Express News

რას ამბობდა ზუგდიდელი ბიზნესმენი სიკვდილამდე და რითი დაემუქრნენ ახალაიები?!



როლანდ ახალაიამ ბიზნესმენ თემურ ყორშიას წერეთელზე ოროთახიანი ბინის შეძენა დაავალა, – ამის შესახებ გარდაცვლილი ბიზნესმენის მეუღლე ლალი ჯინჭარაძე გაზეთ „ვერსიასთან“ საუბრობს.
ჯინჭარაძის თქმით, მისმა მეუღლემ ბინაში 60 ათასი გადაიხადა. „ზუგდიდში პოლიციის შენობა იყიდებოდა თავისი მიწის ნაკვეთით. როლანდ ახალაიამ დაიბარა თემური და უთხრა, ამ აუქციონში შენ მიიღებ მონაწილეობას, მიწის ნაკვეთს და და შენობას იყიდი. შენს გარდა არავინ იქნება, მერე მე გადმოვიფორმებ და ფულს გადაგიხდიო. ახლა საპრეზიდენტო არჩევნები მოდის და ჩემი გამოჩენა არ ივარგებს, არჩევნებს უეჭველი მოვიგებთ, ფული მექნება და დაგიბრუნებო. თემურმა უარი უთხრა, ამ წუთებში არანაირი თანხა არ მაქვსო. მაგრამ ახალაიამ აიძულა ამის გაკეთება. თემურს, მთელი ქონების ბანკში ჩადება მოუხდა, რათა აუქციონზე გასულიყო. ბანკში ჩაიდო დათა ახალაიას მძღოლის საცხოვრებელი სახლიც. აუქციონის დღეს გაირკვა, რომ ამ მიწაზე პრეტენზია ვანო მერაბიშვილსაც ჰქონდა და მისი წარმომადგენელი იქ კომპანია „პე-ეს-პეს“ ერთ- ერთი შეფი იყო. გაგიჟდა თემური, ახალაიას დაურეკა, მაგრამ მას ტელეფონი გათიშული ჰქონდა. აქეთ „პე-ეს-პეს“ წარმომადგენელმა დაურეკა ვანო მერაბიშვილს და მიიღო მითითება, ბოლომდე იბრძოლეო. თემურმა ახალაიას დისშვილს დაურეკა, ბიძაშენს ჰკითხე, რა ვქნაო, მაგრამ როლანდი ვერც მან იპოვა. თემური აუქციონს ბოლომდე მიჰყვა და საბოლოოდ მიწა, რომელიც 250 ათასად იყო შეფასებული, 450ათასად იყიდა“, – აცხადებს ლალი ჯინჭარაძე.
როგორც ლალი ჯიჭარაძე აცხადებს, როლანდ ახალაიამ ამის შემდეგ მის მეუღლეს კიდევ სხვა ობიექტის შეძენა მოსთხოვა. მისი თქმით, როლანდ ახალაიამ თემურ ყორშიას წერეთელზე ოროთახიანი ბინის შეძენა დაავალა. „ერთ დღეს დაიბარა როლანდ ახალაიამ თემური და გამოუცხადა, ეგ მიწა აღარ მჭირდება, შენთვის მიჩუქნია და სამაგიეროდ სუპერმარკეტი „ბორჯომი“ მინდა (ეს სუპერმარკეტი ქალაქის ცენტრში იყო და ძალიან კარგად მუშაობდა) , რესტორანი ზუგდიდში და თბილისში, წერეთელზე ოროთახიანი ბინაც უნდა მიყიდოო, ანუ ჩემი მეუღლის კრედიტით ნაყიდი მიწა ჩემს მეუღლესვე აჩუქა და სანაცვლოდ ეს მოითხოვა. ეს ყველაფერი თემურს თავისი დისშვილის, ბესო ცხადაიას სახელზე გადააფორმებინა, წერეთელზე ბინა კი 60 ათასი დაჯდა“, – აცხადებს ლალი ჯინჭარაძე.
მისი თქმით, მის მეუღლეს გამუდმებით უთვალთვალებდნენ. როგორც ლალი ჭინჭარაძე ამბობს, მისი მეუღლე დაპატიმრებასაც არ გამორიცხავდა, თუმცა, ის ფიქრობდა, რომ ახალაიები მას ციხეში არ გაახარებდნენ. „ისიც თქვა, ციხეში ჩავჯდები, მაგრამ დამპირდნენ, თუ დაგიჭერთ, იცოდე, ჩამოგკიდებთო. ახალაიას ცოცხალი მოწმე არ სჭირდებოდა და ციხეში მას არ გაახარებდნენ. თემური აშკარად გრძნობდა, რომ მოკვლას უპირებდნენ და ცალკე წერილებს წერდა, ცალკე ვიდეოს იღებდა, სადაც დეტალურად ჰყვება ყველაფერს და ეს დოკუმენტები ჩვენც გვაქვს და პროკურატურასაც“, – აცხადებს ლალი ჯინჭარაძე გაზეთ „ქრონიკასთან“ ინტერვიუში.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT