თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე საკრებულოში 300%-ანი პრემიების გამოწერის საკითხზე განმარტებები გააკეთა.
"ჩვენ არ ვაპირებდით ამის განსაჯაროებას, მაგრამ სამწუხაროდ გვიწევს ამის თქმა, რომ საკრებულოს დეპუტატები თავისი კუთვნილი ხელფასიდან, გასცემდნენ ქველმოქმედებაში თანხებს. ჩვენი პარტნიორი იყო "ბერი ანდრიას" ფონდი. ეს არის "სიმსივნით დაავადებული ბავშვების ფონდი" და კონკრეტულად მათი კვებისთვის გაცემული თანხები. ჩვენი თანამშრომლობა რომ არ დაწყებულა გუშინ ამას ადასტურებს ხელშეკრულება, რომელსაც მედიას მივცემთ. ფონდთან თანამშრომლობა ოთხი თვეა გრძელდება. ერთი კვირის წინ ჩვენ "ბერი ანდრიას ფონდთან" მოვილაპარაკეთ, რომ საკრებულოს ხელფასის 100%–ი ბოლო ხელფასის მთლიანად გადავრიცხოთ ამ ფონდში. მინდა განვუმარტო საზოგადოებას, საკრებულოში პრემიების გაცემასთან დაკავშირებული აჟიოტაჟი, ჩვენი საკრებულოში მოსვლის შემდეგ არასოდეს არ გაცემულა დაუმსახურებელი პრემია. მინდა განვუცხადო საზოგადოებას, რომ საკრებულო მუშაობდა სრული დატვირთვით და ღირსეულად ართმევდა თავს საქმეს."
შიხიაშვილის განცხადებით საკრებულოში პრემიების საკითხს წყვეტს არა ერთი პირი, არამედ კოლეგიური ორგანო – ბიურო:
"ბიუროზე ერთსულოვანი და ერთობლივი გადაწყევეტილება იქნა მიღებული, პრემიებთან დაკავშირებით. მითუმეტეს, რომ ეს პრემიები არის დამსახურებულად და თანაბრად ყველა თანამშრომელზე გაცემული. როგორც დეპუტატზე, ისე აპარატის თანამშრომლებზე. ამ შემთხვევაში იქნა გავრცელებული ცრუ ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდა დიფერენციაცია და სხვა მიზნებისთვის იყენებს ამას საკრებულო", - განაცხადა შიხიაშვილმა.
ირაკლი შიხიშვილის განმარტებით, მან პრემიის სახით 6000 ლარი მიიღო, რაც მისი ხელფასის 300%–ია.
რაც შეეხება ფონდში ხელფასების გადარიცხვის საკითხს, შიხიშვილმა განმარტა, რომ საკრებულომ 25 მაისს იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ დეპუტატებს საკუთარი სურვილის საფუძველზე შეუძლიათ ხელფასის 100%–ი გადარიცხონ "ბერი ანდრიას ფონდში."
შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისის საკრებულომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც საკრებულოს ხელმძღვანელობისა და აპარატის თანამშრომლების არანორმირებული მუშაობის გამო გადაწყდა მათთვის პრემიების დანიშვნა. საკრებულოს განცხადებით, თბილისის საკანონმდებლო ორგანოს თანამდებობის პირებისთვის ხელფასის ოდენობის 300%-ით, ხოლო აპარატის თანამშრომლებისთვის 200%–იანი ოდენობის პრემიის გაცემა იგეგმება.
netgazeti.ge