ოფისში მყოფები მას აგრესიულად მიმართავდნენ და საბუთს სთხოვდნენ. ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როცა როდონაიას "ქართული ოცნების" წევრებმა შეურაცხყოფა მიაყენეს და მუშაობის საშუალება არ მისცეს. მან გოგოხიას შტაბის წევრებს ვინაობა და მედიასაშუალება დაუსახელა, რომელსაც წარმოადგენდა.
მედიის წარმომადგენელზე თავდასხმა, 27 მაისსაც განხორციელდა. ზუგდიდის რ-ნ სოფელ რუხში, ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატის "ქართული ოცნებიდან" ედიშერ თოლორაიასა და სოფელ რუხის მაჟორიტარობის კანდიდატ მაგდალინა თოდუას საჯარო შეხვედრის გადაღებისას, როდონაია რამდენიმე ადამიანმა ძალის გამოყენებით გაიყვანა შეხვედრის ადგილიდან, აუკრძალა გადაღება, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და კამერა წაართვა.
კამერის დაბრუნების შემდეგ მასზე გადაღებული მასალა წაშლილი იყო. მასალის აღდგენა მხოლოდ მოგვიანებით გახდა შესაძლებელი, სადაც ჩანს როგორ აიძულებენ კანდიდატის წარმომადგენლები მას კამერის გათიშვას და იქედან წასვლას, ხოლო კანდიდატები ამ ყველაფერს უყრუებენ. (იხ. ვიდეო)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ჟურნალისტის საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტთან დაკავშირებით უწყებათაშორის კომისიას მიმართა და საქმეზე რეაგირება მოითხოვა.
"ჟურნალისტს არ მიეცა საშუალება გადაეღო საჯარო სივრცეში მიმდინარე მისთვის საინტერესო შეხვედრა და მოხდა მის მიერ გადაღებული ვიდეო-მასალის წაშლა, რაც წარმოადგენს ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება მერაბ როდონაიას მიმართ მუქარის ფაქტი, სახეზე იქნება ჟურნალისტის პროფესიული საქმიანობისთვის უკანონოდ ხელის შეშლის დანაშაული ჩადენილი დამამძიმებელ გარემოებაში“,- აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.