Express News

რეცეპტების სისტემა და„სააფთიაქო ექიმები“ - „სერგეენკოს რეფორმა თავდაყირა დადგა“

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილის რეცეპტების სისტემას ეხმაურება. როგორც ჭიაბერაშვილი აცხადებს, სერგეენკოს რეფორმა თავდაყირა დადგა, რადგან ფარმაცევტული კომპანიის დაქირავენული ექიმები რეცეპტებს იქვე სააფთიაქო დახლთან წერენ. მისივე თქმით მინისტრ სერგეენკოს „ნაციონალური მოძრაობა“ რეცეპტის ამოქმედებამდე 2 კვირით ადრე აფრთხილებდა “სააფთიაქო ექიმის” გაჩენის შესახებ.

„ჯანდაცვის სამინისტრომ რეცეპტით გასაცემი მედიკამენტების სიის გაფართოება პაციენტებზე ზრუნვის მოტივით ახსნა. მინისტრ სერგეენკოს განცხადებით, “რეფორმამ” უნდა შეემცირებინა თვითმკურნალობა და მედიკამენტების უკონტროლო მოხმარება. მინისტრი იმედოვნებდა, რომ ამით არა მხოლოდ უკეთესად ვიმკურნალებდით, არამედ ჩვენი ფინანსებიც დაიზოგებოდა.

“სააფთიაქო ექიმის” გაჩენამ სერგეენკოს “რეფორმა” თავდაყირა დააყენა: ფარმაცევტული კომპანიის დაქირავებული ექიმები რეცეპტს იქვე, სააფთიაქო დახლის გვერდზე წერენ, თან ისე, რომ ამას წინ არათუ შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები, არამედ პაციენტის გასინჯვაც კი არ უძღვის წინ.

ეს აჩვენებს, რომ

1. სერგეენკოს მეთოდით რეცეპტის სისტემის ასე გაუაზრებლად გაფართოება თვითმკურნალობისა და მედიკამენტების უკონტროლო მოხმარების მაჩვენებელს ვერ შეამცირებს. სამაგიეროდ, უფრო შეგვიმცირებს არჩევანის საშუალებას: კონკრეტული ფარმაცევტული კომპანიის მიერ დაქირავებული “სააფთიაქო ექიმის” რეცეპტი მხოლოდ იმ კომპანიის ქსელში მოქმედებს.

2. სერგეენკოს “რეცეპტის რეფორმამ” ვერც ჩვენს ჯიბეს უშველა. იმ ქვეყნებში, სადაც რეცეპტის სისტემა არსებობს, რეცეპტით ადამიანები მედიკამენტებს უფასოდ ან მნიშვნელოვანი შეღავათებით იღებენ. თუ მინისტრი სერგეენკო რეცეპტის სისტემას აფართოებდა, მაშინ მედიკამენტების საფასურის გადახდაში მოსახლეობას სახელმწიფო უნდა დახმარებოდა. საყოველთაო ჯანდაცვა კი მედიკამენტებს საერთოდ არ აფინანსებს. შესაბამისად, სერგეენკოს ამ გაუაზრებელმა “რეფორმამ” საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პრობლემები კიდევ ერთხელ გამოავლინა.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მიაჩნია, რომ

- ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა გადახედოს რეცეპტით გასაცემ მედიკამენტთა ჩამონათვალს, მნიშვნელოვნად შეამციროს იგი და მოიყვანოს საერთშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში (ამ თვალსაზრისით სია კრიტიკას ვერ უძლებს, იმდენად არაპროფესიულადაა შედგენილი);

- იმ მედიკამენტებზე, რომლებსაც ჯანდაცვის სამინისტრო რეცეპტით გასაცემთა სიაში დატოვებს, ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა აამოქმედოს პროგრამა, რომლითაც ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებსა და სოციალურად დაუცველებს სრულად დაუფინანსებს მოხმარებული მედიკამენტების ხარჯს.



მინიმუმ ამ ორი ცვლილების გარეშე “რეცეპტის რეფორმაც” ისეთივე დამანგრეველი აღმოჩნდება ჯანდაცვის სისტემისათვის, როგორც ეს საყოველთაო ჯანდაცვა აღმოჩნდა“,-განაცხადა ჭიაბერაშვილმა

About ""

სარეკლამაო ადგილი

 
Copyright © 2013 NEWS INFO
Design by | BTT