Express News

მსხვერპლი თუ კარგად "შეთხზული" მითი


10 აპრილს "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილი ბრიფინგები ხუთ სხვადასხვა ქალაქში, ფაქტობრივად, ჩაიშალა. ზოგან საქმე ხელჩართულ ჩხუბამდეც კი მივიდა. ანაკლიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ გუბერნატორ თენგიზ გუნავასა და მის თანმხლებ პირებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, თელავში დეპუტატებს - ლევან ბეჟაშვილსა და გიორგი ღვინიაშვილს პრესკონფერენციის გამართვის საშუალება არ მისცეს და ცოცხებისა და კვერცხების სროლით გაუმასპინძლდნენ, ბათუმში გიგი უგულავაც კვერცხისა და კარტოფილის წვიმაში მოხვდა. 

მანამდე დეპუტატი ნუგზარ წიკლაური გალახეს. "ან ტყვია გვესროლეთ, ან ციხეში ჩაგვსვით, სხვაგვარად არ გავჩერდებით", - განაცხადა უგულავამ... 5 ქალაქში ერთდროულად განვითარებული მოვლენები ერთი სცენარის სხვადასხვა მოქმედებას ჰგავს, მაგრამ საკითხავია, ვინ წერს ამგვარ სცენარებს და ვინ ასრულებს? უგულავას მიერ "ტყვიის" ხსენება და "ტყვიის გავარდნის" შესაძლებლობა, იქნებ ვერბალური წამოცდენაც იყოს და იმ ვერაგულ სცენარშიც ეწეროს, რომელსაც ქვეყნის კეთილისმყოფელები ნამდვილად არ წერენ და რომლის შესახებაც უგულავამ "საიდანღაც" იცის... 

მოგეხსენებათ, "ნაცმოძრაობის" მმართველობის მსხვერპლად ქვეყანაში არაერთი მოქალაქე იქცა, მათი მოთხოვნა 
- აღდგეს სამართლიანობა, ლეგიტიმურია. არადა, ეს პროცესი გვარიანად იგვიანებს, რაც შესაძლოა "შურისძიების მუხტის" წამქეზებლად მართლაც იქცეს. მაგრამ არის საფრთხე ამ ხალხის გულწრფელი აღშფოთებით ისარგებლოს იმან, ვინც ვითარების დაძაბვას და ამით ხელის მოთბობას გეგმავს. ლოგიკურად, ამგვარი ძალა ხელისუფლებაში არ უნდა ვეძებოთ, ისინი ჯერჯერობით რეიტინგს ინარჩუნებენ. თუმცა, ერთია ხელისუფლება და მეორე - მათი ზოგიერთი წარმომადგენელი, რომელთა მოქმედება შესაძლოა სხვის წისქვილზე ასხამდეს წყალს. შექმნილ ვითარებაში ხელისუფლების პასუხისმგებლობა ცალსახაა - კანონდამრღვევი უნდა დაისაჯოს.  შს სამინისტროში აცხადებენ, რომ 10 აპრილს განვითარებული მოვლენების გამო 7 კაცი უკვე დააკავეს.

ბოლოდროინდელმა ხელჩართულმა ჩხუბებმა 2003 წელი და საპარლამენტო არჩევნებისთვის პოლიტიკური მოთამაშეების მზადება გამახსენა. მაშინ სააკაშვილმა და "ნაცმოძრაობამ" იმდენი ქნეს, რომ მოსახლეობას თითქმის დააჯერეს, რომ სიმართლისთვის თავი ჰქონდათ გადადებული. იმხანად "ნაციონალებს" ურტყამდნენ ლამის ყველგან, სადაც კი გამოჩნდებოდნენ. ვითარება განსაკუთრებით 2003 წლის აგვისტოში გამწვავდა. ერთი თვის განმავლობაში "ნაციონალებს" ხელჩართულ ჩხუბში ჩართვა თბილისში, ზუგდიდსა და ბათუმში მოუხდათ. 


About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT