ურნალისტ ნატა ძველიშვილის ინფორმაციით, სასამართლომ ე.წ. "რეიდების" გადაღებისას დაკავებული მისი მეგობარი უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა. თუმცა როგორც "ლიბერალთან" საუბრისას ჟურნალისტმა აღნიშნა, სასამართლო პროცესი ისე ჩატარდა, რომ ამის შესახებ არავინ იცოდა.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა 7 სექტემბერს, დაახლოებით 1 საათზე რუსთაველის გამზირზე, სუპერმარკეტ „სმარტთან“ ჟურნალისტ ნატა ძველიშვილის მეგობარი დააკავეს. როგორც ჟურნალისტი media.ge-სთან საუბრისას იხსენებს, სუპერმარკეტიდან მეგობრებთან ერთად გამოვიდა და დაინახა, რომ პატრული ახალგაზრდებს ჩხრეკდა. რის შემდეგაც მან და მისმა ერთმა ნაცნობმა გადაღება გადაწყვიტეს. ამ დროს მათთან პატრულის რამდენიმე ეკიპაჟი მივიდა და კადრების წაშლა მოსთხოვთა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაკავებით დაემუქრათ. ჟურნალისტი ამბობს, რომ კადრებში მნიშვნელოვანი არაფერი იყო და მანაც და მისმა ნაცნობმაც ისინი წაშალეს.
თუმცა პატრულის თანამშრომლებმა ჩამოთმეულ ტელეფონში სხვა კადრების დათვალიერება დაიწყეს, რაზეც ჟურნალისტის მეგობარმა მიუთითათ, რომ ეს პირადი ინფორმაცია იყო და პოლიციელებს კონკრეტულ ვითარებაში მისი ნახვის უფლება არ ჰქონდათ.
ნატა ძველიშვილი იხსენებს, რომ ერთ-ერთმა პოლიციელებმა, სავარაუდოდ ხელმძღვანელმა, მისი ნაცნობის დაკავების ბრძანება გასცა.
როგორც "ლიბერალს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, ჟურნალისტ ნატა ძველიშვილის დაკავებული მეგობრის წინააღმდეგ საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით იყო აღძრული, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავ ორგანოთა მუშაკების კანონიერი განკარგულებისადმი ბოროტად დაუმორჩილებლობას გულისხმობს და ისჯება 400-ლარიანი ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ერთიდან ექვს თვემდე, ხელფასიდან 20%-ის დაქვითით.