Express News

„დავით ახალაიამ ძირს დაცემულ მურად გორგაძეს ავტომატის ლულა თავზე მიაბჯინა და საკონტროლო გასროლა მოახდინა, ასევე მოიქცნენ სხვებიც“



მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, 2006 წლის 12 იანვარს ნავთლუღის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული სპეცოპერაციისას კუდ–ის ყოფილმა უფროსმა და მისმა თანამშრომლებმა ალყაში მოქცეულ ახალგაზრდებს – მარად ართმელაძეს, რომან სურმანიძესა და მურად გორგაძეს გადარჩენის ყოველგვარი შესაძლებლობა მოუსპეს და უფრო მეტიც, საკონტროლო გასროლით დახოცეს. 

„სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ახლადდანიშნულმა ბაჩანა ახალაიამ და მისმა ძმამ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორმა დავით ახალაიამ, პატიმართა შორის და საზოგადოებაში შიშისა და ე.წ. „ნულოვანი ტოლერანტობის” სინდრომის დანერგვისათვის, გადაწყვიტეს საზოგადოებისათვის ეჩვენებინათ განსაკუთრებული სისასტიკე. აღნიშნულის მისაღწევად დავით ახალაიამ, თითქოსდა პატიმართა შესაძლო გაქცევის შესახებ ინფორმაციის გამოყენებით  სისხლიანი სპეცოპერაცია დაგეგმა.  2006 წლის 12 იანვარს, დავით ახალაია თავის თანამშრომლებთან ლევან ქარდავასთან, გიორგი მაზმიშვილთან, სპეცდანიშნულების რაზმის უფროსთან შალვა თათუხაშვილთან და ასევე ამ ეტაპზე დაუდგენელ სხვა თანამშრომლებთან ერთად  ავტოსადგურ „ნავთლუღის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდა, სადაც მათი ინფორმაციით, დაახლოებით საღამოს 9 საათზე, ერთ-ერთი პატიმრის გია გორგაძის ძმა, წინასწარ შერჩეული და მოსაკლავად განწირული -  17 წლის მურად გორგაძე და მისი მეგობრები - 21 წლის რომან სურმანიძე და 23 წლის მარად ართმელაძე უნდა მისულიყვნენ.   ხსენებულ ტერიტორიაზე უიარაღო მ. გორგაძის და მისი მეგობრების მისვლისთანავე, მათკენ გაემართნენ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული დავით ახალაია, გიორგი მაზმიშვილი, ლევან ქარდავა და კუდ-ის სხვა თანამშრომლები, რომლებმაც დავით ახალაიას ორგანიზებით უდანაშაულო ახალგაზრდები ალყაში მოაქციეს და მათი გადარჩენის რაიმე თეორიული შესაძლებლობა თავიდანვე მოსპეს.  შეიარაღებული პირების დანახვისთანავე შეშინებულმა გორგაძემ და მისმა მეგობრებმა კუდ-ის თანამშრომლებს  ხვეწნა დაუწყეს არ ესროლათ მათთვის, შეეცადნენ გაქცევას და საშველად უხმობდნენ  გარშემომყოფთ, თუმცა საპასუხოდ ახალაიამ თანამზრახველებთან ერთად ყოველგვარი გაფრთხილებისა და შეყოვნების გარეშე დაიწყო მათ მოსაკლავად მიზანმიმართული სროლა. სროლების შედეგად მიყენებული ჭრილობების გამო, სამივე მათგანი  მიწაზე დაეცა. ჩაცხრილულ ახალგაზრდებს  დავით ახალაია მიუახლოვდა. ძირს დაცემულ შოთა გორგაძეს ავტომატის ლულა თავზე მიაბჯინა და   საკონტროლო გასროლა მოახდინა.  ახალაიას მიბაძეს გიორგი მაზმიშვილმა და მათთან ერთად მყოფმა თანამშრომლებმა, რომლებმაც თავის არეში საკონტროლო გასროლები განახორციელეს ართმელაძისა და სურმანიძის მიმართულებით. სროლის შედეგად მ.გორგაძე მიღებული 12 ცეცხლნასროლი, ართმელაძე 5 და სურმანიძე 6 ჭრილობის შედეგად ადგილზევე გარდაიცვალნენ”,- ნათქვამია მთავარი პროკურატურის ინფორმაციაში. 

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT