Express News

მშიერი ქვეყნის მაძღარო ხელისუფლებავ, ხალხი გეკითხება, როდემდე უნდა გაგრძელდეს უსამართლობა?


ჩემი "ოცნება" გახუნდა - ხადურმა "გაახალტურა"! ჩემი დარდები დაბერდა - დარდი დარდს მიჰყავს, არ ქრება! ჩემი სიზმრები არ ხდება - ქვეყანა ფეხზე არ დგება! ჩემი სიმართლე არ გადის, უსამართლობის ჯერია! "შავი ჯიპების" ქარავანს ეს გაზაფხულიც არ მოჰყავს!  
მშიერი ქვეყნის მაძღარო ხელისუფლებავ, ხალხი გეკითხება,  როდემდე უნდა გაგრძელდეს უსამართლობა? გათუთიყუშება და ტოტალური ტყუილების ლაპარაკი, რომ თურმე საქართველოს ეკონომიკაში დინამიკა შეიმჩნევა, რომ ლარის კურსი დოლართან მიმართებაში დასტაბილურდა? ფინანსთა მინისტრო ნოდარ ხადურო, განა იმიტომ ხარ მოსახსნელი, რომ რესტორან "წისქვილში" ფრანგ სტუმრებთან ღრეობაში გადაქცეულ ქეიფში 4 527 ლარი 30 თეთრი გადაიხადე, განა იმიტომ ხარ დასაჭერი, რომ ფრანგები ქართულ დოლ-გარმონზე აცეკვე, მუსიკის მომსახურებაში 850 ლარი და 20 თეთრი გადაიხადე და ხალხის ფულით მაგარი გააჯაზე, მოსახსნელი იმიტომ ხარ, რომ უტიფრად იტყუები, გამოდიხარ და ჯიუტად გვიმტკიცებ, რომ ლარის კურსი დასტაბილურდა, აბა, სად არის ინფლაციაო. ხადურო, რაც გიცნობ, ეკონომიკურ ანალიზს კარტოფილის ფასით იწყებდი და ასრულებდი, ახლა 1,80 თეთრი რომ ღირს ეგ შენი საყვარელი ბოსტნეული, ეს რას ნიშნავს, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1,80 გახდება? მაგრამ რაღა გადარდებს, შენი ოცნება ასრულდა, კარტოფილიდან "ასატრინის" მწვადებზე გადახვედი, ამიტომაც სჭირდება შენს ფუმფულა უკანალს განუსაზღვრელი ოდენობისა და სოლიდური თანხის "სელპაკის" სურნელოვანი ტუალეტის ქაღალდები. ჰოდა, როგორც კახა ბენდუქიძე იტყოდა - "იდი ნა ხ...ი, ხადურო"! რომელი დიდი ფინანსისტი შენ ხარ, ჩვენს ხარჯზე გაცხოვროთ და თვალი დაგიხუჭოთ? როდემდე უნდა ვისმინოთ, რომ წინა ხელისუფლების კაბალური ხელშეკრულებების გამო არ იაფდება გაზის, დენის, წყლის გადასახადები? რით ახსნით საწვავზე ფასის ზრდას, ახლაც სააკაშვილის ჯიბეში ჩადის საწვავიდან 40 თეთრი? როდემდე უნდა ვუყუროთ ამ პარლამენტს, რომელიც არ არის ხალხის რჩეული? მოლაპარაკე თავები მაინც გყავდეთ, ცოტას გავერთობოდით. როდემდე უნდა ვუსმინოთ სულელურ, ტყემალაძისეულ ინიციატივებს, რომ რუსთაველის 8, სადაც პარლამენტის შენობაა, ქუთაისს დავუქვემდებაროთ, დაახლოებით ისევე, როგორც ეს საელჩოების შემთხვევაშიაო. იქნებ საფრანგეთში ლევილის სასაფლაოსაც მიანიჭოთ მუხათგვერდის მისამართი? აი, მახათის ყრას ვერ გადაეჩვიეთ, განა შეიძლება ნათელ თავში ასეთი გონებაჩამორჩენილი, ინოვაციამოკლებული აზრები დაიბადოს? როდემდე უნდა იცეკვოთ "ნაცმოძის" დაკრულ მუსიკაზე? ისინი "როკენროლს" გიკვეთენ და თქვენ კი "შალახოს" უბერავთ... რომ წამოწოლილხართ მხართეძოზე და რამდენიმე კაცის იმედად მიაგდეთ ეს ქვეყანა, რესტორნებში სადღეგრძელოების გზით აპირებთ ამ ქვეყნის გადარჩენას და კრიზისიდან გამოყვანას? 
