სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა მინისტრის ყოფილმა მრჩეველმა ლალი მოროშკინამ გაზეთ "ალიასთან" ქვეყანაში ბოლო დროს გახშირებულ მკვლელობებსა და სხვა დანაშაულებრივ ქმედებებზე ისაუბრა.
მოროშკინას თქმით, სააკაშვილზე ირონიით იმის თქმა, რომ ის არის გუშინდელი დღე და შარშანდელი თოვლი, არის აბსოლუტურად მცდარი, რადგან ის კვლავაც განაგრძობს აქტიურ პიარ კამპანიას და ხელისუფლებამ ამას ყურადღება აუცილებლად უნდა მიაქციოს.
"მიშას სცენარი უკვე ამუშავებულია, მე ხშირად ვამბობდი ინტერვიუებში, რომ მის მიერ შეწყალებული მკვლელები თავიანთ საქმეს გააკეთებდნენ. მე იმასაც ვამბობდი, ესენი თითის დაქნევას ელოდებიან-მეთქი და აი, ეს დროც დადგა. ახლა გამოძიებამ ყურადღება უნდა მიაქციოს "სკაი ბარში" მომხდარ მკვლელობას. კარგადაა გასარკვევი, ვინ არის მკვლელი და რა ურთიერთობა ჰქონდა ციხეში ყოფნისას "ნაციონალებთან" და რას აკეთებდა ციხიდან გამოსვლის შემდეგ, ანუ ვისთან ჰქონდა ურთიერთობები.
მე ძალიან ბევრი რამე ვიცი, მაგრამ ყველაფერს ასე ღიად ვერ ვიტყვი, გამოძიებამ თავად უნდა გაარკვიოს, რა კავშირი არსებობს ბოლო მკვლელობებს შორის. მე უკვე ხმამაღლა ვაცხადებ: მკვლელებმა მიიღეს არევის სიგნალი და არ არის გამორიცხული, პარალელურად აბუნტდეს ქუთაისის ციხე. ჩემი ინფორმაციით, იქ ოთხმა პატიმარმა პირი და თვალები ამოიკერა, თან შიმშილობა დაიწყეს. აქედან ქუჩა, იქიდან - ციხე. ხალხის ნაწილი იძახის, მიშას დრო სჯობდაო.
მე გეუბნებოდი, სააკაშვილმა პედოფილები და მკვლელები შეიწყალა-მეთქი. რატომ არაფერს ამბობს ამაზე დღევანდელი მთავრობა, რატომ არავინ ინტერესდება ამ ფაქტით? აგერ, მოკლეს დიჯეი დაჩი დარჩია, რომელიც ჩემი ახლობელი ადამიანი იყო... აგერ მოკლეს ვაკეში ლაშა მახარაძე და ირკვევა, რომ ეჭვმიტანილი მკვლელობისთვის იყო გასამართლებული. გასარკვევია, ეს ადამიანები ამნისტიის შედეგად გამოსულები არიან თუ მიშა სააკაშვილმა შეიწყალა თავის დროზე?
ნახე, ახლა სწორედ "ნაციონალები" ყვირიან, არიქა, კრიმინალმა იმატაო, ხალხს ქუჩაში ხოცავენო. გაიხსენე, მე გეუბნებოდი, მკვლელები ზარს ელოდებიან-მეთქი. მათ მიიღეს ეს ზარი და საიდან იმართებიან, ამის თქმაც შემიძლია, მაგრამ ჯერ ყველაფერი უნდა დავაზუსტო დეტალურად. მეტიც, "ზონდერბრიგადები" ისევ მოქმედებენ და ჩვენ ვიცით, საიდანაც იმართებოდნენ ისინი. რატომღაც არ გვინდა დაჯერება, მაგრამ ქვეყანაში არეულობა დაწყებულია, დღე არ გავა, ვინმე არ გააგორონ ქუჩაში, მეტი რაღა უნდა გააკეთონ "ნაციონალებმა", მაინც და მაინც სახლებში უნდა შემოგვიცვივდნენ, რომ ხელისუფლება რამეს მიხვდეს? კიდევ ერთხელ ვიმეორებ: სრულდება სააკაშვილის დავალება მის მიერვე შეწყალებული მკვლელების ხელით.
"ნაცმოძრაობამ" პიარის მიმართულებით ძალიან ბევრი იმუშავა. სამწუხაროდ, ამას ვერ ვიტყვით კოალიციაზე. ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტს: საქართველოში ყოველდღიურად კეთდება მედიამონიტორინგი, კეთდება ანალიზი, იკრიბება ინფორმაცია და ეს ყველაფერი ოპერატიულად მიეწოდება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს, ევროკავშირსა და ასე შემდეგ.
რა "ნიუსები" გადის ქვეყნიდან? ის, რაზეც "ნაციონალები" ლაპარაკობენ - საქართველოში მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა, მოიმატა კრიმინალმა, უსამართლოდ დევნიან ყოფილ პრეზიდენტს და ასე შემდეგ. აი, ამას უნდა მიაქციოს ყურადღება ხელისუფლებამ და თავისი საინფორმაციო მანქანაც გაააქტიუროს. კიდევ ერთი საყურადღებო ფაქტი - "ნაციონალები" ასევე ააქტიურებენ ახალგაზრდებს, რომელთა შორისაც ჩემი ყოფილი სტუდენტებიც ამოვიცანი. როდესაც სააკაშვილი 9-წლიანი უბედურების შემდეგ ისევ ახერხებს ახალგაზრდების გადაბირებას, ეს უკვე დამაფიქრებელია." - აცხადებს ლალი მოროშკინა.
ალია