"ტორტი მინისტრს" – ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთი წლის წინ შიმშილით გარდაცვლილი ბავშვი გაიხსენეს
"ტორტი მინისტრს", – ამ სახელწოდების პერფორმანსი მოქალაქეებმა დავით სერგეენკოს უწყებასთან გამართეს. აქციის მონაწილეებმა ამ ფორმით ერთი წლის წინ ბათუმში გარდაცვლილი ბავშვი, გოგიტა აბაშიძე გაიხსენეს. 2013 წლის 23 მარტს ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში 1 წლის გოგიტა აბაშიძე საკვების დეფიციტის გამო გარდაიცვალა. ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა, ბავშვის ერთადერთ საკვებს მეზობლების მიერ მოწოდებული საჭმელი წარმოადგენდა. შოკურ მდგომარეობაში აბაშიძე საავადმყოფოში გადაიყვანეს. გამოკვლევების შედეგად ბავშვს პნევმონია დაუდგინდა, ფიქსირდებოდა ფიზიკურ განვითარებაში ჩამორჩენა. ბავშვის შოკური მდგომარეობა შიმშილმა გამოიწვია. აბაშიძეების ოჯახი სოციალურად დაუცველი იყო, თუმცა შესაბამის სიაში ისინი ვერ მოხვდნენ. მშობლები თავშესაფარს, სოციალურ დახმარებასა და დასაქმებას ითხოვდნენ, თუმცა მათთან დასახმარებლად არავინ მისულა. იუნისეფის მონაცემებით ყოველწლიურად საქართველოში, მსგავსი პრობლემით 300 ბავშვი იღუპება, - აღნიშნულია ვიდეოს აღწერილობაში.