Express News

ეთნიკურ სომხებს თბილისში რუსეთის ფედერაციის პასპორტებს ურიგებენ


„თბილისში, საქართველოში რუსეთის ყოფილ საელჩოსთან, უფრო ზუსტად, ფუნქციონირებად საკონსულოსთან დგას ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკურად სომეხი მოქალაქეების რიგები. მათ ურიგებენ რუსეთის ფედერაციის პასპორტებს“, - აცხადებს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი კონსტანტინე გამსახურდია.
როგორც „ნიუპოსტს“ კონსტანტინე გამსახურდიამ განუცხადა, რუსული პასპორტი უკვე მიღებული აქვს საქართველოში მცხოვრები ეთნიკური სომეხი მოსახლეობის დიდ უმრავლესობას.
„ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ამ პასპორტებს უკვე ფლობს. ისინი ვაუჩერებივით დაურიგდათ მათ“, - განუცხადა „ნიუპოსტს“ კონსტანტინე გამსახურდიამ.
კონსტანტინე გამსახურდიას თქმით, ეს ინფორმაცია კონკრეტულმა ადამიანებმა მიაწოდეს, თუმცა მათი დასახელებისგან ამ ეტაპზე თავს იკავებს.
„არა მგონია, რუსეთმა შვეიცარია, რომელსაც რუსეთ-საქართველოს შორის შუამავლის როლი აკისრია, ჩარიოს ასეთ დელიკატურ და მნიშვნელოვან საკითხში. ინფორმაცია რუსული პასპორტების დარიგების თაობაზე კონკრეტულმა ადამიანებმა მითხრეს, რომელთა დასახელებისგანაც თავს შევიკავებ. ისე, სხვათა შორის, რამდენიმე დღის წინათაც მქონდა ეს თემა წამოწეული, თუმცა, მას ყურადღება არ მიაქციეს. სხვათა შორის, მაქვს ინფორმაცია, რომ ჩვენი სპეცსამსახურები ამ საკითხს კარგა ხანია სწავლობენ“, - განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ.
„ნიუპოსტი“ კომენტარის გასაკეთებლად შვეიცარიის საელჩოს დაუკავშირდა, რომელიც საქართველოსა და რუსეთს შორის შუამავლის როლს ასრულებს.
აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დამატებით დეტალებს და ელჩის კომენტარს „ნიუპოსტი“ უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ.

წყარო newposts.ge

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT