ბორჯომის ტყე-პარკში გაუჩინარებული გერმანელი ექსპერტის ცხედარი იპოვეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებთან ერთად, ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში დაკარგული 73 წლის გერმანელი მეცნიერის, ჰანს ჰოეფლეს ცხედარი იპოვეს. საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს სამაშველო ჯგუფებმა ბორჯომის ტყე-პარკში საძიებო-სამაშველო ღონისძიება აწყურიდან ბაღდათის მიმართულებით, ახალ მარშრუტზე, 26-27 ივნისს ჩაატარეს. მდინარე ლაიშურას ხეობის დეტალური დათვალიერებისას გერმანელი მეცნიერის, ჰანს ჰოეფლეს ცხედარი ხევში აღმოაჩინეს. გარემოსდაცვით საკითხებზე მომუშავე ჰანს ჰოეფლე საქართველოში გერმანიის საერთაშორისო განვითარების საზოგადოების მოწვევით იმყოფებოდა. ექსპერტი 7 ივნისს ბორჯომის ხეობაში დასასვენებლად წავიდა. 10 ივნისს მისი დაკარგვის შესახებ შეტყობინება „112“-ში შევიდა. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მაშველებმა საძიებო-სამაშველო სამუშაოები იმავე დღეს დაიწყეს. გერმანელი მეცნიერის ცხედარი 27 ივნისს იპოვეს. ცხედარი ქუთაისში გადაასვენეს, სადაც მას ექსპერტიზა ჩაუტარდება.