Express News

სასწრაფოდ-ლაშა მახარაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი გიორგი ოქროპირიძე ქართულ მხარეს სოფელ ერგნეთში გადმოეცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ლაშა მახარაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი გიორგი ოქროპირიძე დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით დააკავეს.
„შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს, ვაკე-საბურთალოს სამმართველოს და შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევი გიორგი ო. დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 2 სექტემბერს, ღამით, ვაკეში, აბაშიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა 1987 წელს დაბადებულ ლაშა მ-ს, რომელიც საავადმყოფოში გარდაიცვალა, გიორგი ო. კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბრალდებული ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე მიმალვას შეეცადა, რა დროსაც იგი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო წარმომადგენლებმა დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებისა და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის წარმომადგენლების აქტიური მუშაობის შედეგად აღნიშნული პირი 12 სექტემბერს სოფელ ერგნეთში ქართულ მხარეს გადმოეცა“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 109-ე და 236-ე მუხლებით).

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT