Express News

ერეკლე კოდუასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მოთხოვნა სასამართლომ არ დააკმაყოფილა


თბილისის საქალაქო სასამართლომ, პროკურატურის შუამდგომლობა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილ დირექტორ ერეკლე კოდუასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ, არ დააკმაყოფილა.

სასამართლო, შს სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის ერეკლე კოდუასა და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს უფროსის გია სირაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საკითხის შეფარდებასთან დაკავშირებით მსჯელობდა.

პროკურატურა ორივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას მოითხოვდა, თუმცა ეს შუამდგომლობა მხოლოდ გია სირაძის შემთხვევაში დაკმაყოფილა და მას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა.

როგორც გია სირაძის ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა განაცხადა, ის მოსამართლის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

კოდუას ადვოკატ ოთარ კახიძის თქმით კი, პროკურატურამ მისთვის სრულიად გაუგებრად დააყენა შუამდგომლობა, რომ ერეკლე კოდუა კიდევ ერთხელ დაეპატიმრებინათ, როცა მის მიმართ პატიმრობა უკვე გამოყენებულია.

„ამ შუამდგომლობას არანაირი სამართლებრივი საფუძველი, გარდა პოლიტიკური მოტივაციისა, არ ჰქონდა და სასამართლომ ბუნებრივია კანონმდებლობით იხელმძღვანელა და თქვა, რომ ვინაიდან სხვა საქმეზე მას უკვე შეფარდებული აქვს პატიმრობა, არანაირი აუცილებლობა არ არის კიდევ ერთი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისა“- განაცხადა ოთარ კახიძემ.

მთავარმა პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით, დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და მის კანონიერ მფლობელობაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ფაქტზე, ერეკლე კოდუასა და გია სირაძეს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა.

კოდუას და სირაძეს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 237-ე მუხლის მეოთხე ნაწილით და 333-ე მუხლის მესამე ნაწილით წარედგინათ, რაც  სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას, ათიდან თოთხმეტ წლამდე ვადით ითვალისწინებს.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT