Express News

“13 აპრილს “ნაციონალური მოძრაობის” აქცია მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ემსახურებოდა”


არასამთავრობო ორგანიზაციები 13 აპრილის აქციის პარალელურად პოლიტიკოსების აქტივობებს აპროტესტებენ. 


როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობისა" და "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენლებმა ეკა გიგაურმა და ნინო ლომჯარიამ "პრაიმტაიმის" პრესკლუბში განაცხადეს, აქციის გამართვამდე შეხვედრა ყველა პარტიასთან გამართეს და თხოვეს, ხელი არ შეეშალათ, თუმცა “ნაციონალურმა მოძრაობამ” პირობა არ შეასრულა.

"ჩვენი ჩავატარეთ კვირას აქცია, სახელწოდებით "ჩვენ ვირჩევთ ევროპას", გვინდა ყველა იმ ადამიანს ვუთხრათ მადლობა, რომელიც ამ აქციაზე მოვიდა. საქართველოს ბევრმა მოქალაქემ დააფიქსირა მისი პოზიცია ევროპულ არჩევანთან დაკავშირებით. თუმცა ამ აქციის პარალელურად იყო გარკვეული პრობლემები, ეს იყო დაკავშირებული იმასთან, რომ კონკრეტული პოლიტიკური ძალა, ცდილობს აღნიშნული თემა ჰქონდეთ მონოპოლიზირებული. პრობლემა იყო იმავე დღეს, პარალელური აქციის მოწყობა მთავრობის კანცელარიასთან. აქციას თითქმის ერთი და იგივე გზავნილი ჰქონდა და სწორედ ამიტომაც ადამიანებისთვის რთული იყო გაერკვიათ, რომელ აქციაზე იყო საუბარი. ჩვენ ერთ თვის წინ, როდესაც დავიწყეთ ამის ორგანიზება, შევხვდით ყველა პარტიას და ვთხოვეთ ხელი არ შეეშალა ამ იდეისთვის, შეხვედრა “ნაციონალურ მოძრაობასთანაც” გაიმართა და ისინი შეგვპირდნენ, თუმცა პირობა არ შეასრულეს", - განაცხადა გიგაურმა "პრაიმტაიმის" პრესკლუბში.

"სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენლის ნინო ლომჯარიას განცხადებით, კანცელარიის წინ მიმდინარე აქცია "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების მიერ იყო ორგანიზებული და ის იმავე დღეს არ უნდა გამართულიყო.

"მიზანმიმართული ქმედებები ხდებოდა ჩვენი კამპანიის წინააღმდეგ. ამ თარიღთან დაკავშირებით ჩვენ "ნაციონალურ მოძრაობასთან" და სხვა პარტიებთანაც გვქონდა შეთანხმება, რომ არც ერთი პარტია იმ დღის ღონისძიებას მათი ინტერესებისთვის არ გამოიყენებდა. არ მგონია, რომ შემთხვევით მოხდა ამ აქციის დამთხვევა 13 აპრილს, რომელიც მათ ჩაატარეს კანცელარიასთან. სამწუხაროა, რომ საზოგადოების რაღაც ნაწილს დარჩა შთაბეჭდილება, რომ ეს იყო პარტიული ღონისძიება", - აცხადებს ლომჯარია.

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT