Express News

ვაკეში მომხდარი შემზარავი დანაშაულის გაუხმაურებელი დეტალები


წინა კვირას თბილისის საქალაქო სასამართლომ 35 წლის ფრიდონ არჩვაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას ყოფილი მეუღლის, განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ, განზრახ მკვლელობის მცდელობაში სდებენ ბრალს. დანაშაული 22 აპრილს დილით, ვაკეში ერთ-ერთი ბანკის წინ მოხდა. ფრიდონ არჩვაძემ ყოფილ ცოლს ხმლით მრავალი დაზიანება მიაყენა. პროკურატურას ამის დამადასტურებელი ვიდეომასალაც აქვს. დამნაშავის ყველა ქმედება სრულად ასახულია ბანკის სათვალთვალო კამერების ჩანაწერში. კადრებიდან ისიც ნათლად ჩანს, დანაშაულის ჩადენის შემდეგ ფრიდონ არჩვაძე აუღელვებლად როგორ ჯდება მანქანაში და როგორ ტოვებს შემთხვევის ადგილს. 

დასახიჩრებული ახალგაზრდა ქალი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ქირურგიული ჩარევაც დასჭირდა და დღემდე კლინიკაშია. შევეცადეთ დაზარალებულთან გასაუბრებას, მაგრამ უარი მივიღეთ. მან ასევე სთხოვა მკურნალ ექიმებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ გაემჟღავნებინათ. 

ჩვენი ინფორმაციით, სოფიო არჩვაძე კონტაქტურია და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. დაზარალებულმა გამოძიებას უკვე მისცა ჩვენება და ყოფილი ქმარი ამხილა. როგორც ჩანს, მათ შორის კონფლიქტი დიდი ხანია, გრძელდება. დანაშაულს წინ უსწრებდა სხვა ფაქტიც: ფრიდონ არჩვაძემ რამდენიმე თვის წინ სოფიოს ავტომანქანის საბურავები დაუჭრა. ამ ფაქტზე საქმეც აღიძრა და 2014 წლის 5 თებერვალს მას განაჩენიც გამოუტანეს - არჩვაძეს პირობითი მსჯავრი დაედო. მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდადებული იყო და სასჯელს იხდიდა, მორიგი დანაშაული მაინც ჩაიდინა. პროკურატურის მტკი­ცებით, მან შურისძიების მოტივით, ეჭვიანობის ნიადაგზე, ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობა სცადა. საკმაოდ მყარი პოზიცია ჰქონდა პროკურატურას. ყველა მხარემ, მათ შორის - თავად ბრალდებულმა და მისმა ადვოკატებმაც აღნიშნეს პროკურორის უპირატესობა. მართლაც, პროკურორ ია ყიფიანის ყველა სიტყვა ფაქტებით გაჯერებული იყო და კითხვის ნიშანს არ ტოვებდა. 

სასამართლო პროცესზე მან და მისმა კოლეგამ, ნინო ბრუიშვილმა მოითხოვეს ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდება. ბრუიშვილმა ბრალი ჩამოაყალიბა, თუმცა ბრალდებული აცხადებდა, რომ ცოლის მოკვლა არ სურდა. პროკურატურის მტკი­ცებით კი, ფრიდონ არჩვაძე საშიშია საზოგადოებისთვის და აშკარად, განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩევა.

ია ყიფიანი, პროკურორი (სტილი დაცულია):
"ამოღებული ვიდეოთვალის ჩანაწერიდან აშკარად ჩანს, ბრალდებული ხალხმრავალ ადგილას სჩადის დანაშაულს. როგორც კი მიუახლოვდა თავის მსხვერპლს, მიახლოებისთანავე მუხლში ჩაარტყა ცოლს ხმალი. ქალი მოიცელა და იქვე, მიწაზე დაეცა. ამის შემდეგ ფრიდონმა მას ხმლით კოჭის ძვალი ჩაუმტვრია, იმავე ხმლით მოაჭრა თითი, ყური და ბოლოს, ხმლის თავში რამდენჯერმე ჩარტყმით მიაყენა დაზიანებები. ქალს სამი ჭრილობა თავზე აღენიშნებოდა და კეფის ძვლის მოტეხილობებიც დაუდგინდა. ძალოვანებმა მოჭრილი თითის ნაწილი შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს, ყური ექიმებმა პაციენტს მიაკერეს. ასე წვრილად იმიტომ ვყვები ამ დეტალებს, რომ მინდა, დაცვის მხარემ აუხსნას ყველაფერი ბრალდებულს. როცა ის ამბობს, რომ აქ არ იყო სისასტიკე, ეს ასე არ არის. დიახაც, ეს იყო სისასტიკე და შურისძიების მოტივით ჩადენილი დანაშაული. მაშინ, თავში რატომ ურტყამდით? ამბობთ, თუ მინდოდა, მოვკლავდი, ეს არ გამიჭირდებოდაო. ვერ მოკლავდით! ჩანაწერში ნათლად ჩანს დაცვის თანამშრომლის რეაქცია. მან დაიყვირა, - "რას შვრები, ბიჭო!" ეს დაადასტურა ბანკიდან გამოსულმა კიდევ ერთმა თვითმხილველმაც. გარეშე პირი ჩაერია საქმეში. დამნაშავემ ყვირილი გაიგონა, მაგრამ მაშინაც არ შეუწყვეტია 
ქალისთვის დარტყმების მიყენება. როცა მას უცხო ადამიანი რამდენიმე მეტრში მიუახლოვდა, მას მერე მიატოვა მსხვერპლი, აუჩქარებლად გადავიდა გზის მეორე მხარეს, ჩაჯდა მანქანაში და დატოვა იქაურობა. დანაშაულის დასრულების შემდეგ ფრიდონ არჩვაძემ დედას დაურეკა, მერე დას და უთხრა, - ჩემი ცოლი ავჩეხეო. ეს არის მკვლელობის მცდელობა სისასტიკით; სიცოცხლისთვის სახიფათო ადგილებში მიაყენა დაზიანებები. შურისძიებაც არის სახეზე და ეჭვიანობაც". 

ფრიდონ არჩვაძისთვის წაყენებული ბრალი 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. 
"ის იმყოფება მეტადონის ჩანაცვლებით პროგრამაში. სამჯერ, ნარკოტიკის მოხმარებისთვის ნასამართლევია, მიდრეკილია დანაშაულისკენ. ყოველდღიურად მეტადონის ქვეშ არის, თავს კონტროლს ვერ უწევს. თავის მხრივ, საშიშია საზოგადოებისთვის. იცოდა, რომ პირობითი მსჯავრის დროს არ უნდა ჩაედინა დანაშაული, მაგრამ მაინც ჩაიდინა უფრო მძიმე დანაშაული, რაც უვადო პატიმრობას ითვალისწინებს", - თქვა პროკურორმა ია ყიფიანმა.

ფრიდონ არჩვაძისთვის ციხეში ყოფნა უცხო არ არის. ის არაერთხელაა ნასამართლევი ნარკოტიკული დანაშაულისთვის, ასევე სხვა, განზრახ ჩადენილი ბოროტმოქმედებისთვისაც. 

შესაძლოა, ბრალი დაუმძიმდეს, რადგან გავრცელებული ინფორმაციით, ფრიდონ არჩვაძემ დაკითხვისას აღიარა თბილისში, ლილოს დასახლებაში 2008 წლის ივნისში ჩადენილი, ორი ქალის მკვლელობა. თქვა, რომ ეს ქალები მოკლა, იმავე დღეს დატოვა საქართველო და უკრაინაში წავიდა. 
მართალია, ბრალი უმძიმესია, თუმცა ამ დეტალებზე პროკურატურას ჯერჯერობით არ უმსჯელია და მისთვის ამ მკვლელობისთვის ოფიციალურად ბრალიც ჯერ არ წაუყენებია. ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს და ბრალდებულის ჩვენების დეტალების გადამოწმება ხდება. როგორც ირკვევა, ბრალდებულმა ძალოვანებს ის ადგილიც აჩვენა, სადაც ქალები მოკლა, დეტალურად მოჰყვა, რატომ ჩაიდინა კალანდაძისა და მამედოვას მკვლელობა. მისი ჩვენება ჯერჯერობით არ ხმაურდება, თუმცა დადასტურებულია, რომ სწორედ იმ ადგილას იპოვეს გარდაცვლილი ქალები. გადამოწმდა და ასევე დადასტურდა, რომ არჩვაძემ სწორედ იმ დღეს მართლაც დატოვა საქართველო. ისმის კითხვა, - რაში დასჭირდა ბრალდებულს ბრალის დამძიმება და რატომ აღიარა ადრე ჩადენილი დანაშაული? ჩვენი ინფორმაციით, ძალოვანებს ინფორმაცია დაჭრილმა ცოლმა მიაწოდა. როგორც ჩანს, მან იცოდა ქმრის მიერ ადრე ჩადენილი ბოროტმოქმედების შესახებ და ამის თაობაზე სამართალდამცველებს ჩვენება მისცა. ია ყიფიანის მტკიცებით, პროკურატურა არ აპირებს მარტო აღიარებითი ჩვენების საფუძველზე არჩვაძისთვის ბრალის დამძიმებას. მიმდინარეობს გამოძიება და სავარაუდოდ, მას ლილოში ჩადენილი ორი ქალის მკვლელობისთვის ბრალს მოგვიანებით წაუყენებენ. 

სასამართლო სხდომაზე 2008 წლის მკვლელობების ხსენებამ ბრალდებულის დაცვის პროტესტი გამოიწვია. პროცესზე ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, შესაძლოა, ბრალდებულმა ის აღიარებითი ჩვენება შეცვალოს და უარყოს ადრე ჩადენილი დანაშაული. თუმცა რა სამხილს დაუპირისპირებს პროკურატურა, მოგვიანებით გამოჩნდება. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, სად არის მკვლელობის იარაღი. ამ დეტალებზე საუბარი არ ისურვეს არჩვაძის ადვოკატებმა. 

რაც შეეხება თავად ბრალდებულს, პროცესზე საკმაოდ აქტიურობდა. სხდომის დაწყებამდე თავის ადვოკატებს უთხრა: ვიცი, არაფერი გამოვა ამ საქმიდან, ტყუილად თქვენც წვალობთ; დახვრეტა რატომ არ არის, კარგი იქნებოდა, დახვრეტა რომ ყოფილიყოო. 

ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

"ფრიდონ არჩვაძე ვარ, დავიბადე 1978 წლის 1-ელ დეკემბერს რუსეთში. სამი უმაღლესი მაქვს დამთავრებული. ნასამართლევიც ვარ. თბილისში ვცხოვრობ. ჯვარდაწერილი გახლავართ", - ასე დაიწყო გამოსვლა ბრალდებულმა პროცესზე და თქვა, რომ პროკურატურას ბრალის ფორმულირებაში არ ეთანხმება. განაცხადა, - ცოლის მოკვლა კი არა, მისი დასახიჩრება მინდოდაო.

ფრიდონ არჩვაძე:
"კორექტულად ჩამოაყალიბა ბრალი პროკურორმა. მე რომ სოფოს მკვლელობა მნდომოდა, არ გამიჭირდებოდა, ხელში სამურაის ხმალი მეჭირა. დეკორატიული ხმალი იყო, იაპონური, მაგრამ კარგად ჭრიდა. მისი მოკვლა რომ მნდომოდა, ისეთ ადგილას დავარტყამდი, პირდაპირ მოვკლავდი. მით უფრო, როგორც პროკურორი ამბობს, პროფესიონალი მკვლელი ვყოფილვარ და ორი ადამიანი მყავს მოკლული. არც იარაღის შოვნა გამიჭირდებოდა და ხმალს კი არა, იარაღს დავიჭერდი ხელში. შურისძიება იყო აქ ნახსენები. მითხარით, რატომ უნდა მეძია შური ჩემს ყოფილ მეუღლეზე, ჩემი შვილების დედაზე? მას განქორწინებისთანავე მივეცი ბინა ოქროს უბანში, უზრუნველვყავი სამსახურით, სისტემატურად ვეხმარებოდი მატერიალურად. ჩემი მაცივარი ნახევრად რომ იყო სავსე, მისი ისე იყო სავსე, რომ მეორე სჭირდებოდა. რის გამო უნდა მეძია შური, ჩემი შვილების გაზრდისთვის? შურისძიება არ ყოფილა. აბსურდული სიტყვა მგონია ეს. მე არ უარვყოფ, რომ საშიში ვარ სოფოსთვის. ის გავაფრთხილე, შვილებისთვის მიეხედა და არ ევლო ღამის კლუბებში. ფეხები სწორედ იმიტომ დავუზიანე, მინდოდა, ცეკვა ვერ შესძლებოდა. სიმართლე გითხრათ, ჩემი მთავარი მოტივი სწორედ ეს იყო, - სოფოს არ ეცეკვა. ყელში მაქვს ამოსული მისი ცეკვები. 2 წლის ბავშვი ჰყავს სახლში და იმას მიხედოს, ნუ დადის ღამის კლუბებში და სახლში გვიან ნუ ბრუნდება. შლაგბაუმიან კორპუსში ცხოვრობს, თავისუფლად შეგვიძლია გადავამოწმოთ, რომელ საათზე ბრუნდება შინ. ფაქტობრივად, კვირაში 5-ჯერ "ცეკვის დღე" აქვს და მინდოდა, ეს მომესპო, ამას მივაღწიე, ცეკვა მოვუსპე. ამიტომაც გადავტეხე მუხლებში. სიცოცხლისთვის საშიშ ადგილებშიც რომ აქვს ჭრილობები, ეს კი მეწყინა. რა ვქნა, ასე მოხდა, ყველაფერს ვერ გათვლის ადამიანი. არ ვარ პროფესიონალი კილერი. თავში ჭრილობა არ მიმიყენებია. ძალიან შევეცდები, აღვიდგინო, სად არის ახლა დანაშაულის იარაღი. ვიცი, მისი პოვნა ჩემთვისაც სასარგებლო იქნება. კარგად ალესილი ხმალი იყო, სხვა ადგილებში როცა ვურტყამდი, ხმალი მოღუნული მქონდა და ისე ვურტყამდი. ამის დანახვა შეიძლება იმ კამერებითაც, რომელიც იქ არის. მოკვლა რომ მნდომოდა, მერწმუნეთ, მაქვს იმის მატერიალური შესაძლებლობაც, რომ უკეთესი იარაღით მივსულიყავი იქ და მომეკლა სოფო. მინდოდა, დამესახიჩრებინა. რაც შეეხება ყურს, ყურის მოჭრა არ მნდომებია, ეს შემთხვევითობა იყო. სიმართლე თუ გაინტერესებთ, გეტყვით: მინდოდა, "შრამი" დარჩენოდა ჩემგან სოფოს სახეზე, რომ სულ დავმახსოვრებოდი და ამიტომ ვცდილობდი სახის დაზიანებას. ამ დროს ყურში შემთხვევით მოხვდა ხმალი. სადაც მინდოდა, კარგად ჩამერტყა, შევძელი. სოფო ისე მყავდა, როგორც ადამიანი საოპერაციო მაგიდაზე. ოპერაციასაც კი ჩავუტარებდი, თუ მინდოდა. ვერავინ გამიწევდა წინააღმდეგობას. სადაც მინდოდა, დავარტყი და შემდეგ დინჯი ნაბიჯებით წამოვედი... მართლა არ მახსოვდა, ამის მერე დედაჩემსა და ჩემს დას რომ დავურეკე. ალბათ დარეკვის ერთადერთი მოტივი ის იქნებოდა, გამერკვია, გადარჩებოდა თუ არა სოფო. პოლიციელებსაც შეგიძლიათ ჰკითხოთ, სულ იმას ვკითხულობდი, - გადარჩება-მეთქი? არა იმიტომ, რომ სასჯელს გავურბივარ და ჩემს თავზე ვფიქრობ. მართლა მაინტერესებს მისი ჯანმრთელობა და ეს ყველა თქვენგანზე მეტად მე მაღელვებს. ყველაზე მეტად მე მინდა, რომ სოფო ცოცხალი იყოს. იმ დროს 30 ცალი რელანიუმი მქონდა გაკეთებული, 15 მილიგრამ ტროპიკამინთან ერთად, და არ მახსოვს, ხმალი სად წავიღე... პატიმრობას ვეთანხმები, მაგრამ გაფრთხილებთ, სადაც მე მომათავსებენ, იქ პატიმრები უნდა მიფრთხილდნენ. უსამართლობას ვერ ვიტან და ასეთ რამეს თუ დავინახავ, შეიძლება, უარესი ჩავიდინო ციხეში. 

- რომ დაგაკავეს და ბრალი წაგიყენეს, პოლიციელების მხრიდან რაიმე დარღვევას ხომ არ ჰქონია ადგილი? - ჰკითხა მოსამართლემ.
-
 მოდი, პოლიციას თავი დავანებოთ. ადამიანი როცა იმას ჩაიდენს, რაც მე ჩავიდინე, მან სხვაზე რა უნდა ილაპარაკოს?"

როგორც დაზარალებული ამბობს, ქმარი მას შერიგებას სთხოვდა. ამის გამო მან ყოფილ დედამთილთანაც დარეკა და უთხრა, - თავი დამანებოს შენმა შვილმა, შერიგება არ გამოვაო. თუმცა ამას არ დაეთანხმა ბრალდებული და თქვა, - შერიგებაზე წელიწადზე მეტია, ჩვენ შორის საუბარი არ ყოფილაო. 

ბრალდებულის ადვოკატები ფაქტობრივად, პროკურორის მოთხოვნას დაეთანხმნენ. უფრო მეტიც, ადვოკატ ირაკლი გრძელიძის თქმით, მისი ციხეში ყოფნა სხვა პატიმრებსაც შეუქმნის საფრთხეს.
ირაკლი გრძელიძე, ბრალდებულის ადვოკატი:

"მინდა, პირველ რიგში აღვნიშნო, რომ ასეთი დასაბუთებული შუამდგომლობა პროკურატურისგან კარგა ხანია, არ მომისმენია. ფრიდონს ცოლის მოკვლის განზრახვა არ ჰქონია. ბრალდებულმა თავის ჩვენებაში არაერთხელ აღნიშნა, რომ ის შეგნებულად აყენებდა დაზიანებებს მეუღლეს. არც ერთი მოწმე არ ადასტურებს იმას, რომ ვინმე ჩაერია და ხელი შეუშალა დანაშაულის ჩადენას. მან თავისი სურვილი დაიკმაყოფილა, დააზიანა ცოლი და გაეცალა წყნარი ნაბიჯით იქაურობას. აბსურდულია, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობა სისასტიკით. ბრალდებას ვეთანხმები, რომ არჩვაძე არაორდინარული პიროვნებაა. იზოლატორშიც ისეთი ინციდენტი მოაწყო, რომელიც ნორმალურმა ადამიანმა არ უნდა მოიმოქმედოს. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ გეტყვით, ამ კაცის საპატიმროში მოთავსებაც არასწორი იქნება, იქაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას სხვა პატიმრებს. ამ ეტაპისთვის არ გვაქვს ამ ადამიანის ფსიქიკური მდგომარეობა შესწავლილი და ბრალდების მხარე ალბათ დანიშნავს ექსპერტიზას. ჩვენც დავაყენებთ შუამდგომლობას, მაგრამ ეს დროს საჭიროებს. რაც ჩაიდინა, იმისთვის უნდა მიესაჯოს წინასწარი პატიმრობა, ამაში სავსებით ვეთანხმები პროკურორს. დარბაზში დამსწრეთათვის შეიძლება, რთული გასაგები იყოს ჩემი პოზიცია, მაგრამ ვიტყვი, რომ მისი ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ციხეში მოთავსებაც საშიში იქნება. თუმცა ისიც მესმის, რომ სხვა ალტერნატივა ამ შემთხვევაში არ არსებობს. პატიმრობას მხოლოდ და მხოლოდ იმ მოტივით არ ვეთანხმები, რომ ის საშიშია სხვა პატიმრებისთვისაც. რაც შეეხება აბსურდულ ბრალდებას, რაც ეხება 2008 წლის დანაშაულს, ვფიქრობ, ეს არ უნდა გაჟღერებულიყო. ჯერ ბრალი არ აქვს წარდგენილი და იმ ბრალს არ ვეთანხმებით".

შეისწავლიან თუ არა ფრიდონ არჩვაძის ფსიქიკურ მდგომარეობას, ეს მოგვიანებით გამოჩნდება. ცხადია, პროკურორმა ადვოკატის სიტყვის შემდეგ უფრო თავდაჯერებით მოსთხოვა მოსამართლე ლიპარტელიანს არჩვაძისთვის პატიმრობის შეფარდება. 

"ხედავთ, ბატონო მოსამართლევ, დაცვა უფრო მეტ საშიშროებას ელოდება მისგან და მით უფრო უნდა შეუფარდოთ პატიმრობა. ყველაზე მეტად დაცული ის ციხეში იქნება. რაც შეეხება ფსიქიკურ მდგომარეობას, ეს საკითხი არასოდეს დამდგარა ეჭვქვეშ, როცა მას ასამართლებდნენ. მოგეხსენებათ, ის რამდენჯერმე ნასამართლევია. თუ მოიძიებენ ადვოკატები ამის დამადასტურებელ რაიმე მტკიცებულებას, ჩვენ განვიხილავთ მათ შუამდგომლობას. დამიკმაყოფილეთ შუამდგომლობა, ბატონო მოსამართლევ", - თქვა პროკურორმა ია ყიფიანმა. მოსამართლემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა. წინასასამართლო სხდომა 18 ივნისს გაიმართება. 
"ამდენი ხანი რა საჭიროა? მანამდე კომეტა ჩამოვარდება. მე მეორედ მოსვლას ველოდები. დღეს საქართველოში კაცი კაცს არ ჰგავს და ქალი - ქალს", - ისროლა ბოლოს რეპლიკა ფრიდონ არჩვაძემ და დარბაზიდან გაიყვანეს.

საქმეზე გამოძიება გრძელდება. ვნახოთ, ორი ქალის მკვლელობაშიც წაუყენებენ თუ არა ბრალს დამნაშავეს. 

თეა ხურცილავა
ჟურნალი ”გზა


About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT