Express News

საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ზუგდიდში ნაციონალური მოძრაობის შტაბთან



ამ წუთებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის საარჩევნო შტაბთან საპროტესტო აქციას მართავენ გარდაცვლილი დავით ცინდელიანის ოჯახის წევრები, ნათესავები და მეზობლები. ისინი ზუგდიდის გამგებლობის კანდიდატთან, თენგიზ გნავასთან შეხვედრას მოითხოვენ. პარტიის ოფისის ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია, რომელიც აქციის მონაწილეებს შტაბში შეღწევის უფლებას არ აძლევს. პოლიციის კორდონის გარღვევა არაერთხელ სცადეს ცინდელიანის ოჯახის წევრებმა. პარტიის შტაბის ტერიტორიასთან იმყოფება გარდაცვლილი თავდაცვის ოფიცრის პაატა ქარდავას ოჯახიც.
2008 წლის 16 აგვისტოს გაუჩინარებული მეტყევე-რეინჯერის, დავით ცინდელიანის დედა თამარ არღვლიანი ითხოვს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის სამმართველოს ყოფილ უფროს, რომან შამათავასთან ერთად ბრალი წაეყენოს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ უფროს დათა ახალაიას. თამარ არღვლიანი ამბობს, რომ რომან შამათავა არის მისი შვილის მკვლელობის „შემსრულებელი“, დათა ახალაია კი „შემკვეთი“.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დავით ცინდელიანის გაუჩინარების საქმე გახსნილად 10 ივნისს გამოაცხადა.

„რომან შამათავამ და მისმა რამდენიმე თანამშრომელმა დათო ცინდელიანი მიიყვანეს ქალაქ ბათუმში, შავი ზღვის ნავმისადგომთან, სადაც რომან შამათავა დათო ცინდელიანს აფხაზ სეპარატისტებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა, რასაც იგი უარყოფდა. ცოტახანში ისინი შევიდნენ შავი ზღვის სიღრმეში, დაახლოებით 4 კილომეტრის მანძილზე. რომან შამათავამ ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ერთი გასროლით მოკლა დათო ცინდელიანი. შემდეგ დათო ცინდელიანის გვამს სხეულზე თოკით შეაბა ნავზე არსებული ბეტონნარევი რკინის ღუზა და ცხედარი შავ ზღვაში გადააგდო.



რომან შამათავა მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით, საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით და სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით. საქმეზე გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს საგამოძიებო მთავარი სამმართველო", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

რაც შეეხება თავდაცვის ოფიცრის პაატა ქარდავას გაუჩინარების და მკვლელობის საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქმე გახსნილად 5 ივნისს გამოაცხადა. სამინისტროს ინფორმაციით, პაატა ქარდავას საქმე უკავშირდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს მაშინდელ უფროს რომან შამათავას, რომელიც ე.წ. ხურჩის ტერაქტის საქმეზე უკვე დაკავებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ - „რომან შამათავამ და მისმა თანამზრახველებმა პაატა ქარდავა გადაიყვანეს ბათუმში და მიიყვანეს შავი ზღვის ნავმისადგომთან, სადაც რომან შამათავა პაატა ქარდავას აფხაზ სეპარატისტებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა, რის შემდეგაც მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პაატა ქარდავას, რომელიც თავის მხრივ კატეგორიულად უარყოფდა აღნიშნულს. რომან შამათავას დავალებით, მას და მისი ჯგუფის წევრებს ნავმისადგომთან ელოდებოდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კუდ-ის მთავარი სამმართველოს მოტორიანი ნავი, რომელსაც მართავდა ამავე დანაყოფის თანამშრომელი.

ბორკილდადებული და თვალებახვეული პაატა ქარდავა ჩასვეს აღნიშნულ ნავში, რომან შამათავამ მას ფეხზე მოაბა ბეტონის ნატეხი და შევიდნენ შავი ზღვის სიღრმეში, დაახლოებით 10 კილომეტრის მანძილზე, რა დროსაც რომან შამათავამ ცეცხლსასროლი იარაღიდან თავის არეში ერთი გასროლით მოკლა პაატა ქარდავა და ცხედარი ზღვაში გადააგდო. ჩადენილი დანაშაულისთვის რომან შამათავა მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და განზრახ მკვლელობის ბრალდებით. საქმეზე გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს საგამოძიებო მთავარი სამმართველო“.

პაატა ქარდავას ოჯახი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის სამმართველოს ყოფილ უფროს, რომან შამათავასთან ერთად იმ პირების დასჯასაც ითხოვს, ვინც საქმეში მონაწილეობდა. ერთ-ერთ ასეთად კი ოჯახი სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ყოფილ უფროსს, თენგიზ გუნავას ასახელებს, თუმცა იგი ბრალდებას „საარჩევნოდ შეთითხნილს“ უწოდებს ხელისუფლების მიერ.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT