Express News

კოტე კუბლაშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ


„ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ ხელმძღვანელი გრიგოლ გაგნიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, კოტე კუბლაშვილს გადადგომისკენ მოუწოდებს, რათა სასამართლო ხელისუფლება ზეწოლისგან გათავისუფლდეს. გაგნიძე გაზეთ „ალიასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ კუბლაშვილის სამართლიანობის აღდგენის პროცესს ჩიხში აქცევს, ამიტომ საზოგადოებამ მისი გადადგომა უნდა მოითხოვოს.
„კუბლაშვილი უნდა გადადგეს. საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს მისი გადადგომა, რომელიც სამართლიანობის აღდგენის პროცესს ჩიხში აქცევს. სანამ კუბლაშვილი არ გადადგება, სამართლიანობის აღდგენის პროცესებზე საუბარი წყლის ნაყვაა. ჩვენ, ადვოკატებმა, უფლებადამცველებმა არაერთი აქცია მოვაწყვეთ უზენაესი სასამართლოს წინ, კუბლაშვილის გადადგომის მოთხოვნით, მაგრამ მაშინ ეს შეუძლებელი გახდა. ახლა ვფიქრობ, უკვე ბევრად მომწიფებულია მდგომარეობა, პარლამენტს სამოქალაქო საზოგადოებამ მოსთხოვოს კუბლაშვილის გადადგომის საკითხის დღის წესრიგში დადგომა, სანამ კიდევ ბევრი რამ არ გააფუჭა, ვინაიდან მას თავმჯდომარეობის ვადა მომავალი წლის თებერვალ-მარტში უთავდება. თუ იქნება მყარი პოლიტიკური ნება, პარლამენტს შეუძლია, მოითხოვოს კუბლაშვილის გადადგომა, თუნდაც იმ მარტივი მოტივით, რომ სასამართლო ხელისუფლება სამართლიანობის აღდგენის პროცესების დივერსიფიცირებას ახდენს.
მიმდინარე პროცესებმა ცხადყო, რომ „ნაცმოძრაობის“ ლიდერების სასამართლო პროცესები იწელება და უფრო ლიბერალური მიდგომა აქვს მათ მიმართ, რაც საზოგადოებას აღიზიანებს. როდესაც მოსახლეობა ამ ყველაფერს უყურებს, იმ მოქალაქემ როგორღა მოითხოვოს სამართლიანობის აღდგენა თავის საქმეებში“, – აღნიშნავს გრიგოლ გაგნიძე.
ადამიანთა უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განმარტებით, კუბლაშვილისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად საკმარისი საფუძველი არსებობს, მაგრამ კანონი იმპიჩმენტის პროცედურის ბოლომდე მიყვანის შესაძლებლობას არ იძლევა.
„სასამართლო, რომლის 215 პოლიტპატიმარი ვაღიარეთ პარლამენტში და დავადასტურეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების პოლიტიკური დევნა, საკმარისი საფუძველია კუბლაშვილისთვის უნდობლობის გამოსაცხადებლად, მაგრამ იმპიჩმენტის პროცედურას თუ ვნახავთ, ისე ჩაწერა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომც დავიწყოთ პროცესი, შედეგამდე ვერ მიგვიყვანს“, – განუცხადა ბესელიამ „ალიას“.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT