საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, ზაქრია ქუცნაშვილი, იმ პროცედურებს განმარტავს, რომლის გამოყენებაც შეუძლია პროკურატურას მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე არ გამოცხადების შემთხვევაში.
როგორც ქუცნაშვილმა "პრაიმტაიმის" პრესკლუბში განაცხადა, თუკი უწყება წარმოადგენს შესაბამის სამხილებს, რომელიც არსებულ საკითხებში სააკაშვილის ბრალს დაადასტურებს, შეუძლია მასზე ძებნა გამოაცხადოს, როგორც ბრალდებულზე. ამის შესახებ ქუცნაშვილმა "პრაიმტაიმის" პრესკლუბში განაცხადა.
"პროკურატურას აქვს რამდენიმე არჩევანი. თუკი მოწმის ჩვენება აუცილებელია წარმოებული გამოძიების საქმეში ვინმეს ბრალის გამოსაკვეთად, მას შეუძლია მოსთხოვოს სასამართლოს, იძულების წესით მოწმის გამოცხადების ბრძანება. თუკი სასამართლო დააკმაყოფილებს სააკაშვილის სასამართლოში მიყვანას იძულების წესით, ბრძანება აღსასრულებად გადაეცემა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომელმაც უნდა დაძებნოს და წარადგინოს სასამართლოში მშიშარა მოქალაქე. თუ პროკრუატურას აქვს საკმარისი სამხილები, სხვა მოწმეთა ჩვენებები, მტკიცებულებები, დასკვნები, აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, მტკიცებულებათა ერთობლიობა, და მათი სურვილი და ინტერესია, რომ ბრალი წაუყენოს, ამ შემთხვევაში, გზა თავისუფალია, იმისთვის, რომ ამ პიროვნებაზე ძებნა გამოცხადდეს. ეს არის პროცედურული მომენტები. ქართული სისხლის საპროცესო სამართალი იცნობს ბრალდებული პირის გასამართლებას დაუსწრებლად, სხვათაშორის, ეს სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პირობებში იქნა შემოღებული. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები დევნის განსახორციელებლად", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.