აქაურობის მასპინძელი ჭიდაობის მწვრთვნელი, ალექსანდრე ჭყონიაა. ჭაღარა მამაკაცი საუბრისას ღელავს, ბოლო სამი კვირაა მის დარბაზში უცნაური მოვლენები ერთმანეთს მიეწყო.
ჭიდაობის ცენტრის პირდაპირ, 30-იოდე მეტრის მოშორებით, ყაზანის ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მაღალი გალავანია აღმართული. გალავანი სპორტდარბაზის რკინისჭიშკრიან ეზოს გადმოჰყურებს. ეზოს გავლით ჭიდაობის ცენტრის ერთ-ერთ ფლიგელში აღმოჩნდებით. ფლიგელი დაკავებულია, იქ მცხოვრებთა ავტომობილი, მიცუბიშის მარკის თეთრი ჯიპი, ეზოს შესასვლელში დგას.
ალექსანდრე ჭყონიამ მათი ზუსტი ვინაობა არ იცის, ფლიგელი, სადაც ადრე აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობდნენ, მოჭიდავეებისთვის უცნობმა სასულიერო პირებმა ჭყონიას უკითხავად დაიკავეს.
ჭიდაობის მწვრთნელი სიტუაციაში გარკვევას ცდილობს. მან დახმარების თხოვნით ეკლესიის მოძღვარს, დავითს მიმართა, თუმცა დავითის თქმით, მონაზვნებს მის ტაძართან არაფერი აკავშირებთ, იგივეს იმეორებს "ლიბერალთან" საუბარშიც.
ძველი მოჭიდავე შიშობს, რომ საჭიდაო დარბაზს წაართმევენ და ბავშვები, რომელთაც უფასოდ ამეცადინებს, დარბაზის გარეშე დარჩებიან. თავად მცირეოდენ დახმარებას მერიისგან ღებულობს.
დედა ელისაბედი - ასე მეცნობა შავ კაბასა და მოსახვევში ჩაცმული ქალბატონი, კიდევ ერთ მონაზონს ნარეცხით სავსე თასი უჭირავს და ასე გვაკვირდება. „მე ვერაფერს გეტყვით, არც ვაპირებ რაიმე კომენტარის გაკეთებას, დაურეკეთ მერაბ ჩიქობავას და ყველაფერს ის აგიხსნით, მის გარეშე კი, არაფერს დაწერთ, არაფერს გააშუქებთ, არაფერს იტყვით!“
მერაბ ჩიქობავა მერიის სპორტული სამსახურის უფროსია. მისი თქმით, რამდენიმე კვირის წინ მასთან დედა ელისაბედი მივიდა და აუხსნა, რომ საპატრიარქოს სახელით, „თვითონ პატრიარქის კურთხევით“ მოქმედებდა. ჩიქობავას საპატრიარქოსგან არავითარი ოფიციალური წერილი არ მიუღია, თუმცა, როგორც ჩვენთან საუბარში ამბობს, „კარგა ხანია ცნობილია, რომ ამ შენობით საპატრიარქოა დაინტერესებული.“ ამიტომ „შესაძლოა მერიის მხრიდან არსებობდეს ნება, რომ ეს შენობა საპატრიარქოს დარჩეს.“
ჩიქობავას ელისაბედისთვის დარბაზის დაკავების არც ნებართვა მიუცია და არც უარი უთქვამს. ვინაიდან, ჯერ გარკვეული არაა, საერთოდ ეკუთვნის თუ არა მერიას ეს შენობა.
შენობა, რომელიც სპორტული ისტორიის დაახლოებით ნახევარ საუკუნეს ითვლის, და სადაც ვარჯიშობდნენ მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონები გივი კატოზია, რომან რურუა, ვახტანგ ბალავაძე და ა.შ. 2007 წლამდე მერიას დაქვემდებარებულ სპორტსკოლას ეკუთვნოდა.
მერიის სპორტული სამსახურის უფროსის თქმით, 2007 წელს სპორტდარბაზი სამშენებლო კომპანია „ცენტრ-პოინტმა“ შეისყიდა, თუმცა იმ პირობით, რომ მის ნაცვლად და სხვა ადგილას სხვა დარბაზი უნდა აეშენებინა.
ჩიქობავას ინფორმაციით სამშენებლო კომპანიას შესყიდვის პირობა არ შეუსრულებია, ამიტომ შენობის მესაკუთრის დასადგენად სასამართლო დავა მიმდინარეობს.
მონაზონ ელისაბედისთვის მნიშვნელოვანი არ არის შენობა "ცენტრ-პოინტს" დარჩება თუ მერიას, ის ფლიგელიდან გამოსვლას არ აპირებს.
მეორე ვიზიტისას ის უფრო გახსნილია და საუბრისთვის რამდენიმე წუთს მითმობს, თუმცა ეს საუბარი ძირითადად იმისგან შედგება, რომ მკაცრად მაფრთხილებს, მოჭიდავეებისა და სასულიერო პირების კონფლიქტი არ გავაშუქო:
“რაიმე ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში თქვენ დაკარგავთ სამსახურს, დაკარგავთ თავს. აქ ჩემთან გექნებათ საქმე და იქ უფალთან. ხმაური არაფერში გვჭირდება, ყველაფერი გადაწყვეტილია, ეს შენობა საპატრიარქოს ეკუთვნის და მას დაიბრუნებს, მე სწორედ პატრიარქისგან მაქვს დავალებული ტაძრის აღდგენა და ამას გავაკეთებ, არაერთი ტაძარი აღმიდგენია და ახლაც ასე მოხდება, ვინ დაგვიდგება წინ? ვინ შეეწინააღმდეგება პატრიარქის კურთხევას"?
როგორც ჩანს ეს “ვინ” მერია არ იქნება, რადგან ჩიქობავა “ლიბერალთან” საუბარში ამბობს, რომ „შენობა ამორტიზებული და მოძველებულია, და სპორტდარბაზისთვის საჭირო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს“. თანაც იურიდიულად მერიას შენობის პირდაპირ საპატრიარქოსთვის გადაცემა არ შეუძლია, მან სასამართლოში საქმის მოგების შემთხვევაში, შენობა ეკონომიკის სამინისტროს სასრგებლოდ უნდა “მიატოვოს” და დანარჩენს სამინისტრო გადაწყვეტს.
როგორც მონაზონი ელისაბედი ამბობს ყველაფერი უკვე გადაწყვეტილია: “საქმის კურსშია ყველა, პრეზიდენტიც, პრემიერიც, მერიაც, ამ შენობის საპატრიარქოსთვის დაბრუნება გარდაუვალია!”
პატრიარქის მდივან მიქაელ ბოტკოველის თქმით, ის აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს. "დედა ელისაბედს არ ვიცნობ, ზოგადად, ასეთი პოლიტიკა გვაქვს, პერიოდულად ვიბრუნებთ იმ ქონებას, რაც საპატრიარქოს რეპრესიების წლებში ჩამოერთვა, შესაძლოა გარკვეული მოლაპარაკებები აქვს საპატრიარქოს ხელისუფლებასთან და დედა ელისაბედი წინასწარ შევიდა იქ რათა სიტუაცია დაალაგოს, შესაძლოა მართლაც აქვს პატრიარქის კურთხევა, ზუსტი ინფორმაცია ამ მომენტისთვის არ მაქვს და მოგვიანებით გაგირკვევთ, თუმცა ელემენტარულია ისიც, რომ დედაოს და მონაზონს უნდა ვენდოთ" - აცხადებს ჩევნთან საუბარში პატრიარქის მდივანი.
წყარო liberali.ge