ექსკლუზიური ინტერვიუ მაკა ჩიჩუასთან
"ჭორებზე ნაკლებად ვრეაგირებ..."
"როგორც ქალი და როგორც დედა მძაფრად განვიცდი ჩვენი ბიჭების ასეთ სარისკო საქმიანობას ავღანეთში"
"როგორც კი გიორგის დავუახლოვდი, მივხვდი, რომ უსასრულობის განცდა სიყვარულში ყოფილა შესაძლებელი"
სტუდენტობისას თბილისში ერთ-ერთ ულამაზეს გოგონად ითვლებოდა. თაყვანისმცემლების სიმცირეს არ განიცდიდა, თუმცა ყველაზე მეტად საქართველოს ამჟამინდელ პრეზიდენტს გაუმართლა, რომელსაც უთქვამს, - მაკას სილამაზეს ყველა აღნიშნავს, მაგრამ გაცილებით ლამაზი და მდიდარი სული აქვსო. გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა უკვე რამდენიმე წელია ერთად არიან. წყვილი ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფება, თუმცა პირველი ლედის მოვალეობებს სწორედ მაკა ჩიჩუა ასრულებს.
"კვირის პალიტრა" მაკა ჩიჩუას ესაუბრა:
- რა შეიცვალა თქვენ ცხოვრებაში მარგველაშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ?
- ისევე ვცხოვრობ, როგორც ადრე, უბრალოდ, პასუხისმგებლობა გაიზარდა. ყველას ჰგონია, რომ განსაკუთრებული რეჟიმი მაქვს, ან ჩემს ცხოვრებაში რაიმე რადიკალური ცვლილებები მოხდა... ზოგადად, ყველა ეტაპს თავისი ცვლილება მოაქვს და ეს გასაკვირი არც არის. ალბათ, ცვლილებების გარეშე ცხოვრება უინტერესოც იქნებოდა...
- რთულია პრეზიდენტის გვერდით ცხოვრება?
- უპირველესად, მე საყვარელ ადამიანთან ვცხოვრობ, საყვარელ ადამიანთან ცხოვრება კი რთული ნამდვილად არ არის.
- თქვენ და გიორგი პატრიარქმა დაგლოცათ, მას შემდეგ თუ ყოფილხართ პატრიარქთან?
- არაერთხელ. პატრიარქთან ყოველი შეხვედრა ჩვენთვის ძალიან ძვირფასია.
- სად გაიცანით გიორგი?
- ერთმანეთი ჩვენმა შვილებმა გაგვაცნეს. სწორედ მათ დაგვაახლოვეს. მაშო და ანა მეგობრები არიან, ხშირად რჩებოდნენ ერთმანეთთან... როგორც კი გიორგის დავუახლოვდი, მივხვდი, რომ უსასრულობის განცდა სიყვარულში ყოფილა შესაძლებელი. გიორგი დღითი დღე სულ უფრო მეტად მიყვარდება და ეს შეგრძნება არასდროს მთავრდება.
- ყველანი ერთად ცხოვრობთ?
- ჩვენ უკვე დიდი შვილები გვყავს. მაშკა მეუღლესთან ერთად ცხოვრობს, ანა მთაწმინდაზეა, გიორგის მშობლების სახლში. ჩვენ, ძირითადად, ქალაქგარეთ ვართ. გიორგის გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, იქ ხშირად ვიკრიბებით ყველანი ერთად. ძალიან გვიყვარს დუშეთის სახლი.
- სატელევიზო სფეროში თქვენ გიცნობენ როგორც საუკეთესო ვიზაჟიტს, კონომოყვარულები - ფილმებიდან, გაქვთ მუსიკალური გამოცდილებაც. რომელი სფეროა თქვენთვის ყველაზე სასურველი?
- ვიზაჟის ხელოვნებას 15 წლის წინ ჩემმა ახლობელმა, მაკა შავერდაშვილმა მაზიარა. მაშინ ძალიან მჭირდებოდა სამსახური. მაკამ მითხრა, - შენ ხომ მხატვარი ხარ და ამ პროფესიას ადვილად აითვისებო... ცოტა ხანში სარეკლამო რგოლზეც ვიმუშავე და ასე გადავდგი პირველი ნაბიჯი სრულიად ახალ სფეროში. ტელევიზიაში დიდი ხნის წინ მივედი, არა როგორც ვიზაჟისტი, არამედ როგორც მუსიკალური გადაცემის წამყვანი. მას შემდეგ, მჭიდრო ურთიერთობა მაქვს ტელევიზიათან. ასე იყო კინოშიც - ბავშვობიდან მიწვევდნენ ფილმებში სათამაშოდ. მეც სიხარულით ვთანხმდებოდი... ასე რომ, ხელოვნება და შემოქმედება ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია - ხან კადრში, ხან კი კადრს მიღმა... რაც შეეხება მუსიკას, სიმღერა ბავშვობიდან მიყვარს. ვფიქრობ, ბგერას საოცარი სიმძაფრე აქვს...
- რამდენად აქტიურობთ სოციალურ ქსელებში და როგორ რეაგირებთ ჭორებზე?
- არასდროს ვყოფილვარ სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელი. Facebook-საც იშვიათად, მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიყენებ, თუ ამის სურვილი მიჩნდება ჭორებზე კი ნაკლებად ვრეაგირებ...
- როგორც ვიცი, ავღანეთში ბრძანდებოდით, რა ემოციით დაბრუნდით იქიდან?
- როგორც ქალი და როგორც დედა მძაფრად განვიცდი ჩვენი ბიჭების ასეთ სარისკო საქმიანობას უცხო მიწაზე. ემოციური ვიზიტი იყო, შთაბეჭდილება დღესაც არც გამნელებია...
წყარო kvirispalitra.ge