ტერიტორიიდან. საჭიროების შემთხვევაში პროცესში ვერტმფრენიც ჩაერთვება და ქალები და ბავშვები იქნებიან ევაკუირებული", - განაცხადა ქაწაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წუთის წინ მცირე დროით დარიალის ხეობაში იწვიმა. 
ზვიად ქაწაშვილის თქმით, წვიმის გამო სამუშაოები არ შეჩერდება და 24-საათიან რეჟიმში გაგრძელდება. 
დარიალის ხეობაში სტიქიისას მონასტერს ლარსის საბაჟოს თანამშრომლებმა და იმ პირებმაც შეაფარეს თავი, რომლებმაც საზღვარი გადმოკვეთეს.
"ინტერპრესნიუსი" დაუკავშირდა სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოსსაც. მთავარეპისკოპოს იუგუდიელის განცხადებით, მამათა მონასტრიდან ბერების ევაკუაციის საჭიროება არ არსებობს. 

interpressnews.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT