Express News

”წელში იყო გადატეხილი, თავი დაჩეჩქვილი ჰქონდა” - აქვს თუ არა პატიმრის გარდაცვალებას კავშირი დედის გათხოვებასთან


"ამბობენ, რომ თითქოს დედაჩემი გათხოვდა, პატიმარმა ინერვიულა და თავი ჩამოიხრჩოო. თუ ეს ყველაფერი მართალია და მე ვიტყუები, გამიათმაგდეს ტკივილი, მაგრამ ვინც ამას იგონებს, ღმერთმა გაუასმაგოს სადარდებელი", - ამის შესახებ გეგუთის ციხეში 23 მარტს გარდაცვლილი ავთო მაისურაძის და, როზეტა მაისურაძე "ამბები.გე"-სთან აცხადებს.

როზეტა მაისურაძე ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ავთო მაისურაძემ დედის გათხოვების ამბავი ტრაგიკულად აღიქვა და თავი ჩამოიხრჩო, გამორიცხავს. როზეტა გარდაცვლილი პატიმრის სხეულზე არსებული დაზიანებების შესახებაც საუბრობს და ამტკიცებს, რომ მსგავსი დაზიანებები თავის ჩამოხრჩობის შემთხევაში არ ექნებოდა: "ჩვენ გვითხრეს, რომ ჩემმა ძმამ თავი მოიკლა. გვამი რომ ნახა დედაჩემმა, ნაწამები იყო: - წელში იყო გადატეხილი, თითები დამტვრეული, ფეხები დაზიანებული, თავი დაჩეჩქვილი. მას ორ კვირაში სასჯელის ვადა ეწურებოდა. დედაჩემს დაურეკა და უთხრა, ციხიდან რომ გამოვალ, უცხეთში წავალ და აღარასდროს გაგვიჭირდებაო. ამის შემდეგ, ის თავს აღარ მოიკლავდა. დღეს საქართველოში სამართალი არ არის. ციხის ადმინისტრაციის ბრალია, რომ ვერ შეძლეს ჩემი ძმის სიცოცხლის ორი კვირით დაცვა", - აღნიშნა როზეტა მაისურაძემ. ავთო მაისურაძე აბაშაში შორეულმა ნათესავებმა გადაასვენეს და ორი დღის წინ დაკრძალეს: "დედა სულის ახსნას ელოდება. მას უფრო უჭირს, ვიდრე მე", - აღნიშნა როზეტა მაისურაძემ.

მაისურაძეების ოჯახი სოციალურად დაუცველია. გარდაცვლილი მაისურაძის ბებია, დედა და და ხელვაჩაურში, ყოფილი 53-ე ბატალიონის ტერიტორიაზე "ოცნების ქალაქში" პატარა ფიცრულში თვითნებურად შეჭრილ ოჯახებთან ერთად ცხოვრობენ. როზეტა ამბობს, რომ ბებიამ შვილიშვილის გარდაცვალების შესახებ არაფერი იცის. იმიტომ არ უმხელენ, რომ მძიმე ფსიქიური პრობლემები აქვს და შესაძლოა, უარეს მდგომარეობაში ჩავარდეს.


მაისურაძეების ოჯახი წლების წინ იმერეთიდან აჭარაში გადმოვიდა საცხოვრებლად. ისინი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ და სოციალური პრობლემები აწუხებდათ. როგორც როზეტა იხსენებს, მისი ძმა მეორედ სწორედ ნაქირავებ ბინაში ცხოვრების დროს დააპატიმრეს: "პირველად ჩემი ძმა სამართლიანად დააპატიმრეს. მოიხადა სასჯელი და გამოვიდა ციხიდან, მაგრამ 
მას ბევრი ინფორმაცია ჰქონდა იმის შესახებ, რაც ციხეში ხდებოდა. მას ემუქრებოდნენ, რომ თუ არ წავიდოდა უცხოეთში, ისევ იქ დააბრუნებდნენ, საიდანაც გამოვიდა. ვერ წავიდა უცხოეთში, 5 ლარი არ გვაქვს, რომ გადავაადგილდეთ და მარტივი არ იყო უცხო ქვეყანაში წასვლა ყოფილი პატიმრისთვის. აასრულეს მუქარა, მიუგზავნეს კაცი, რომელმაც იარაღი გადასცა, იმავე წუთს, ორი ქუჩა გადაიკეტა, სპეცოპერაცია ჩატარდა და ჩემი ძმა დააპატიმრეს. იარაღზე ჩემი ძმის ანაბეჭდებიც არ აღმოჩნდა. მოვითხოვე იარაღის ნომერი, იმ იარაღის მსხვერპლი მხოლოდ ჩემი ძმა არ იყო, კიდევ ბევრი ადამიანი დააპატიმრეს. ეს ყოფილი ხელისუფლების დროს მოხდა", - აღნიშნა როზეტა მაისურაძემ.
ავთო მაისურაძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში დაახლოებით, ექვსი თვის წინ გაიგზავნა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით. ჯერჯერობით უცნობია, მიიღო თუ არა საქმე სტრასბურგის სასამართლომ წარმოებაში. ავთო მაისურაძე სასჯელს იარაღის უკანონი შენახვისთვის იხდიდა. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, მაისურაძე 23 მარტს გეგუთის ციხეში გარდაიცვალა.

ნინო ხოზრევანიძე, Ambebi.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT