ირაკლი ალასანიას განცხადებას საქართველოში თავდაცვითი საშუალებების განთავსებასთან დაკავშიერბით უშიშროების საბჭოს მდივანი ემხაურება. როგორც ირინა იმერლიშვილმა განაცხადა, როდესაც თავდაცვის მინისტრი ასეთ განცხადებას აკეთებს , ეს წინასწარ უნდა შეათანხმოს მთავარსარდალთან. უშიშროების საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ თავად ის ამ განცხადებას ეთანხმება.
"როგორც აპატურაიმ განაცხადა, ამ საკითხზე იმსჯელებს ნატო და ეს უკვე თავისთავად კარგია. თავდაცვის მინისტრი როდესაც აკეთებს ასეთ განცხადებას, ვფიქრობ, წინასწარ ალბათ უნდა იყოს ხოლმე შეთანხმებული მთავარსარდალთან, როგორც წესი და ალბათ, უშიშროების საბჭოზეც უნდა ხვდებოდეს ასეთი საკითხები. თუმცაღა განცხადებას მეც ვეთანხმები", - განაცხადა იმერლიშვილმა.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას განცხადებით, დასავლეთმა უნდა გამოიყენოს შესაძლებლობა და თავად შექმნას რეალობა, შესთავაზოს ნატო-ს წევრობა ასპირანტ ქვეყნებს და განათავსოს იქ თავდაცვითი საშუალებები, განსაკუთრებით კი საქართველოში. როგორც მან ვაშინგტონში, ატლანტიკური საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველოში უნდა განთავსდეს საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობები და რუსეთი მიხვდება, რომ ნატო სერიოზულად უდგება საკითხს.