„საქართველოს ევროპული გზა“- პრეზენტაცია
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის პერიოდული გამოცემის ,,საქართველოს ევროპული გზა“ პრეზენტაცია გაიმართა.
ჟურნალი კვარტალური იქნება, პირველი ნომერი კი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციას მიეძღვნა. საერთაშორისო კონფერენცია და ბიზნეს ფორუმი - "ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან - პერსპექტივები და შესაძლებლობები" თბილისში 27-28 მარტს გაიმართება. ღონისძიების მიზანია ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მთავრობებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებისათვის საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის, საინვესტიციო შესაძლებლობებისა და ბიზნეს გარემოს შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება.
პრეზენტაციას აღმასრულებელი ხელისუფლების, დიპლომატიური და აკადემიური წრეების, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
როგორც პრეზენტაციამდე სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა: „პირველ ნომერში არის ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები, რომელსაც აჟღერებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პატრიარქი და ევროკომისარი შტეფან ფულე. ჩვენ შევეცდებით, რომ ეს გამოცემა ინტენსიური იყოს. ეს დარიგდება უწყებებში, ექსპერტულ წრეებში და უნივერსიტეტებში, რათა საზოგადოებამ კიდევ უფრო კარგად გაიგოს თუ, რასთან არის დაკავშირებული საქართველოს ევროპასთან ინტეგრაცია“
ჟურნალი „საქართველოს ევროპული გზა“ არაკომერციულია და ის საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ მისიებს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, უმაღლეს სასწავლებლებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს გადაეგზავნება.