რა საჭიროა ისეთი მუქთახორა პარლამენტი, თუკი ვერც ხალხისთვის სასარგებლო კანონებს იღებს და პარლამენტს, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტს, პატივს არ სცემს? პარლამენტში მაინც იარეთ ზრდილობის გულისთვის, როლანდ ახალაია, ნიკოლოზ ყიფშიძე და მარიკა ვერულაშვილი პარლამენტის სხდომების გაცდენის რეკორდსმენები აღმოჩნდნენ, ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის მონიტორინგის ოფიციალური გვერდი ავრცელებს. ამ მონაცემების თანახმად, საქართველოს პარლამენტში 2013 წელს გამართული კენჭისყრის შედეგებით ირკვევა, რომ კენჭისყრებს საერთოდ არ დასწრებია ყვარლის მაჟორიტარი დეპუტატი მარიკა ვერულაშვილი. 455 კენჭისყრიდან მხოლოდ 14-ს დაესწრო დეპუტატი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ნიკოლოზ ყიფშიძე. კენჭისყრების 96% გააცდინა როლანდ ახალაიამ. კენჭისყრებს საერთოდ არ დასწრებია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი გოგი ოჩიაური. ამავე ვებგვერდის ინფორმაციით, კენჭისყრებში არ მონაწილეობს კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი შალვა კიკნაველიძე, რომელიც არც ერთ სესიას არ დასწრებია. მონიტორინგის თანახმად, კენჭისყრებში მონაწილეობა არ მიუღია კიდევ ერთ დეპუტატს - გოდერძი ბუკიას. არც ერთ კენჭისყრაში არ მოუღია მონაწილეობა "ქართული ოცნების" წევრს მალხაზ წერეთელს, რომელიც გარემოს დაცვის კომიტეტის წევრია. ის ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატია. ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დრომდე არც ერთ მოქალაქეს არ მიუმართავს შეკითხვით დეპუტატ მალხაზ წერეთლისთვის. 
თქვენ აგირჩიათ ხალხმა, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, და ვალდებულებას ვიღებთ თქვენს დაფინანსებაზე, იღებთ სოლიდურ ხელფასებს, გემსახურებათ მანქანები, გაქვთ პრივილეგიები, თქვენი ვალია, ემსახუროთ ხალხს, მონაწილეობა მიიღოთ საპარლამენტო ცხოვრებაში და თუ ამდენი არ შეგიძლიათ, რიკოთიდან დასრიალდით! ქაოსი, რომელიც ახალი ხელისუფლების მოსვლას ახლავს ხოლმე, სამწუხაროდ, გახანგრძლივდა და იგრძნობა, რომ ამ ადამიანთა ჯგუფი იდეის გარშემო არ არის გაერთიანებული, მათი მიზანია "პრაგმატული ოცნებების" ახდენა და პირადი კეთილდღეობის მოწყობა, ნონ-სტოპის რეჟიმში. ეს კი აუცილებლად აისახება ადგილობრივ არჩევნებზე და შესაძლოა, "ოცნების" მთავრობა სიურპრიზების წინაშე აღმოჩნდეს, თუკი ამ ნირვანადან არ გამოვა და რეალურ ქმედებას არ დაიწყებს. ახლა გუნდის შიგნით დაპირისპირებისა და ბრექიაობის დრო ნამდვილად არ არის, რადგან ძალიან ცოტა დრო რჩება გაზაფხულამდე, როცა ხალხი ქუჩაში დგომას არ დაგზარდებათ, ბატონებო, და გააპროტესტებს სოციალურ სიდუხჭირეს, რაც ყოველდღიურად გაუსაძლისი ხდება. დროა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გადახედოს საკადრო პოლიტიკას, გამოაცოცხლოს გუნდი და ქვეყანას ახალი რეფორმები და ინოვაციური პროექტები შესთავაზოს, დროა ღარიბაშვილმა ქვეყანა სიბნელიდან სინათლეში გაიყვანოს! 


წყარო http://alia.ge/

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT